მარია ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება - "ჩამოდით, გაესაუბრეთ ჩვენს მოქალაქეებს. შედით ჩვენს თეატრებში, მუზეუმებში და სხვათა შორის, რესტორნებშიც"
დასავლური პროპაგანდა არასდროს იტყვის, თუ როგორ „აქეზებდნენ“ დასავლური გრანტებით პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში არა ქართულს, არამედ დასავლურ პოლიტიკას ატარებდნენ და როგორ „აქეზებდნენ“ რუსოფობიური მოტივებით. ჩამოდით რუსეთში და კითხვებზე პასუხები თავად მოძებნეთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ საქართველოსთან „სავიზო კედლები“ საბოლოოდ დაემხო და ავიამიმოსვლა აღდგა.
„ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობას ქმნის, რომ პასუხი მოძებნონ კითხვაზე: „მაინც როგორია და რას წარმოადენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები?“ როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებრივი“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში ჩავიდნენ და „სიმართლე“ თავად იხილონ.
„როგორც ამბობენ, სიმართლე ფასდაუდებელია. ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ სიმართლის ამ ნაწილის შეფასება ნამდვილად შეიძლება. იცით, რა ღირს ის? ის საქართველოდან რუსეთში ბილეთის ფასი ღირს. ჩამოდით და თავად ნახეთ. გაესაუბრეთ ჩვენს მოქალაქეებს. შედით ჩვენს თეატრებში, მუზეუმებში და სხვათა შორის, რესტორნებშიც. შეგიძლიათ შეადაროთ კიდეც: სად უფრო გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილისში“, - აღნიშნა ზახაროვამ.
"ინტერპრესნიუსი"