მეფუტკრე დავითაშვილების "ტკბილი სამუშაო“ - კვირის პალიტრა

მეფუტკრე დავითაშვილების "ტკბილი სამუშაო“

მეფუტკრეობას, ისტორიულად და ტრადიციულად, საქართველოს ყველა კუთხეში ბევრი მიმდევარი ჰყავს. არიან მეფუტკრე ოჯახები, რომლებიც შთამომავლობით მიჰყვებიან ამ საქმიანობას და ჩვენც არაერთი მეფუტკრის ისტორია გამოგვიქვეყნებია... აქაც, ისევე როგორც სხვა პროფესიებში, მთავარია კეთილსინდისიერება, ნდობის მოპოვება და საქმის უპირობო სიყვარული. ამჯერადაც მეფუტკრე ოჯახზე გიამბობთ.

ახმეტის რაიონის მაღალმთიან სოფელ ვეძებში, ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დავითაშვილების ოჯახი უკვე 30 წელია მეფუტკრეობას მისდევს. ნონა საბანაშვილი ამ საქმეში მეუღლეს, აკაკი დავითაშვილს, 19 წლის წინ შეუერთდა. დღეს მათ საფუტკრეში 150-მდე სკაა. ამ შრომატევად, მაგრამ კეთილშობილურ საქმიანობაში დედ-მამას ოთხი შვილიც ეხმარება.

- გვარიანი სტაჟი დაგიგროვებიათ... რას ნიშნავს თქვენთვის, როცა მეფუტკრე ხარ და ისეთ კეთილშობილ პროდუქტს აწარმოებ, როგორიც თაფლია? არ ვგულისხმობ იმას, რომ ეს ოჯახის შემოსავლის წყაროც არის.

- ფუტკარი - ეს არის დიდი ოჯახი და მთელი ფილოსოფია. მათი ცხოვრება, განვითარება, მოქმედება, შემდეგ მათზე ჩვენი დაკვირვება... ფუტკარს ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს და ამით ტკბება მეფუტკრეც. ფუტკრისგან ბევრი მაგალითის აღება შეიძლება. დიდი ოჯახური ტრადიციები და წესები აქვთ.

ერთი დედა ფუტკარი, მამალი ფუტკრები, ძიძა ფუტკრები და მშრომელი ფუტკრები ჰყავთ. ძიძა ფუტკარი ბარტყს კვებავს. როცა დედა ფუტკარი კვერცხს დადებს და გამოიჩეკება, მას გამოკვება სჭირდება. ძიძა ფუტკარს შემოაქვს ყვავილის მტვერი, ჭეო და კვებავს კვერცხს უჯრედში, სანამ გამოიჩეკება.

- მამალი ფუტკარი რას აკეთებს?

- მამალი ფუტკარი არ მუშაობს, მისი ფუნქციაა დედის განაყოფიერება. საფუტკრეში "ქალი" ფუტკრები შრომობენ... მართლაც საოცარი სამყარო აქვთ.

- მომთაბარეობას ეწევით, მთაში ადიხართ თუ თქვენივე ეზოში გაქვთ სკები?

- აქ სოფელში, ჩვენს ეზოში გვიდგას სკები, 150-მდეა. მათ მხოლოდ ჩვენ ვუვლით. ცოტას ბავშვებიც გვეხმარებიან. ოთხი შვილი გვყავს: უფროსმა სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა, დანარჩენები მეათე, მეცხრე და მესამე კლასში არიან.

- როდის იწყება შრომა და მოვლა ზამთრის შემდეგ?

- თებერვლის ბოლოდან ან მარტიდან, ამინდების მიხედვით. პირველ რიგში აუცილებელია ფუტკრის შეწამვლა ტკიპის საწინააღმდეგო საშუალებებით, რადგან ტკიპა ფუტკრის ერთ-ერთი მთავარი მტერია და შეიძლება მთელი ოჯახი გაანადგუროს. თვეში ხუთჯერ მაინც უნდა შეიწამლოს.

მერე ველოდებით მაისსა და კარგ ამინდებს. ძლიერ ოჯახებს ვადგამთ საკუჭნაოებს - "კორპუსებს", ჩარჩოებს, სადაც ფუტკარმა თაფლი უნდა მოაგროვოს, როცა ღალა წამოვა და მინდვრები აყვავდება.

- რა თაფლი გაქვთ, რომელი მცენარის?

- ალპური, მინდვრის ყვავილების თაფლია. წაბლის გარდა, ყველა ყვავილის ნექტარი შემოაქვთ.

- მაისის თაფლს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას და თქვენ როდის იღებთ პირველ მოსავალს?

- ჩვენთან, მთიან რელიეფზე, მაისში ხშირად წვიმაა და ამინდი ხელს არ გვიწყობს. მაისის თაფლი 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მაქვს დაწურულიო, ამბობს ჩემი მეუღლე. ჩვენ ივნისის ბოლოს, ივლისში ან აგვისტოში ვწურავთ - წელიწადში ერთხელ. დაახლოებით 600-700 კილოგრამამდე თაფლი გამოდის. ისე, სხვაგან მაისში რა მცენარეებიც ყვავის, იმისგან არის მაისის თაფლი. მის მოსავალს მაშინვე იღებენ, ჩვენი მომხმარებელი კი სულ ითხოვს, მაისის გვინდაო, მაგრამ არ გამოდის, ამინდი ხელს არ გვიწყობს.

- რა ღირს თქვენი თაფლი და სად ყიდით?

