პუტინმა Nestle-ს შეუტია - რას აცხადებს შვეიცარული კომპანია
კომპანია Nestle-ს განცხადებით, საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა შესაძლო გზას განიხილავს მას შემდეგ, რაც კრემლმა გადაწყვიტა, კვების პროდუქტების მწარმოებელი შვეიცარული კომპანიის რუსულ ბიზნესზე კონტროლი დაემყარებინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Nescafe-სა და KitKat-ის მწარმოებელმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ცნობად მიიღო რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით გამოცხადებული გადაწყვეტილება და ამჟამად არსებულ ვითარებას აფასებს.
„Nestle მზადაა, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი უფლებების დასაცავად და ბიზნესოპერაციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად - ყველა დაინტერესებული მხარის და, განსაკუთრებით, თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით“, -ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Nestle-ს რუსეთში ექვსი საწარმო აქვს და დაახლოებით 7 000 თანამშრომელი ჰყავს. 2021 წელს - ბოლო წელს, როდესაც კომპანიამ მონაცემები გამოაქვეყნა - რუსეთში Nestle -ს გაყიდვების მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი (2.4 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას შვეიცარიული კომპანია Nestlé-ს, ფრანგული კომპანია Auchan-ის რუსული აქტივების, ასევე FM Logistics-ის, Bati Logistics-ისა და Le Monlid LLC-ის (ყოფილი Leroy Merlin) აქტივების „დროებით მმართველობაში“ გადაცემის შესახებ. რუსული მედიის ინფორმაციით, აქტივებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით ერთი ტრილიონი რუბლია, მართავს L.E.V. Management-ი, მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი კრაიუშკინია. კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და L.E.V. Management-ის იურიდიულ მისამართად მითითებულია არარსებული მოსკოვის მისამართი.
"ინტერპრესნიუსი"