"აფხაზები დაგვცინიან, გვეუბნებიან, რომ მათი მონები ვართ და უფასო დენი ეკუთვნით იმის გამო, რომ ომში დავმარცხდით" - აკაკი ბობოხიძე - კვირის პალიტრა

"აფხაზები დაგვცინიან, გვეუბნებიან, რომ მათი მონები ვართ და უფასო დენი ეკუთვნით იმის გამო, რომ ომში დავმარცხდით" - აკაკი ბობოხიძე

კრემლისთვის ფავორიტი კამბოლოვია და დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს, თუმცა ამის იქით რაიმე პროცესის განვითარებას, ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთების თვალსაზრისით, არ ველოდები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

როგორც პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, აფხაზებისა და ოსების დასაცინი გავხდით“.

„საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებების გამო დასაცინი გავხდით ოსებისგანაც და აფხაზებისგანაც. კამბოლოვმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი არ არის მზად და არ შედის მის ინტერესებში საქართველოსთან საზღვრების გახსნა“. ანუ, ხვდებით, რა დღეშია ქვეყანა ხელისუფლების მოქმედებების გამო? თურმე აქეთ სათხოვნელი და სახვეწარი უნდა გაგვიხდეს საზღვრების გახსნა და არანაირი ურთიერთობა არ სჭირდებათ თურმე.

„ქართული ოცნება“ რუსეთს საფრთხედ კი არ აღიქვამს, არამედ ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით მოკავშირედ მიიჩნევს. რუსეთის წარმატების გარეშე „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება. როდესაც ჩვენ უვიზო რეჟიმი დავუწესეთ რუსეთს, ჯერ ერთი, დავაწესეთ ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის და საქართველოში პრაქტიკულად ანტიპუტინისტები ჩამოდიოდნენ. ჩვენ გავხსენით საზღვარი, რათა მათ ენახათ, როგორი შეიძლება იყოს არასაბჭოთა ქვეყანა, როგორი შეიძლება იყოს ახალი საქართველო. გინახავთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსი, რომელიც მაღაზიაში პრეტენზიას გამოთქვამდა იმის გამო, რომ რუსულად არ უპასუხეს? დღეს საქართველოში რუსები ჩამოდიან არა როგორც უცხო ქვეყანაში, არამედ როგორც საკუთარ სახლში, პრეტენზია აქვთ და ჩხუბობენ, "რატომ არ გვპასუხობთ რუსულადო". დღეს ისინი საკუთარ სახლში მოდიან, მათთვის ეს სახლი კი „ქართულმა ოცნებამ“ აქცია“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

რაც შეეხება საქართველოში „რუსოფობიას“, რუსეთთან და რუსებთან სახელმწიფოთაშორის და ხალხთა შორის ურთიერთობებს, აკაკი ბობოხიძემ მიიჩნევს, რომ რადგან რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, იმას არ ნიშნავს, რომ რუსის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

„ცხინვალში და აფხაზეთში ელცინი და პუტინი ჩამოდიოდნენ საომრად ფიზიკურად? რუსი ხალხი არ იყო? უკრაინაში ომის დაწყების დროს რუსეთში ზეიმი რომ ჰქონდათ, ეს რუსი ხალხი არ იყო? ის ხალხი, ვინც დღეს უკრაინაში იბრძვის და საშინელებებს სჩადის, რუსები არ არიან?

რუსი ხალხია სწორედ ის, რომელიც ზუსტად ასეთ პოლიტიკას დასაყრდენს აძლევს მონა, პროტესტის არმქონე და სხვა ქვეყნების გაუბედურებაზე ორიენტირებული. რუსებმა საკუთარი ქვეყანა საღორედ აქციეს და დღეს იქიდან გამოქცეულები, აქ ამკვიდრებენ თავიანთ წესებს, ანუ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანაც საღორედ აქციონ.

[აფხაზები] დაგვცინიან, გვეუბნებიან, რომ მათი მონები ვართ, რომ ეს ომში დამარცხებულის კონტრიბუციაა და უფასო დენი ეკუთვნით იმის გამო, რომ ომში დავმარცხდით. ბენზინი რომ შეგაქვს, ვინმე იძლევა იმის გარანტიას, რომ პირდაპირ ოკუპანტებთან არ მივა? საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ იდგმება. ის, რომ რუსეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, იმას არ ნიშნავს, რომ რუსის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა