„ყველაფერი გაკეთდა არაპროფესიულად, არასწორად და დაუგეგმავად...“ - კვირის პალიტრა

„ყველაფერი გაკეთდა არაპროფესიულად, არასწორად და დაუგეგმავად...“

გასული კვირის მიწურულს თბილისის არაერთ საბავშვო ბაღში სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა. თავდაპირველად ითქვა, რომ კლინიკებში მოხვდნენ 55 ბავშვი და ერთი აღმზრდელი, თუმცა მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ასობით ბავშვმა კი ვერ შეძლო საბავშვო ბაღში მისვლა იმის გამო, რომ სააღმზრდელო დაწესებულება დახურული იყო. ჯერჯერობით, დაზუსტებით არაფერია ცნობილი. გამოძიება დაწყებულია, აიღეს ლაბორატორიული სინჯები და გამოკითხვაზე დაიბარეს იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ბაღებს პროდუქტებით ამარაგებდნენ. "როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამ პროცესებამდე ოთხიოდე დღით ადრე საჯარო ბაღების მიღწევებზე საჯაროდ საუბრობდა. სავარაუდო ინტოქსიკაციის შემთხვევა თბილისის 20 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა, მათგან სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა შვიდში, თუმცა დანარჩენ 13-ში მშობლების დიდმა ნაწილმა ბავშვები აღარ მიიყვანა. სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro-1781182167.jpg

- ჯერ დასადგენია, რა მოხდა, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უპირველესად საქმე გვაქვს ქართულ სიხარბესთან, ასევე დაუდევრობასა და საქმისადმი არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან. ეს, ერთი მხრივ, შეეხება იმათ, ვინც ბაღებს ამარაგებენ, მეორე მხრივ კი, იმათ, ვისაც ევალება ამ ყველაფრის გაკონტროლება.

როგორ შეიძლება ბავშვები ასე ბედის ანაბარად გვყავდნენ. ღმერთს მადლობა, რომ მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე გადავრჩით. ხელისუფლება აცხადებს, რომ თურმე ყველაფერს ამოწმებს, გამოდის, კარგად ვერ ამოწმებს - საკვებში ბაქტერიოლოგიური დაბინძურების შემოწმება ზერელედ ვერ მოხდება. რაც მოხდა, ამას სჭირდება, ჩემი აზრით, ძირფესვიანი გამოძიება და დამნაშავეების სამაგალითოდ დასჯა, რათა სხვას ხელი აღარ წაუცდეს. არის კიდევ ერთი საკითხი, შესყიდვების კანონის დიდი პრობლემა, რომელზეც სულ ვლაპარაკობ - არ შეიძლება მხოლოდ დაბალი ფასის მიხედვით შეარჩიო კონტრაქტორი! ამას არაფერი კარგი რომ არ მოაქვს, ეს შემთხვევებიც აჩვენებს.

- ვიდრე პოლიტიკურ თემებზე გადავალთ, მინდა შევეხოთ 21-ე საჯარო სკოლის გამო განვითარებულ პროცესებს. მოგეხსენებათ, ბავშვებმა და მშობლებმა სასწავლო წლის დაწყების წინ შეიტყვეს, რომ მათი სკოლა ავარიულია და იხურება ისე, რომ გაუგებარია, რა ბედი ეწევათ ბავშვებს, როგორ და რა დროში გაანაწილებენ სხვა სასწავლო დაწესებულებებში. ბუნებრივია, გაჩნდა პროტესტი, ასევე ეჭვი, რომ შესაძლოა ვიღაცის ბიზნესინტერესს შეეწიროს ძალიან დიდი ტრადიციების მქონე სკოლა. ეს არ არის პირველი შემთხვევა თბილისში, როდესაც სკოლას ავარიულად აცხადებენ, მოსწავლეები გადაჰყავთ სხვა სასწავლო დაწესებულებებში, მშობლები წლების განმავლობაში წვალობენ, ხოლო სკოლის რეაბილიტაცია თუ მშენებლობა აღარასდროს მთავრდება. რომც დავუშვათ, რომ 21-ე სკოლის შენობა მართლაც ავარიულია, რატომ უნდა მისულიყო საქმე სასწავლო წლის დაწყებამდე, სად იყვნენ აქამდე შესაბამისი ორგანოები, რატომ დროულად არ ჩატარდა ექსპერტიზა?

- აბსოლუტურად სწორად სვამთ საკითხს. მე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ვერ ჩავერევი, არაფერი ვიცი, შენობა სახიფათოა თუ არა, მაგრამ როდის დამთავრდა სწავლა? მთელი ზაფხული სად იყვნენ? ადრე რატომ არ გააკეთეს ექსპერტიზა? ყველაფერი გაკეთდა არაპროფესიულად, არასწორად, დაუგეგმავად - ეს ერთი და მეორე - საერთოდ, ჩვენი სკოლების ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამას სჭირდება სასწრაფო გადაწყვეტილების მიღება და სასწრაფო ზომები, ოღონდ ეს ზომები ერთ ან ორ დღეში ვერ გატარდება, წლები დასჭირდება რეაბილიტაციას. როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურული პრობლემები გაქვს, ჯანდაცვის სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს შემუშავებული გეგმა ბ ფორსმაჟორში მოქმედებისთვის? გარდა ამისა, გაანაწილებენ ამ ბავშვებს სხვადასხვა სკოლაში, მაგრამ ამით ბავშვებს ძალიან სერიოზულ მორალურ ზიანს მიაყენებენ - მარტო შენობა ხომ არ არის, სკოლა ძალიან ფაქიზი გარემოა, სადაც ახალგაზრდის ბუნება და პიროვნულობა ყალიბდება, ამაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მეგობრობას, რომელსაც სკოლაში ეყრება საფუძველი და მერე მთელი ცხოვრება გრძელდება. თუ ჯანსაღი მომავალი თაობა გვინდა, ასე არ უნდა მოვექცეთ მათ ფსიქიკას.

