“კოღუაშვილი, იმერელი ხარ? - ჰო! - კლდიაშვილი გიყვარს?“ - დაუვიწყარი შეხვედრა ოთარ იოსელიანთან , ლიტერატურული გემოვნება და ფილმის “გურია“ გადაღების ისტორია
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი, ტრაგიკომედია „გურია“ 9 სექტემბერს წარდგა მაყურებლის წინაშე Venice Spotlight სექციაში. ფილმის სიუჟეტი 90-იანი წლების გურიაში ვითარდება, სადაც გაჭირვების პარალელურად მთავარი და გადამწყვეტია ადამიანური სითბო და იუმორი. რეჟისორთან საუბარი, რა თქმა უნდა, კინოფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერით დავიწყე - ვთხოვე, ემოციები გაეზიარებინა.

ფოტო: ვენეციის კინოფესტივალზე
- თავიდან ვნერვიულობდით, არ ვიცოდით, როგორ მიიღებდა ფილმს მაყურებელი. თან ვემზადებოდით, საორგანიზაციო საქმეები იყო მოსაგვარებელი. პრინციპში, ხანდახან ნერვიულობის დროც არ გვქონდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩვენებას ესწრებოდნენ პროდიუსერები, გაყიდვების აგენტები, კრიტიკოსები, უამრავი სტუმარი. ფილმი კარგად მიიღო მაყურებელმა, საინტერესო და ლამაზი საღამო იყო..
- ფილმი საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთისა და საუდის არაბეთის ერთობლივი ნამუშევარია. პრინციპი რა იყო, რაც მეტი ქვეყანაა, მით უკეთესი?
- ჩვენ შემთხვევაში ეს თანხის გამო მოხდა, დაფინანსების შოვნა გაძნელდა. თითოეული ქვეყანა ბევრ თანხას არ იძლევა, ამიტომ იძულებული ვიყავით სხვადასხვა ფონდში შეგვეტანა განაცხადები და ყველგან დაგვაფინანსეს.

ფოტო: ფილმის აფიშა
- ამ ფილმის იდეა გიორგი კეკელიძის „გურული დღიურების“ წაკითხვისას დაგებადათ და რომელიმე ერთი ამბავი ხომ არ გახდა გადამწყვეტი?
- არა, უფრო სამყარო მომეწონა, ის კუთხე, განწყობა, სევდანარევი იუმორი. დავინახე, რომ ასეთი სამყაროს შექმნა ფილმში შეიძლებოდა. რადგან წიგნში მხოლოდ ცალკეული ამბებია და არ არის სიუჟეტი, გიორგის დავუკავშირდი და ვკითხე, რამე ისტორია ხომ არ ჰქონდა ისეთი, რომლისგანაც სცენარის გაკეთება შეიძლებოდა. გიორგიმ შემომთავაზა, წავსულიყავით გურიაში. წავედით… მერე დავრჩი იქ, ვხვდებოდი ხალხს და შეგროვილი ამბებიდან ბორის ფრუმინთან ერთად დავწერეთ სცენარი, რომელიც არის ჩემი მუდმივი თანაავტორი.
- როდის გაიცანით ფრუმინი?
-ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩემი პედაგოგი იყო (ცნობილი კინოდრამატურგი, რეჟისორი, პროფესორი -ავტ.). შემდეგ ჩვენ ერთად გავაგრძელეთ მუშაობა და ყველა ფილმისთვის (დაწყებული „ქუჩის დღეებიდან“) სცენარებს ერთობლივად ვაკეთებდით. „გურიას“ სცენარის საბოლოო ვერსია ჩემი და გიორგი კეკელიძის მონაწილეობით დაიწერა, მაგრამ ავტორი არის ბორის ფრუმინი.
- ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საკმაოდ რთული კონკურსი ტარდება. რატომ გადაწყვიტეთ იქ ჩაბარება? რეკომენდაცია გაგიწიათ ვინმემ?
-პირველ რიგში იმიტომ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი ტრადიციების კინოსკოლაა და გამოჩნდა რაღაც შესაძლებლობა, რომ წავსულიყავი. ცხადია, დიდი კონკურსი იყო, 900 კაციდან ჯგუფში 36 აგვიყვანეს. თან სწავლაც არ იყო ძალიან ძვირი, გამიმართლა და პირველი წლის დაფინანსება ჩემი ძმის დახმარებით მოვიპოვე, მერე უკვე სტიპენდია მომცეს და თანხას აღარ ვიხდიდი.
- ფილმში „გურია“ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ბევრია არაპროფესიონალიც. მსახიობებზე რას იტყვით?
- საერთოდ ვცდილობ ავარჩიო ისეთი მსახიობები, რომლებიც როგორც ადამიანებიც, ჩემთან ახლოს არიან. ამ ჯგუფში ყველა მსახიობი იყო თავისებურად საინტერესო და არაჩვეულებრივი - პროფესიონალებიც და სხვებიც. ისინი გახდნენ ჩემი ახლო მეგობრები. მთავარი როლების შემსრულებლები, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები - კახაბერ ჭოლაძე და ვამეხ ჯანგიძე ჩემთვის აღმოჩენაა. ფილმში ბევრი ეპიზოდური როლია და ნაღდი გურული ფაქტურა რომ ყოფილიყო, ადგილობრივი ხალხი გადავიღეთ, ძალიან ნიჭიერები და უშუალოები არიან, არ ჰქონდათ კამერის კომპლექსი. ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას და მეგობრობას.

