“პოლიტიკური მიწისძვრის“ დაწყების ნიშნებს ვხედავ, ოქტომბერშიც და ნოემბერშიც იქნება დიდი, ფართომასშტაბიანი, მწვავე, ხისტი პროტესტი“ - გიგა ლემონჯავა - კვირის პალიტრა

“პოლიტიკური მიწისძვრის“ დაწყების ნიშნებს ვხედავ, ოქტომბერშიც და ნოემბერშიც იქნება დიდი, ფართომასშტაბიანი, მწვავე, ხისტი პროტესტი“ - გიგა ლემონჯავა

მინდა მოვუწოდო ივანიშვილს, აბა, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, თუ მაგის შნო აქვს! ბიძინამ იცის, რომ ამით ჩვენთვის არაფერი პრინციპულად არ იცვლება, მისთვის კი ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვლება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვა არის ერთი რეგისტრით მაღალი ავტორიტარული განაცხადი

„ქართულ ოცნებას“ ამით ორი ტიპის პრობლემა ექნება, პირველი არის საერთაშორისო სანქციები პირადად ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მისი კრიმინალური ბანდის წინააღმდეგ. პარტიების აკრძალვა არის ერთი რეგისტრით მაღალი ავტორიტარული განაცხადი და მან ეს იცის კარგად. მეორე - ეშინია იმის, რომ პარტიების მიმართ, რომლებსაც აკრძალავს, საზოგადოებაში აუცილებლად გაიზრდება სოლიდარობა. [რაც შეეხება იმას, არჩევნების წინ ხომ არ ასუფთავებს „ოცნება“ პოლიტიკური ოპოზიციისგან ველს], არჩევნები არ არის. 2028 წელს რომ იგივე წესით არჩევნები ჩაატაროს, ეს არჩევნები იქნება? რაც შეეხება უშუალოდ კონსტიტუციურ სარჩელს პარტიების აკრძალვის შესახებ, ამ სარჩელის განხილვას 9 თვიანი ვადა აქვს, ერთხელ ამოიწურა ვადა და გადაწყვეტილება ვერ დაწერეს. მერე სპეციალურად დაამატეს სხვა პოლიტიკური პარტიები, რომ კიდევ გაეწელათ ეს 9 თვე, რომლის ვადაც იანვარში გადიოდა. ახლა კიდევ დაამატეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კიდევ გაწელეს 9 თვე. ამათ რომ პარტიების აკრძალვის თავი ჰქონდეთ, აქამდე არ აკრძალავდნენ? ძალიანაც სურთ, რომ გააქრონ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ორი რამ იცის, პირველი, თუ ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინც დაზარალდება, არის პირადად ივანიშვილი იმიტომ, რომ ბევრი ახალი საერთაშორისო სანქცია წამოვა და მეორე - იციან, რომ ჩვენი ბრძოლა სინამდვილეში არ დგას მაგ რეგისტრაციაზე.

განაგრძეთ კითხვა