“მინისტრიდან დაწყებული, ყველა იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც განათლების სისტემა კოლაფსამდე მიიყვანა“ - რას აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი - კვირის პალიტრა

“მინისტრიდან დაწყებული, ყველა იმ პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც განათლების სისტემა კოლაფსამდე მიიყვანა“ - რას აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი

დღეს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას აქვს მმართველობითი კრიზისი და ეს მმართველობითი კრიზისი ყველაზე მძაფრად ჩანს სწორედ განათლების სისტემაში,-ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, უნდა დადგეს განათლების მინისტრისა და იმ მაღალჩინოსნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც „განათლების სისტემა კოლაფსამდე მიიყვანეს“.

„თბილისის 284 სკოლიდან სასწავლო წელს საკუთარ შენობაში ვერ იწყებს 38 საჯარო სკოლა. მთლიანობაში, საუბარია 20 000 მოსწავლეზე. ბუნებრივია, როცა მოსწავლეები ვერ ახერხებენ საცხოვრებელ სახლთან ახლოს სკოლებში მისვლას, სახელმწიფო ახორციელებს ამ მოსწავლეების ტრანსპორტირებას, რისთვისაც 2026 წელს უკვე გამოცხადებულია 4 მილიონ 800 000 ლარის ტენდერები. მთლიანობაში კი, ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპორტირებაზე დახარჯული თანხა გადასცდა 50 მილიონ ლარს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ მილიონობით ლარით რამდენი სიკეთე შეიძლებოდა მოეტანათ ამ ბავშვებისთვის, რომლებსაც წაართვეს დრო, წაართვეს შესაძლებლობები და, რაც ყველაზე მთავარია, ის უძვირფასესი წლები, რომელსაც უკან ვერ დაიბრუნებენ. ჩვენ ახლა ვდგავართ ერთ-ერთ ასეთ სკოლასთან. ეს არის მე-14 საჯარო სკოლა ნაძალადევის რაიონში, სადაც უკვე მე-5 წელია, რაც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ამ სკოლის მოსწავლეები დაჰყავთ კილომეტრების მოშორებით, სადაც ისინი სწავლობენ მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით. 5 წლის განმავლობაში ეს მოსწავლეები ვერ დადიან სპორტზე, ვერ დადიან საგანმანათლებლო წრეებზე, ვერ დადიან უცხო ენებზე, მუსიკაზე და ამ შესაძლებლობებს კარგავენ. დღეს მე-14 საჯარო სკოლის ტენდერიც არ არის გამოცხადებული, ანუ მინიმუმ კიდევ 4-5 წელი ამ ტერიტორიაზე არ იქნება სკოლა.

განაგრძეთ კითხვა