უკრაინელებს მორიგი საფრთხე გამოუჩნდათ ბალისტიკურად გადაკეთებული რუსული საზენიტო რაკეტების სახით... - კვირის პალიტრა

უკრაინელებს მორიგი საფრთხე გამოუჩნდათ ბალისტიკურად გადაკეთებული რუსული საზენიტო რაკეტების სახით...

ორიოდე დღის წინ უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი რუსული „ტრიუმფის“-С-400 ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარის განადგურება შეძლეს უშუალოდ ასფალტირებულ გზაზე, პატარა სოფელ პოროშინოსთან, რომლიდანაც პირდაპირი ხაზით საზღვრამდე, უკრაინულ ჩერნიგოვის ოლქამდე 86 კმ-ია.

თავად ფაქტი, რომ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს უკვე შეუძლიათ ასიოდე კმ-ის სიღრმეში, რუსეთის ტერიტორიაზე წარმატებული წერტილოვანი საჰაერო დარტყმების მიყენება მოძრავ სამიზნეებზე, უკვე ბევრს ნიშნავს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რუსული С-400 „ტრიუმფი“ საზღვრისპირა რაიონიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში 600 კმ-მდე „იჭყიტება“ და 40Н6Е ტიპის შორი მოქმედების მართვადი საზენიტო რაკეტით 380-400 კმ-ის სიშორეზე შეუძლია თვითმფრინავის ჩამოგდება, რაც უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის ძალზე სახიფათო რეალობას წარმოადგენს, რადგან თეორიულად რუსულ „ტრიუმფებს“ ნახევარი უკრაინული ცის „ჩაკეტვა“ შეუძლიათ და ამიტომაც ორი „ტრიუმფის“ განადგურება, მცირე შვება გახდა უკრაინის დამცველებისთვის.

თუმცა, როგორც შემდგომ დადგინდა, ეს ორი განადგურებული რუსული „ტრიუმფი“ სპეციალურად ყოფილა მოდერნიზებული იმისთვის, რომ РМ-48У ტიპის რაკეტები გაეშვა.

РМ-48У ტიპის რაკეტა, მისი აღნიშვნიდან გამომდინარე, „რაკეტა-სამიზნეს“ წარმოადგენს, რომელსაც იგივე С-300 და С-400 ტიპის დანადგარებიდან უშვებენ და შემდეგ უკვე საზენიტო რაკეტებს მიაყოლებენ მათ ჩამოსაგდებათ ანუ РМ-48У სავარჯიშო რაკეტების ფუნქციას ასრულებენ და შესაბამისად ბევრად იაფი ღირს, რადგან არ უყენია რთული და ძვირადღირებული რადიოელექტრონული აპარატურა ჰაერში საფრენი აპარატების გადასაჭერად და ჩამოსაგდებად.

2-raketa-1789807331.png
რუსულ ქარხანაში РМ-48У რაკეტის სატრანსპორტო-გამშვებ კონტეინერში ჩატვირთვის პროცედურა...

სწორედ ეს მთავარი ტექნიკური და ფინანსური ნიუანსი გამოიყენა რუსეთის გენშტაბმა, რომ რუს კონსტრუქტორებს РМ-48У სავარჯიშო რაკეტები გადააკეთებინა ბალისტიკურად ანუ მიამსგავსა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერებს“.

„ისკანდერების“ მასიური საბრძოლო გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძალიან ძვირი უჯდება და ურჩევნია ისინი დრო და დრო ბევრად იაფი РМ-48У-ებით ჩაანაცვლოს, მითუმეტეს, რომ ეს სავარჯიშო რაკეტები ძირითადად შექმნილია ვადაგასული 48Н6 და 5В55 საზენიტო რაკეტების ბაზაზე, რომლებიც რამდენიმე წელში ისედაც უნდა ჩამოეწერათ.

ბალისტიკურად გადაკეთებული „რაკეტა-სამიზნე“ РМ-48У -ს 199 კგ-იანი საბრძოლო ქობინი უყენია და მისი აფეთქების ძალა, რა თქმა უნდა ჩამოუვარდება 450 კგ-იანი საბრძოლო ქობინის მქონე „ისკანდერისას“.

ამასთანავე, РМ-48У არ გამოირჩევა მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტით და აცდენამ შეიძლება 100-200 მ-იც კი შეადგინოს, თუკი უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები მოახერხებენ ამ რაკეტის „ჯი-პი-ეს“-ის დამიზნების სისტემის ჩახშობას მიზანთან ახლოს.

მაგრამ, ბალისტიკურად გადაკეთებულ ამ შედარებით იაფფასიან რუსულ საზენიტო რაკეტას მაინც ორი დიდი პრობლემის შექმნა შეუძლია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის.

პირველი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების რადიოლოკატორების მონიტორებზე РМ-48У-ს ბალისტიკური ტრაექტორიით ფრენა იმგვარად აისახება,როგორც უფრო ძლიერი „ისკანდერისა“ და შესაბამისად უკრაინელი მეზენიტეები იძულებულნი ხდებიან მას „მიახარჯონ“ რუსული „ისკანდერების“ მოსაგერიებლად შემორჩენილი თითებზე დასათვლელი „პეტრიოტის“ ანტირაკეტები.

3-raketa-1789807331.jpg
უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ რუსეთის ბრიანკის ოლქის გზაზე მოძრავი С-400 „ტრიუმფის“ აფეთქებული მობილური დანადგარი...

მეორე - იმის გამო, რომ რუსული РМ-48У არ გამოირჩევიან მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტით, ისინი ფეთქდებიან უკრაინული ქალაქების(მათ შორის დედაქალაქ კიევის) სხვადასხვა კვარტლებში,რითაც ძირითადად ამ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება, რაც პუტინის რეჟიმისთვის სრულიად მისაღებია, უკრაინის მოსახლეობის შემდგომი დაშინების გათვლიდან გამომდინარე.

უფრო მძიმე დაზიანებებს უკრაინის ქალაქები მაშინ ღებულობენ,თუკი რუსული РМ-48У-ები ფეთქდებიან მიწაზე დაცემამდე წამით ადრე,ასიოდე მეტრის სიმაღლეზე,რადგან მისი ორასკილოგრამიანი საბრძოლო ქობინის დეტონაციისას დიდი სიჩქარით გაიტყორცნება გამზადებული დამაზიანებელი ელემენტები,ჩვეულებრივი რკინის ბურთულები,რომლებიც მასიურად ანადგურებენ ყველაფერს რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში.

რუსული „ისკანდერებისა“ და „ტრიუმფების“ მობილურ დანადგარებზე ინტენსიური საჰაერო ნადირობა, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ასევე თავად რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის არმიის ერთ-ერთი რეალური ძალისმიერი ბერკეტი უნდა გახდეს იმისთვის, რომ მცირედით მაინც შეამცირონ უკრაინის ქალაქებზე რუსული ბალისტიკური ტერორი,რადგან უკვე სტარტაღებული რუსული ბალისტიკური რაკეტების გარანტირებულად მოსაგერიებელი ანტირაკეტები საჭირო რაოდენობით, უკრაინის დამცველებს არასდროს ექნებათ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთმა РМ-48У-ების გასაშვებად С-400 „ტრიუმფის“ 17 მობილური დანადგარი გადააკეთა და თუკი მათგან ორი უკვე გაუნადგურეს,დანარჩენებზე საჰაერო ნადირობა გრძელდება...

ომის დაწყებიდან დღემდე,Oryx-ის მიერ მოვებული ფოტოვიდეო მასალების მიხედვით,საერღო ჯამში განადგურებულია С-400 „ტრიუმფის“ არანაკლებ 33 მობილური გასაშვები დანადგარი.