ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ...
"გუშინდელი დღიდან, საერთო ჯამში, 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს, აქედან 450 მოსკოვს უახლოვდებოდა“, - განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა. მისი მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩაშლა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად კი 19-20 სექტემბრის ღამეს ჩამოგდებული იქნა 1 100 უკრაინული, თვითმფრინავის კონსტრუქციის დრონი.
საერთო ჯამში ბოლომდე არც მოსკოვის მერს და არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაეჯერება,მაგრამ ფაქტია,რომ გასულ ღამეს უკრაინას „ძალზე მოუნდომებია“ და აგრესორ რუსეთზე და მთელი ამ საშინელების სათავეზე-მოსკოვზე მართლაც რეკორდული რაოდენობის კამიკაძე-დრონები მიუსევია...
მოსკოვზე საჰაერო დარტყმის უკრაინულ საშუალებებში პირველად გამოჩნდა „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანი რაკეტაც,რომელიც მართალია ჩამოაგდეს,მაგრამ დრონების მასიური შეტევებით გადატვირთულ მოსკოვის უძლიერეს საჰაერო თავდაცვის ოთხ ზონას ადრე თუ გვიან მაინც გაეპარება სხვა უკრაინული "ფლამინგოები“, რის შემდეგაც რუსეთის დედაქალაქი ნელ-ნელა უკრაინის დედაქალაქს დაემსგავსება ნანგრევების სახით...
მანამდე კი,უკრაინული მასიური საჰაერო შეტევა, რომლის მაგვარი სტალინისდროინდელ მოსკოვსაც კი არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის დროს,კონკრეტულ საბრძოლო შედეგს იძლევა...
უკვე მერამდენედ აგიზგიზებულია მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნაში, რომლიდანაც კრემლამდე მხოლოდ 16 კმ-ია და ცეცხლწაკიდებული ქარხნიდან ამოსული შავი კვამლი ნელ-ნელა ფარავს მოსკოვის ცას და კარგად ჩანს პუტინის კრემლის კაბინეტის ფანჯრიდანაც...
მოსკოვის ოლქში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ასევე ააფეთქეს სოფინოს დიდი საწყობები, სადაც ხანძარს ჯერ ვერ აქრობენ.
ასევე მოსკოვის ოლქის ძერჟინსკის რაიონში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა შეტევა მიიტანეს თბოელექტროსადგურზე, რომელიც ელექტროენერგიითა და ცხელი წყლით ამარაგებს მოსკოვის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს.
გარდა ამისა დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მოსკოვის მიმდებარედ და თავად დედაქალაქშიც,მას შემდეგ რაც რუსული მეზენიტეების მიერ ჩამოგდებული უკრაინული კამიკაძე-დრონები ამ კორპუსებს დაეცნენ და დეტონაცია განიცადა მათმა საბრძოლო ქობინებმა.
მოსკოვის მისადგომებთან ჩამოგდებული ეს უკრაინული „ფლამინგო“ „პირველი მერცხალია“, რაც იმას მოასწავებს, რომ უკრაინა ახლო მომავალში მოსკოვს მასიურად შეუტევს ამგვარი „ფლამინგოებით“,რომლებსაც კამიკაძე-დრონებთან შედარებით, ათჯერ ძლიერი საბრძოლო ქობინი უყენიათ...
ყველაზე მასშტაბურ უკრაინულ საჰაერო შეტევას მოსკოვის მიმართულებით, კიდევ ერთი გვერდითი მოვლენაც მოჰყვა-მოსკოვის საჰაერო ზონაში განთავსებულმა საერთაშორისო აეროპორტებმა ფუნქციონირება რამდენიმე საათით შეწყვიტეს და გადაიდო 150-ზე მეტი სამგზავრო რეისი, რაც ესაბამება კიევის გაფრთხილებას,რომ ის სრულად მოშლის საავიაციო ნავიგაციას აგრესორი ქვეყნის დედაქალაქის თავზე.
საინტერესოა, რომ როდესაც გასულ ღამეს უკრაინამ ათასზე ბევრად მეტი კამიკაძე-დრონი „დაუპატიჟებლად“ გააფრინა აგრესორი რუსეთის ცისკენ, თავად რუსეთმა ათჯერ(!) ნაკლები ძალებით შეუტია უკრაინას-უკრაინის საჰაერო ძალების განცხადების თანახმად 20 სექტემბრის ღამეს მათ 138 რუსული დრონი დააფიქსირეს,რომელთაგან 101 ჩამოაგდეს.
რუსეთმა უკრაინას გასულ ღამეს სავარაუდოდ ბალისტიკური რაკეტებითაც შეუტია, მაგრამ მათ რაოდენობას უკრაინის ოფიციალური წყაროები ბოლო ერთი თვეა აღარ ასახელებენ, რადგან „პეტრიოტის“ ანტირაკეტების მარაგის თითქმის ამოწურვის გამო რუსულ „ისკანდერებს“ ვეღარ იგერიებენ...