- კილოგრამი 27 ლარი ღირს. აქვე ყიდულობენ, სოციალური ქსელის საშუალებითაც­ გვპოულობენ და თბილისშიც ჩამაქვს თვეში ერთხელ ისნის მეტროსთან. ჩვენი თაფლი საბერძნეთში, იტალიაშიც მიაქვთ ხოლმე. კლიენტებისგან ხშირად მომისმენია, ბავშვობის გემო გაგვახსენდა, პაპებთან რომ მივდიოდით და თაფლს გვაჭმევდნენო. ქალაქელმა კლიენტებმა უკვე გამიცნეს, პოსტი დავდე, ვიდეო ნახეს, მოვიდნენ, გასინჯეს, გვენდნენ და ბევრ მომხმარებელთან დავმეგობრდით კიდეც. თაფლი გაუყიდავი არ გვრჩება. ახმეტაშიც გვეყიდება და თბილისშიც.

b3f836aa-f047-48ff-a6a7-ac576ee66592-1789576094.jpg

გარდა თაფლისა, ვამზადებთ ჭეოს, ყვავილის მტვერს, ფუტკრის რძეს, სანთელსა და დინდგელს.

ამ საქმით ვინც აპირებს დაინტერესდეს, ყველამ უნდა იცოდეს - მთავარია, ადამიანი არ იყოს ალერგიული ფუტკრის ნაკბენზე. ისე კი, ფუტკართან მუშაობას დიდი სულიერი სიმშვიდე და სიამოვნება მოაქვს. ამას "ღვთის სამსახურსაც" ეძახიან: "კაცს თაფლს აძლევს, ღმერთს - სანთელს". თუმცა შრომა საკმაოდ მძიმეა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომ ყველაფერი დროულად გააკეთო. ყველას ვურჩევ, ფუტკრის მოშენებას მიჰყონ ხელი, რადგან დიდი სულიერი სიმშვიდე მოაქვს.

- ალერგია ახსენეთ და, ფუტკრები ხშირად გკბენენ?

- დამცავებით კი ვართ, მაგრამ მაინც გვკბენენ ხოლმე. ფუტკართან რომ შედიხარ, "მოძრაობის წესები" უნდა იცოდე: სკას წინ არ უნდა დაუდგე, ხელები არ უნდა აიქნიო, ამით მათ იწვევ, რომ გიკბინონ. ხუმრობით რომ ვთქვათ, შინაური და გარეული არ იციან... დაფარული ვართ, მაგრამ მაინც ატანს. როცა მუშაობ, ხანგრძლივად ხარ მათ სიახლოვეს, მაინც გიკბენს. ალერგიული ადამიანი მეფუტკრე ვერ გახდება. ფუტკართან არ უნდა შეხვიდე უღალობის პერიოდში - როცა თაფლს, ნექტარს ვერ მოიპოვებს, მაშინ გაღიზიანებული და გაბრაზებულია. სწორედ მაშინ იკბინება.

cc7555d7-28de-4689-ace5-a6465c9cbc74-1789576094.jpg

- ახლა, სექტემბერში, რა ეტაპია?

- დაზამთრების პერიოდი იწყება. თაფლს რომ დავწურავთ, კორპუსებს მოვხსნით, შევინახავთ, ფუტკარს ისევ შევწამლავთ ტკიპაზე, დავათბუნებთ და გაზაფხულამდე, დაახლოებით 5-6 თვეს, იზამთრებენ. მერე კი ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი... საპასუხისმგებლო საქმე იმიტომაცაა, რომ სულ ფრთხილად უნდა იყო, მუშაობაში რამე არ გაგეპაროს - ყველა ციკლი დროულად უნდა ჩაატარო. ტკიპაზე შეწამვლა იქნება თუ სხვა რამ, საფუტკრეში არაფერი არ უნდა დაზიანდეს, რომ ნაწვალები მოსავალი ნორმალურად, თავის დროზე აიღო. ახლა საზამთროდ მოემზადებიან და ექვს თვეს იქნებიან თავისთვის. მერე მომდევნო ექვს თვეს იფუთფუთებენ.

- თქვენს სოფელზე რას გვეტყვით?

- ჩვენი სოფელი, როგორც ვთქვით, მთიანი რეგიონია. ახმეტიდან 14 კილომეტრშია, თიანეთიდანაც ასე, 14-15 კილომეტრი იქნება... კვეტერას ციხე-ქალაქთან ახლოს ვართ, 3-4 კილომეტრში. ულამაზეს ბუნებაში ვცხოვრობთ. ადრე, კომუნისტების დროს, აქ 38 კომლი იყო, მეურნეობა არსებობდა. მერე ნელ-ნელა დაიცალა და ახლა სამი კომლიღა დავრჩით. თუმცა ნელ-ნელა ხალხი უბრუნდება მამაპაპისეულ ნასახლარებს. შარშან ბეტონის გზაც დაგვიგეს.

- მეფუტკრეობის გარდა, ალბათ, მესაქონლეობაც იყო სოფელში?

- დიახ, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევდნენ. ყურძენი აქ არ მოდის - მაღლობია და უჭირს. სამაგიეროდ, მოდის კარტოფილი და ბოსტნეული, ხეხილიდან ვაშლი, მსხალი, კომში, ტყემალი... მოგვყავს აგრეთვე ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, კიტრი, პამიდორი, ჭარხალი, თამბაქო.

- ქალაქში გადასვლაზე არასდროს გიფიქრიათ?

- არა, ჩვენ ძალიან გვიყვარს სოფელი. ჩემი მეუღლე პატრიოტი ადამიანია და თავისი მამა-პაპის მიწასა და სახლ-კარს არ მიატოვებს.