უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა: ოპერაცია ვივალდი და პირში ჩალაგომავლებული პუტინი - რა ხდება ფრონტის ხაზზე?! - კვირის პალიტრა

უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევა: ოპერაცია ვივალდი და პირში ჩალაგომავლებული პუტინი - რა ხდება ფრონტის ხაზზე?!

უკრაინელების წარმატებულმა კონტრშეტევითმა ოპერაციამ „ვივალდიმ“ პუტინი ისევ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა...

ომებს ახასიათებთ მცირე ან დიდი ხნით გაურკვევლობა ფრონტის ხაზის ამა თუ იმ მონაკვეთზე, როდესაც „რუხ ზონებში“ თავად მოწინააღმდეგე მხარეებსაც ბოლომდე არ აქვთ გარკვეული თუ საბოლოოდ ვინ ფლობს კონტროლს ფრონტის ხაზის სწორედ ამ კონკრეტულ ნაწილში...

ამ მხრივ გამონაკლის არც რუსეთ-უკრაინის ომია, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეების დრონებს თითოეული მებრძოლის გადაადგილებაც კი არ გამოეპარებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ტანკებსა და ჯავშანმაქანებზე.

ამასთან, ამ ომში შეიმჩნევა ერთი საინტერესო ნიუანსიც. თუკი, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარდლობა დრო და დრო საზეიმოდ ამცნობს კრემლს მორიგი უკრაინული დასახლების დაპყრობას, რაც ხშირად მხოლოდ „ფეიკია“ და გამოიხატება ორი-სამი რუსი მებრძოლის მიერ რუსეთის სამფეროვანი დროშის აფრიალებით შენობის ნანგრევებზე და ამის ვიდეოზე დაფიქსირებით, უკრაინის გენშტაბი სხვა ტაქტიკას ირჩევს და ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებს მის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დასრულების ბოლომდე.

1-pronti-1789644703.png

ფოტო: უკრაინელი მებრძოლები წარმატებულ კონტრშეტევას ზეიმობენ...

სწორედ ასე მოხდა უკრაინული კონტრშეტევითი ოპერაციის „ვივალდის“ შემთხვევაშიც, რომლის წარმატებით განხორციელების თაობაზე უკრაინის გენშტაბმა ოფიციალური განცხადება მხოლოდ 15 სექტემბერს გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ თავად რუსმა სამხედრო ბლოგერებმა სოციალურ ქსელებში „დიდი ხმით მოთქმა“ , ლიმანის მიმართულებაზე რუსეთის არმია პოზიციებს კარგავსო, ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყეს.

რას წარმოადგენდა უკრაინული კონტრშეტევითი ოპერაცია „ვივალდი“?

უკვე მთელ მსოფლიოს მოეხსენება რუსეთის პრეზიდენტის ავადმყოფური ახირება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, ბოლომდე უნდა დაიპყროს უკრაინის დონბასი მაინც.

დონბასი ფაქტობრივად ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს აერთიანებს. პუტინის არმია უკვე მთლიანად აქვს დაპყრობილი ლუგანსკის ოლქი, მაგრამ იგივესთვის დონეცკის ოლქში, სჭირდება კრამატორსკ-სლოვიანსკის აგლომერაციის „ჩაყლაპვაც“,რაც რუსმა ოკუპანტებმა ომის მეხუთე წელსაც კი ვერ შესძლეს,მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ომი ამ მიმართულებაზე არა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, არამედ 2014 წლიდან უკვე ოკუპირებული დონეცკიდან დაიწყო, საიდანაც კრამატორსკამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 70 კმ-მდეა, რომლის ბრძოლებით გადალახვა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ომის თითქმის 1 700 დღე-ღამის განმავლობაშიც კი ვერ შეძლეს...

კრამატორსკ-სლოვიანსკის მიმართულებით რუსების შეტევა, მარტო დონეცკის მხრიდან,ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან როდი მიმდინარეობს, მას ასე უტევენ აღმოსავლეთიდან(ბახმუტ-სოლედარიდან) და ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ლიმანიდან.

