"არ ვიცი, ჩვენი ნივთები გაყიდეს ნეტა?!" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილის მეუღლე
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის მეუღლის, ირინა კილოსანიძის თქმით, ოჯახს ალეკო ელისაშვილთან კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული აქვს.
როგორც ირინა კილოსანიძე აცხადებს, ოჯახის წევრებს ასევე არ დაჰბრუნებიათ ის ნივთები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს.
„ეგრეთ წოდებული „ოთხფეხა ძაღლების“ საქმეზე დაწესებული შეზღუდვები დღემდე ძალაშია. რადგან ეს საქმე თაროზეა შემოდებული, ეს შეზღუდვები როდის მოიხსნება, არ ვიცით.
ამავდროულად, ჩვენი სახლიდან წაღებული ნივთები, რომლებიც ერთი წლის წინ ჩხრეკისას წაიღეს და დაგვპირდნენ, რომ ბავშვების ლეპტოპებს მაინც დაგვიბრუნებდნენ რომლებიც მათ სწავლის პროცესში ძალიან სჭირდებოდათ, დღემდე არ არის დაბრუნებული. მათ შორის, ჩემი დის ტელეფონიც, რომელიც იმ მომენტში შემთხვევით ჩემთან იყო. დაპირების მიუხედავად, ეს ნივთები ადვოკატებმა, როგორც ვიცი, არაერთხელ მოითხოვეს და არ დაუბრუნებიათ. არ ვიცი, გაყიდეს ნეტა? შეიძლება გაყიდეს და არ გვეუბნებიან. არგუმენტი, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა აქვთ. პროკურორმა თქვა, მოგვმართეთ და დაგიბრუნებთო. მიმართეს ადვოკატებმა, მაგრამ დაბრუნება მაინც არ მოხდა.
წერილობითი კომუნიკაცია მეტ-ნაკლებად გვაქვს, ადვოკატს დავუწერ და ის გადასცემს. სატელეფონო კომუნიკაცია არ გვაქვს. სასამართლო პროცესებზე ვხედავთ ალექსანდრეს.
ჩვენთან მართლმსაჯულება უცნაურად არის მოწყობილი. გვაქვს ორგვარი დანაშაული, ერთი ე.წ. დანაშაულია, როცა იმ ადამიანს დაინახავ, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენა და მისი დანახვის დროს, ბუნებრივი ემოციის წამოსვლა და „არაკაცის“ დაძახება. ამავე დროს, ის პოლიციელი, რომელიც ძალადობაშია მხილებული, დღემდე ასრულებს თავის მოვალეობას და მის წინააღმდეგ საქმეც არ არის აღძრული, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრემ ერთი წლის წინ მისცა ჩვენება“,- განაცხადა ირინა კილოსანიძემ.
"ინტერპრესნიუსი"