"ტრაქტორი გაუფუჭდა თანასოფლელ ბიჭს და მისახმარებლად მისულან, ამ დროს დაეჯახათ დიდი სატვირთო" - ვინ არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიისას დაღუპულები?
უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში, დღეს საღამოს მოხდა. როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, ტრაგედია გურჯაანის სოფელ ჩალაუბანში დატრიალდა. ამავე სოფლის მაცხოვრებლები არიან დაღუპულებიც და დაშავებულებიც. 4 ადამიანი გაჩერებულ „ფორდის” მარკის გადამზიდს ტვირთავდა, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის სატვირთო შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ოთხი ადამიანიდან ორი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი კი დაშავდა და ისინი ამჟამად გურჯაანის კლინიკაში არიან გადაყვანილები.
“ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, ამ საღამოს, შეღამებულზე მოხდა ეს უბედურება. გარდაცვლილია ჩვენი სოფლის ორი მაცხოვრებელია ზაზა გუჯიაშვილი და ნოდარ ( გივი ) ღვინიაშვილი. კიდევ ორი ჩვენი თანასოფლელი ბიჭი გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი. ახლა მოვედი კლინიკაში და ვცდილობ გავარკვიო მათი მდგომარეობა როგორია. ავარიის დეტალები არ ვიცი ჯერჯერობით. ეს შემიძლია გითხრათ, რომ სიღნაღის მხრიდან მოდიოდა ის მანქანა, რომელიც დაეჯახა მათ და ჩალაუბნის საპატრულო პოლიციის შენობამდე სადღაც 300-400 მეტრშია ეს ავარია მომხდარი. სიღნაღიდან მომავალი მანქანა დაეჯახა და საუბედუროდ ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა,ორივე დაოჯახებულია, ორი დაშავებული კი ამ ბიჭებთან ერთად მყოფები, გურჯაანში არიან კლინიკაში. ისინიც დაოჯახებული ბიჭები არიან. სხვა დეტალები არ ვიცი. ერთი ეს მითხრეს, რომ ვინც დაეჯახა ის ადგილობრივი არ არის. ისიც კლინიკაშია გადაყვანილიო, მაგრამ ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ ჯერჯერობით, რადგან ახლა ვარკვევ სიტუაციას. სადაც ეს ფაქტი მოხდა იქ არის სწორი გზა და რატომ დატრიალდა ეს ამბავი, ვერ გეტყვით. ახლა გამოძიება მიდის”, - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
“ჩალაუბანი-სიღნაღის გზაზე მოხდა ეს ტრაგედია, ტრაქტორი გაუფუჭდა თანასოფლელ ბიჭს და ესენი მისახმარებლად მისულან. ამ დროს დაეჯახა დიდი მანქანა, სატვირთო. 2 ადგილზე გარდაიცვალა, გივი ღვინიაშვილი და ზაზა გუჯიაშვილი. ზაზა გივიზე ასაკით პატარა იყო. და დაშავდა 2 ახალგაზრდა ბიჭი, გიგა და ავთო კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ვიცით, გაჩერებულ მანქანას დაარტყა იმ მანქანამ და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედია. სიტყვები არ მაქვს. ძალიან კარგი ადამიანები. ჩვენი მეზობლები არიან გარდაცვლილები, ძალიან განვიცდი ამას”, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)