"პირველი მე ვიქნები, ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემს შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა" - ბუდუ ზივზივაძის მამა გიორგი გველესიანის სკანდალურ გაცხადებას ეხმაურება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა - კახა ზივზივაძე ეხმაურება გიორგი გველესიანის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც მან საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საბა საპანაძესთან ვრცელ ინტერვიუში გააკეთა.
გველესიანმა ინტერვიუში სპორტისა და პოლიტიკის თანხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთის განუყრელი "მეგობრები" არიან და ამის გამიჯვნა შეუძლებელია. ამასთან, გველესიანმა აღნიშნა, რომ “2024 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს სხვადასხვა ძალებისგან გარკვეული წნეხი ჰქონდათ, რომ მხარდამჭერი პოსტები და განცხადებები დაედოთ სოციალურ ქსელში. უმეტესობამ დაწერა, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ეს არის აქსიომა“.
სწორედ აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება კახა ზივზივაძე:
“არ ვაპირებდი პასუხს მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემ შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა), რომ თავისი აზრი გამოეხატათ... მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?
რა გამოდის 26 ფეხბურთელიდან 4- მა “გაუძლო“ ძალების დაწნეხვას?
რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არა ვართ?“ - წერს კახა ზივზივაძე.