ფოტო: კადრი ფილმიდან
- ძველი თაობის მსახიობებიდან ფილმში ვის გადაიღებდით?
- სესილიას, არც დავფქირდებოდი… სოფიკო ჭიაურელს, რომელიც თავისი გულწრფელობით, სიღრმით, უშუალობით შეუდარებელია.
- კიდევ როდის გამხდარა წიგნი თქვენი იდეის ინსპირაციის წყარო?
- ბევრჯერ არა, მაგრამ მქონია შემთხვევა. მაგალითად, დოკუმენტური პროზა წავიკითხე აფხაზეთის ომზე, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ცოტაა ისეთი ნაწარმოები, რომლის კინოენაზე გადატანასაც ვიფიქრებდი.
- რომელია თქვენი საყვარელი ეკრანიზაცია?
- გამიჭირდება თქმა... ბევრი ფილმი მიყვარს, რომლის პირველწყარო არ არის საინტერესო ლიტერატურა, უბრალოდ ფილმია კარგი. როგორც წესი, საინტერესო ნაწარმოების ეკრანიზაცია, კარგი გამოდის ძალიან იშვიათად.
- ოთარ იოსელიანთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ…
- გერმანიაში შევხვდი ბატონ ოთარს, ღამის სამი საათი იყო. -რა გვარი ხარ? - კოღუაშვილი, იმერელი ხარ? -ჰო. - კლდიაშვილი გიყვარს? კი, ვუთხარი და ჩამიტარა ნახევარსაათიანი გამოცდა დავით კლდიაშვილზე, შუა ქუჩაში, გერმანიაში. გამოცდა ჩავაბარე. მერე ვუთხარი, ფილმი „ქუჩის დღეები“ მაქვს ჩამოტანილი ფესტივალზე-მეთქი. კარგი, ხვალ მოვალ ფილმის სანახავადო. ასე რომ, კლდიაშვილმა გამიხსნა გზა, თორემ ბატონი ოთარი არ მოვიდოდა ფილმის სანახავად.
- თქვენი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდი ფილმში გადაგიტანიათ?
- ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მქონია. კინო ამ დროს ხდება ძალიან ინტიმური და ვთვლი, რომ ეს კარგია. ვთქვათ, გქონდა შეხვედრა, სადაც რაღაც დეტალი დაგამახსოვრდა, რომელმაც შენში ემოცია გამოიწვია და ეს გადაიტანე ეკრანზე - სცენა განსაკუთრებულად ემოციური გამოდის და ამას ყოველთვის გრძნობს მაყურებელი.

ფოტო: გადამღებ ჯგუფთან ერთად
- ფილმიდან კონკრეტულ ეპიზოდს დამისახელებთ?
- ეს დარჩეს ჩემს საიდუმლოდ.
-„გურიას“ პრემიერა შედგა და ახლა...
- ახლა აქვს აქტიური მოგზაურობის პერიოდი, „გურია“ ბევრ ფესტივალზეა მიწვეული. მომიწევს სიარული ფილმთან ერთად. შუალედებში უნდა შევძლო მუშაობა, მონტაჟი, წერა, ტელევიზიაში გადაცემას ვაკეთებ კინოზე...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)