რამდენი ქართველი იბრძვის რუსეთის მხარეს და წარმოადგენთ თუ არა სინამდვილეში საფრთხეს ოთარ ფარცხალაძის ბატალიონი "გეორგიევსკი"?! - მამუკა მამულაშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

რამდენი ქართველი იბრძვის რუსეთის მხარეს და წარმოადგენთ თუ არა სინამდვილეში საფრთხეს ოთარ ფარცხალაძის ბატალიონი "გეორგიევსკი"?! - მამუკა მამულაშვილის ანალიზი

"ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან", - აცხადებს საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსულ სახელმწიფო გამოცემა ტასს-თან უკრაინის მხარეს მებრძოლ "ქართულ ლეგიონზე"... "უკვე წლებია, უკრაინაში მებრძოლი ქართველები პუტინის თავსატეხად იქცა. ჩვენი არსებობისა და საქმიანობის გამო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე რუსეთის სპეცსამსახურების მუდმივი ზეწოლაა. ისინიც ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციასა და სხვადასხვა გზით განეიტრალებას. ამ თემაზე ბევრი რამ ჯერ არ მითქვამს, თუმცა დადგება დრო და ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებ", - ასე გამოეხმაურა "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთის მხარდამჭერ ქართველ მოხალი­სეთა ქვედანაყოფ "გეორგიევსკის" ჩამოყალიბების ინიციატივას.

- მოსკოვი ცდილობს საქართველო კიდევ ერთ პოლიტიკურ ავანტიურაში ჩაითრიოს, ისტორიულ მოვლენას თანამედროვე დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა დაუკავშიროს. ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. თუ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვის წარსულს გავითვალისწინებთ, გაჩნდება ეჭვები მის საქმიანობაზე. საგანგაშოა, როდესაც ასეთი პირები ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას ცდილობენ.

ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს დისკრედიტაცია და ქვეყნის პრესტიჟის დაკავშირება ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებთან. ეს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე პირდაპირ აისახება და შესაძლოა სხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური რისკებიც წარმოშვას, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებული საფრთხეები. ამ ინიციატივის მიზანი "ქართული ლეგიონის" საპირწონედ ახალი დანაყოფის შექმნაა. პროპაგანდისტებს სურთ წარმოაჩინონ, თითქოს ქართველები მხოლოდ უკრაინელების კი არა, რუსების მხარესაც იბრძვიან. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა გარკვეულწილად ხელს უწყ­ობს ამგვარი ნარატივების შექმნას. არასასიამოვნო მინიშ­ნე­ბა იყო "გეორგიევსკის ტრაქტატის" თემის გააქტიურება და შემდეგ ფარცხალაძე-რომანოვის მიერ ქვედანაყოფ "გეორგიევსკის" ჩამოყალიბების ცდა...

- თუმცა საქართველოში ოთარ ფარცხალა­ძე­ზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და, ალბათ, შეუძლებელია მისი ქმედება ჩვენი ქვეყნის მმართველ გუნდთან იყოს შეთანხმებული.

- როდესაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ფარცხა­ლაძე-რომანოვი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე მიუთითა, საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი რეაგირება ყოფილ პროკურორზე არ გვინახავს. პირიქით, მოგვიანებით ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება ფარცხალაძის ინტერესებს ემსახურებოდა. ჩემი აზრით, "გეორგიევსკის ტრაქტატის" საკითხის გააქტიურება და ლეგი­ონის შექმნა რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილია და ამაში ჩართულია გარკვე­ულ პირთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აფარებს თავს და საზოგადოებას თითქოსდა პროქართულ პოლიტიკას სთავაზობს, ოჯახურ ღირებულებებსა და პატრიოტიზმზე საუბრობენ, მაგრამ მტრულად განწყობილი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებენ. ხშირად მახსენდება პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის წარმოთქმული სიტყვები, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, ვინც ჩვენ შორის რუსულ საქმეს აკეთებ­დესო... საინტერესოა, დღეს რას ფიქრობს ამ საკითხზე?

- რამდენად შესაძლებელია, რომ ფარცხალაძე-რომანოვმა მართლაც მოახერხოს ჯგუფის შეკრება და რა ბედი ელის ასეთ ქვედანაყოფს ფრონტის ხაზზე გამოჩენის შემთხვევაში?

- ფარცხალაძის სამხედრო გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე საუბარიც კი ზედმეტია. მეეჭვება, მისმა შექმნილმა სამხედრო ფორმირებამ რეალური სამხედრო მნიშვნელობა შეიძინოს. არა მგონია, ფარცხალაძე თავისი მილიონებით ოდესმე ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდეს და პირადად ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. სამხედრო ფორმისფრად შეღებილ ყუთებ­თან ჯდომა და სამხედრო თემებზე საუბარი არ ნიშნავს სამხედრო საქმის ცოდნას. სად ოთარ ფარცხალაძე და სად სამხედრო საქმე? უფრო სწორად, მან ძალიან კარგად მოირგო გვარი რომანოვი. ეგ და მამუკა ფიფია ეთნიკური რუსები არიან და მათი ერთ-ერთი მიზანი საქართველოსა და "ქართული ლეგიონის" დისკრედიტაციაა.

- რამდენი ეთნიკური ქართველია რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში და როგორია თქვენი რეაქცია, როდესაც თანამემამულეს ხედავთ მტრის მხარეს?

- სიმართლე გითხრათ, ფრონტის ხაზ­ზე ქართველებს არ ვხვდებით. ქართული გვარის მქონენი, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძვიან, ძირითადად იმ ქართველების შთამომავლები არიან, რომლებიც წლების წინ რუსეთში დარჩნენ. მათი შვილები და შვილიშვილები უკვე იქ გაიზარდნენ, რუსულ გარემოში ჩამოყალიბდნენ და ქართველობასთან კავშირი აღარ აქვთ. რომ გითხრათ, ასეთი ადამიანები ბევრნი არიან, ასე არ არის. 12 წლის განმავლობაში გვარით ქართველი მხოლოდ სამი-ოთხი კაცი შემხვედრია რუსეთის მხარეს. თუ ამ რაოდენობას შევადარებთ "ქართული ლეგიონის" რიგებში მყოფ დაახლოებით 2 000 ქართველს, განსხვავება ნათელია. ამასთან, "ქართული ლეგიონის" წევრები უკრაინაში იდეოლოგიური და ღირებულებითი არჩევანის საფუძველზე ჩამოვიდნენ. რაც შეეხება რუსეთის მხარეს მყოფ გვარით ქართველებს, ისინი ძირითადად გამოუვალი მდგომარეობის გამო არიან ომში. რუსეთი ნებისმიერ ასეთ რესურსს გამოიყენებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

წაიკითხე ვრცლად