მართლა მოხდა თუ არა საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში 532 მკვლელობა?! - შს მინისტრის მოადგილის განცხადება - კვირის პალიტრა

მართლა მოხდა თუ არა საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში 532 მკვლელობა?! - შს მინისტრის მოადგილის განცხადება

კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განზრახ შეიყვანა საზოგადოება შეცდომაში - საქმე გვაქვს მცდელობასთან, რომ საზოგადოებას შეუქმნან განცდა, თითქოს ქვეყანაში არის უკონტროლო მდგომარეობა, ადამიანის უსაფრთხოება არ არის დაცული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც დანაშაულებრივ სტატისტიკასთან დაკავშირებით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ვიკა ფილფანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, განზრახ მკვლელობისა და დაჭრის შემთხვევებთან დაკავშირებით, ვიკა ფილფანის მიერ გაჟღერებული ციფრები მანიპულაციური იყო.

დარახველიძე ამბობს, რომ „საქმე მარტივ სიცრუესთან გვაქვს“ და „ეს ტყუილები მარტივად გადამოწმებადია“.

„საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა. სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი.

ასევე, მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 1804 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1804-ში 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ანუ, აქაც მარტივი სიცრუეა. ჯამში, დაჭრის 85 ფაქტი მოხდა. ასეთი დანაშაულის ფაქტობრივად, 90%-მდე გახსნილია,“ - აღნიშნა დარახველიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა