რას იზამს მარატ კამბოლოვი, თუ ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი გახდა?! - მამუკა გამყრელიძის ვერსია - კვირის პალიტრა

რას იზამს მარატ კამბოლოვი, თუ ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი გახდა?! - მამუკა გამყრელიძის ვერსია

თუ მარატ კამბოლოვი მოვა „პრეზიდენტად“, ალბათ, ეს ადამიანი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის სივრცეში ანექსირებას - ეს ძალიან დიდი საშიშროება და ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, რათა მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება, - ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში და „ანტიანექსიური პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა მამუკა გამყრელიძემ ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს იდეა, როგორ დაიცავენ თავს რუსეთის იმ წნეხისგან, რომელიც მოსალოდნელია.

„მარატ კამბოლოვი არის პუტინის ადმინისტრაციის ლოიალური ადამიანი. ის გამოყენებული იქნება, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი იმ წნეხისთვის, რომელიც საქართველოზე უნდა განხორციელდეს.

რისთვის გამოიყენებენ ამ წნეხს, ეს მეორე საკითხია. თუ მარატ კამბოლოვი მოვა „პრეზიდენტად“, ალბათ, ეს ადამიანი მზად იქნება ხელი მოაწეროს ყველაფერს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის სივრცეში ანექსირებას.

ეს ძალიან დიდი საშიშროებაა და ინსტრუმენტია რუსეთის ხელში, რომ მორჩილებაში ამყოფოს საქართველოს ხელისუფლება და ასე შემდეგ. თუნდაც, შეშინებისთვის ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობისთვის, რომ აი, ჩვენ ანექსირებას გავაკეთებთ თუ იმას არ გააკეთებთ, რასაც ჩვენ მოვითხოვთ. საკმაოდ დიდი საფრთხეა. საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს იდეა, რაზე იქნება მზად, რისთვის და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს, იმისთვის, რომ ტერიტორიების ანექსირება არ მოხდეს რუსეთში. კრემლმა შეიძლება მოითხოვოს რკინიგზის გახსნა, დათმობები სანქციებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ქართველმა ხალხმა, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს იდეა, როგორ დაიცავენ თავს რუსეთის იმ წნეხისგან, რომელიც მოსალოდნელია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა