არხოტისხეობელი მწყემსი სოფელ ახიელიდან - კვირის პალიტრა

არხოტისხეობელი მწყემსი სოფელ ახიელიდან

"გიორგი ნაროზაული, არხოტისხეობელი მწყემსი სოფელ ახიელიდან", - ასე გაგვეცნო ჩვენი რესპონდენტი; კაცი, რომელმაც ბარში ცხოვრებას მთაში მკაცრ პირობებში ცხოვრება არჩია. დიდი საქმის წამოწყება დაისახა მიზნად, არ გაჩერდა და არ შეუშინდა გამოწვევებს, რომლებიც არცთუ ცოტა შეხვდა. კარგი ის არის, რომ როგორც ამბობს, ოცნება აიხდინა და თავდადებული შრომის შედეგიც მიიღო.

გიორგი ნაროზაული:

- ხანგრძლივად მომიწია გერმანიასა და საბერძნეთში ცხოვრებამ, ხან იქით ვიყავი, ხან აქეთ. გერმანიიდან რომ ჩამოვედი, საქონელი ვიყიდე და აქეთ წამოვედი. მერე ზამთრის გატარებამაც აქ მომიწია. ახლა საქონლით ვმომთაბარეობ. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე აქა ვარ და მერე სოფელ გამარჯვებაში მივდივარ. შვილების სკოლისა და განათლების გამო მაინც მიწევს ბარში ჩასვლა.

screenshot-2026-09-16-203628-1789576652.png

- სოფელი, სადაც ახლა ხართ, მამაპაპეულია?

- კი, სოფელი ახიელი არხოტის ხეობაშია, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. მთლიანობაში ხევსურეთად მოიხსენიება, მაგრამ არხოტი ცოტა განსხვავებულია - პირიქითა ხევსურეთს ეკუთვნის. ჩვენ მაინც სხვა ხალხი ვართ, რადგან სხვა მხარეა. აი, რაჭველები რომ ამბობენ, რაჭველები კი არა, ღებელები ვართო, ეგეთი ამბავია. ბოლო აღრიცხვით ბარში გადასახლებამდე აქ 120 კომლი ცხოვრობდა. ჩვენები თითქმის სულ აქ იყვნენ. მხოლოდ ერთხანს მოუწია ჩემს პაპას ბარისახოში ყოფნამ - მასწავლებლად იყო. მერე ყაზბეგშიც წავიდა მასწავლებლად. თუმცა ძირითადად აქედან არ წასულა.

იმის გამო, რომ მამაჩემი და ბიძაჩემები წავიდნენ ამ სოფლიდან, აქაურობისგან ჩვენი ოჯახი ცოტა შორს იყო. მე ბოლოს მაინც არხოტში წამოსვლა მოვინდომე.

screenshot-2026-09-16-203605-1789576652.png

- გქონდათ სახლი?

- ჩემი სახლი არ მქონია, მამიდასთან ვცხოვრობდი. სახლი ბიძაჩემებსაც აქვთ - გარშემო ორი ბიძა, ბიძაშვილი და მამიდა ცხოვრობენ. ერთ წელიწადს ასე მომიწია ყოფნამ. ეზოში "ჟეშტით" პატარა ქოხივით გავაკეთეთ მწყემსურად და იქ ვიყავით. მერე გაჩნდა იდეა, ტურიზმის კუთხით გავაქტიურებულიყავით. "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში პროექტი დავწერეთ, დაგვაფინანსეს და ავაშენეთ სახლი და კოტეჯები. ეს უკვე შემოსავლის წყაროც არის და თან ჩვენც ვცხოვრობთ.

ახლა აქ დაახლოებით ექვსი კომლია. გაზაფხულზე, აღდგომის პერიოდში, ხნიერი კაცი გარდაიცვალა - შიო ოჩიაური, რომელიც ზამთარშიც აქ ცხოვრობდა და სალოცავში ხუცობდა... არიან დაცული ტერიტორიების რეინჯერებიც - ყოველთვე ერთმანეთს ეცვლებიან და ორი-სამი კაცი სულ არის. რაც შეეხება გზას, მთელ ხევსურეთში საუკეთესო გზაა! ყველანაირი მანქანა ამოდის.

98e457a5-ecc2-49e3-82bd-ae03c7a3e6dc-2-1789576632.jpg

- რამ ითამაშა როლი გადაწყვეტილებაში, რომ ბარში ყოფნას ასეთ მკაცრ ბუნებაში ცხოვრება, ფიზიკური შრომა და საქონლის მოვლა არჩიეთ?

- გენეტიკა თავისას შვრება - საქონელი ოჯახში ყოველთვის გვყავდა. არხოტთანაც ბავშვობიდან დიდი კავშირი მქონდა, ზაფხულობით აქ ვისვენებდით. მამაჩემს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახური ბარში ჰქონდა, ზაფხულობით მაინც ამოვყავდით.

საბერძნეთიდან რომ ჩამოვედი, ვცდილობდი მესაქონლეობა ამეწყო, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა. მერე ფინანსური მდგომარეობის გამო გერმანიაში მომიწია წასვლამ. იქ საქართველო ხომ მენატრებოდა და ამას დაერთო არხოტის მონატრებაც - ეს სიყვარული უფრო გამძაფრდა. მოკლედ, იქიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. გერმანიიდან ჩამოსულს რაღაც კაპიკები გადადებული მქონდა, იმით საქონელი ვიყიდე და იმ ზამთარსვე აქ წამოვედი. თანაც ისე, რომ ეს საქმე საფუძვლიანად არ ვიცოდი.

- რამდენი სული საქონელი შეიძინეთ?

- თავიდან 17 სული ვიყიდე - სულ 20.000 ლარამდე მქონდა. მიზნად რომ მქონდა დასახული აქ წამოსვლა და ამ საქმის მიხედვა, იმ 17 სულით დავიწყე, მერე 50-მდეც ავედი. შემდეგ მიზეზთა გამო რამდენიმე გამომაკლდა.

- ამდენ საქონელს მარტო როგორ უვლით?

- საზღვარგარეთიდან დაბრუნებულებისთვის იყო საგრანტო პროგრამა. ჩემმა მეუღლე იამ, სანამ არხოტში ვიყავი, განაცხადი შეავსო. დაგვიფინანსეს საწველი აპარატი. არადა, პირველ წელიწადს ხელით ვწველიდი - არც წველა ვიცოდი, არც ყველის ამოყვანა. ახლა აპარატი ძალიან მეხმარება.

- ამდენ რძესა და ყველს როგორ ყიდით, როცა სოფელში ბევრი ხალხი არ არის?

- ყველს გუდებში ვაკეთებთ, გროვდება, ლაგდება გუდებში და ძველდება. ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩაგვაქვს ბარში და იქ რეალიზაციის პრობლემა აღარაა. ორივე მიმართულება მაქვს, მერძეულიც და მეხორცულიც. ჯიშიც ასეთია - ადგილობრივი შვიცები. ხორცისთვის რომელსაც ვიყენებთ, მას ერთ-ორ წლამდე ვზრდით და ვკლავთ, ხოლო საუკეთესო მეწველ ძროხებს ვწველით და ვამრავლებთ.

- როგორია ფერმერის, მწყემსის ერთი დღე არხოტში?

- დილით 5 საათზე ვდგები, ვწველი ძროხებს და გავუშვებ მინდორში. მწყემსვა და დევნა არ სჭირდება, თუმცა თვალყურს ვადევნებ, რომ ნადირი არ დაესხას, ან სადმე არ გადავარდეს. მერე სახლისა და სტუმრისთვის 5-10 სული ცხვარიც მყავს, იმას გავუშვებ და ყველის ამოყვანას ვიწყებ. ამას ემატება ოჯახის საქმეები, მშენებლობა, შეშის მომზადება, სტუმრების მიღება... საღამოს ისევ მოვა საქონელი, მოიწველება. საღამოს რძეს ვინახავთ და დილით ამოგვყავს ყველი.

- ბარში როდის ჩადიხართ?

- შარშან, მაგალითად, ოქტომბრის ბოლოს წამოვედით, მაგრამ უღელტეხილზე თოვლმა ჩაგვკეტა და ტრაქტორებმა გაგვიწმინდეს გზა. მთაში ამინდი უცებ იცვლება... როცა საქონელი მომყავს, 33 კილომეტრი მიწევს ფეხით სიარული საქონელთან, ცხენებსა და ძაღლებთან ერთად. ადრე ყველიც ასე გადაჰქონდათ, მაგრამ ახლა სამანქანო გზა გვაქვს და პროდუქტი მანქანებით ჩაგვაქვს, საქონელს კი ფეხით მივრეკავთ. გადავდივართ სოფელ როშკაში, იქ ერთ დღეს ვასვენებთ, მეორე დღეს ჩავდივართ ბარისახო-კორშაში და იქიდან ტრაილერებით სოფელ გამარჯვებაში მიგვყავს.

- კოტეჯებიც ააშენეთ, სტუმრებსაც იღებთ.

- სტუმრებს ვთავაზობთ ღამის გასათევსა და ჩვენს ბიოპროდუქტებს: ხორცს, ყველს, ხინკალს, ხაჭაპურს, ხორციან ხაჭაპურს (კეცეული). ჩამოდიან შვეიცარიიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამჟამად ორი კოტეჯი მაქვს (რვა კაცი ეტევა), კაფე-რესტორნის სივრცეში კი 30-40 კაცის მიღება შეგვიძლია.

- რა გამოცდილება დაგიგროვდათ ამ წლებში, რა შეგმატათ ამ საქმემ?

- მეტი დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა და საქმის სიყვარული. თავიდან ძნელი იყო - ის 17 სული ბარში მყავდა ნაყიდი, აქაურობას შეუჩვეველი იყვნენ და ოთხი სული დავკარგე. ამას ცოტა ნერვიულობა მოჰყვა, მაგრამ არ დავნებდი. დღეს იმ საქონლის წყალობით შეიქმნა ეს ყველაფერი. ჩემი ოცნება იყო საკუთარი სახლი მქონოდა და ეს ოცნება 38 წლის ასაკში ავიხდინე.

- მეუღლეზე გვითხარით ორიოდე სიტყვა.

- მეუღლე, ია არევაძე, გვერდით მიდგას. ვხუმრობ ხოლმე, ია დირექტორია, მე - მწყემსი-მეთქი. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს... ბარში ჩასვლისას ყველაზე დამღლელი პერიოდი იწყება, რადგან იქ საქონელს ასე თავისუფლად ვერ გაუშვებ - მწყემსვა სჭირდება. დილის 5 საათზე ვდგები, წველას, ბოსლის დასუფთავებას ორი საათი მიაქვს, მერე მინდორში წვიმასა თუ ქარში საქონელთან ერთად ვარ. ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე გამარჯვებაში ვართ. ნელ-ნელა მინდა ისეთი პირობები შევქმნა, რომ ზამთარშიც აქეთ, არხოტში ვიყო.

- და გეგმაც, ალბათ, ეგ არის?

- გეგმა საქონლის გაზრდა და მეურნეობის გაფართოებაა. რაც მეტი საქონელია, მით უფრო მყარად ხარ და შემოსავალიც მეტია. შრომა არ მეზარება.