ამ სამხრივი რუსული შეტევების საბოლოო მიზნის ამოცნობა ადვილია-ფლანგებიდან შემოუარონ კრამატორსკ-სლოვიანსკის აგლომერაციას(რომელიც ომის წლებში უკრაინის მხარემ სერიოზულად გაამაგრა და ერთგვარ ქალაქ-ციხესიმაგრეებად გადააქცია), მოაქციონ ის ნახევრადალყაში და სიტემატური,ძლიერი საჰაერო დაბომბვების (3 ტონიანი საავიაციო ბომბების გამოყენებითაც,რომლებიც აღჭურვილნი არიან პლანირებისა და ფრენის კორექციის მოდულებით,რაც მიზანთან ოციოდე მეტრის სიზუსტით მოხვედრისა და საშინელი ძალით აფეთქების საშუალებას იძლევა) შედეგად, უკრაინის დამცველებს უკანდახევა აიძულონ ანუ გამოიყენონ იგივე, „ქალაქების მიწასთან გასწორების“ დაუნდობელი ტაქტიკა.

2-pronti-1789644747.png

ფოტო: კრამატორსკ-სლოვაიანსკის მიმართულებაზე დღეისათვის შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა...

დღეისათვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის კრამატორსკ-სლოვიანსკის მიმართულებაზე ოპერატიული საბრძოლო სიტუაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

სამხრეთ-აღმოსავლეთიდან რუს ოკუპანტებს უკვე ნაწილობრივ დაპყრობილი აქვთ კოსტიანტინივკა და აგრძელებენ შეტევებს დრუჟკივკას მიმართულებით, რომლიდანაც კრამატორსკამდე მხოლოდ რვა კმ-ია დარჩენილი.

აღმოსავლეთ მიმართულებიდან, მალინივკიდან მტერი 15-იოდე კმ-შია მიმდგარი კრამატორსკთან.

ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ლიმანის მიმართულებიდან კი რუსი ოკუპანტები სოლივით იყვნენ შეჭრილნი, სლოვინსკამდე ათიოდე კმ-იღა ჰქონდათ დარჩენილი...

და სწორედ, ეს ჩრდილო-აღმოსავლეთის, ლიმანის მიმართულებიდან არსებული სოლის „ჩამოჭრა გახდა უკრაინის გენშტაბის კონტრშეტევითი ოპერაციის „ვივალდის“ მთავარი საბრძოლო ამოცანა.

ოპერაციის უპირველესი ამოცანა იყო უკრაინულ თავდაცვის ხაზებში რუსული ძალების შეღწევის (ინფილტრაციის) კერების განადგურება და ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია.

უკრაინულმა უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფებმა წარმატებით დაარტყეს რუსულ მომარაგების ხაზებს, რის გამოც მოწინააღმდეგე იძულებული გახდა საწვავ-საპოხი მასალების საცავები უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ვორონეჟის ოლქში გადაეტანა.

მკაცრი საინფორმაციო დუმილის პირობებში, უკრაინულმა შენაერთებმა 75 კვადრატული კილომეტრი რუსული ინფილტრაციისგან გაწმინდეს და დამატებით 10 კვადრატული კილომეტრის სრული დეოკუპაცია მოახდინეს.

კონტროლი აღდგა სოფელ სერედნიეზე (რომელიც ოპერაციის მომზადების მთავარი ეტაპი იყო), ასევე გაიწმინდა ნოვოსელივკა, ალექსანდრივკა, იაროვა და კოროვი იარის შემოგარენი.

ოპერაციამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის მე-20 და 25-ე საერთო-საჯარისო არმიებს. წინასწარი მონაცემებით, რუსულმა მხარემ ამ მიმართულებით დაკარგა 1 500-მდე სამხედრო, 12 000-ზე მეტი დრონი და ასობით ერთეული ჯავშანტექნიკა თუ საარტილერიო სისტემა.

ამ წარმატებული მანევრის წყალობით, მკვეთრად შემცირდა ლიმანის ალყაში მოქცევის საფრთხე. ამავდროულად, სტაბილიზაცია მოხდა ხარკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ბოროვას მიმართულებით) და მოიხსნა პირდაპირი საარტილერიო წნეხი სლოვიანსკზე. რუსეთის მე-20 და 25-ე არმიები იძულებულნი გახდნენ თავდაცვაზე გადასულიყვნენ.

სავარაუდოდ, უკრაინულმა ძალებმა რუსული შენაერთები უკვე მთლიანად განდევნეს მდინარე ჩორნი ჟერებეცის დასავლეთ სანაპიროდან. თუ ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ რეალურად გათავისუფლებული ფართობი 200 კვადრატულ კილომეტრს აჭარბებს.

საბოლოო ჯამში, უკრაინულმა კონტრშეტევამ „ვივალდიმ“ ჩაშალა რუსეთის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფართო ალყაში მოქცევას ახალ წლამდე,რაც იმას ნიშნავს,რომ პუტინის ოცნებას უკრაინული დონბასის სრულ ოკუპაციაზე,კიდევ დიდხანს არ უწერია ასრულება...