- ბოლო ცამეტი თვის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მეოთხე ხელმძღვანელი აირჩიეს. ეს ხომ არ არის რიგითი დაწესებულება, ის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოა და კანონის თანახმად, ექვსი წლის ვადით ირჩევენ მის ხელმძღვანელს. თუმცა ბოლო ხანს მისი ხელმძღვანელები თანამდებობაზე 4 თვემდე თუ ძლებდნენ. რაზე მეტყველებს ეს ტენდენცია, როგორ ფიქრობთ?

- ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში ქვეყნის უსაფრთხოებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ნახეთ, რა ხდება - ნელ-ნელა ჩვენი პრემიერ-მინისტრი მარტო რჩება, რადგან მთელი გარემოცვა ეცლება ხელიდან. მისი ყველაზე ახლობელი და საიმედო პარტნიორიც კი პოლიტიკიდან წავიდა.

წარმოიდგინეთ, სუს-ის უფროსად დანიშვნისას, სულ ცოტა, სამი-ოთხი თვე მაინც არის საჭირო, რომ ადამიანი გაეცნოს ამ ურთულესი დაწესებულების სპეციფიკას, ჩამოაყალიბოს თავისი პოლიტიკა და ამასობაში უკვე გაშვებულია სამსახურიდან. სად ჩანს აქ, რომ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებსა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს?

რეალურად ხომ ყველამ ვიცით, რომ საბოლოოდ ერთი პირის უსაფრთხოებას ემსახურება ეს ყველაფერი, გვარსა და სახელს არ დავასახელებ, ისედაც იცით... მას სჭირდება უსაფრთხოების მყარი გარანტიები და როცა კი ეჭვი უჩნდება, რომ ის ამ გარანტიებს ვერ იღებს, ის შერჩეული ადამიანები მისთვის პირადად უსაფრთხოები აღარ არიან, მარტივად წირავს.

რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, მის წესიერებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, თუმცა მდინარაძე თავის კოლეგებთან შედარებით ერთი თავით ჭკვიანია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება. ის, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თავის პირად უსაფრთხოებაზე ფიქრობდა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სხვა თავგადასავლისთვისაც ემზადებოდეს. მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. ამჟამად ის მერყევ, მეტასტაბილურ წონასწორობაშია - საქმე შეიძლება წავიდეს როგორც კარიერულ დისკვალიფიკაციამდე, ისე დაწინაურებამდე. თუმცა ერთი ნიშანდობლივი რამ მოხდა: ზუსტად იმ დღეს, როდესაც გავრცელდა ხმები მისი შინაპატიმრობის შესახებ, მას სახელმწიფო დაცვა გამოუყვეს. ეს ორი ინფორმაცია თხუთმეტი წუთის ინტერვალით გავრცელდა. ეს მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის რეალური მმართველის დამოკიდებულება მის მიმართ მკვეთრად განსხვავებულია.

- ბატონო სანდრო, მიმდინარე კვირას კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი გაუშვეს საკმაოდ ხანგრძლივ, ცამეტწლიან პატიმრობაში მძიმე ბრალდებებით. ის უკვე მერამდენე მაღალჩინოსანია ამ ხელისუფლების, რომელიც კორუფციული გარიგებების, ქოლცენტრების მფარველობისა და ქრთამის აღების ბრალდებით ციხეში მიდის. ამ დროს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ისეთი სუფთა ხელისუფლება გვყავს, რომ კრიტიკის მიზეზიც კი არ არსებობს. რას იტყვით ამაზე?

- მოდი, ამ ყველაფერს ცოტა ზოგადად შევხედოთ - წლების წინ გავრცელებული ხმები მინდა გაგახსენოთ, როცა რუსეთში თავდაცვის მინისტრად სერდიუკოვს ნიშნავდნენ, თურმე პუტინმა უთხრა, სამხედრო ბიუჯეტის სამ პროცენტზე მეტი არ მოიპაროო. დაახლოებით ასეთი სისტემა შენდებოდა საქართველოში წლების განმავლობაში, რაც "ქართულმა ოცნებამაც" წარმატებით გააგრძელა - რაღაც ლიმიტი მისცა მაღალჩინოსნებს მოსაპარად, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ამ ლიმიტს არ იცავენ.

ამ სისტემაში მმართველისთვის ერთი "კარგი" რამ არის: მისი ყველა ვეზირი მძევალია, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია ციხეში ჩასვას, მათ შორის პირველი მთავარი ვეზირიც და ყველაზე დაახლოებული ფაშაც. მინისტრები, ალბათ, ყოველდღე გულის წამალს სვამენ, რადგან ეს პროფესია ძალიან სახიფათო გახდა. ამ სისტემაში არც ერთი ადამიანი დაცული არ არის. სამწუხაროდ, პარადოქსულად და თან ლოგიკურად, მივდივართ იმ სისტემამდე, რომელიც თავის დროზე სტალინმა ჩამოაყალიბა, როდესაც საკუთარი გარემოცვა ციხეში გამოკეტა.

ასე რომ, რასაც არ უნდა ამბობდეს პრემიერ-მინისტრი, ინსტიტუციური კორუფცია არსებული სამთავრობო ინფრასტრუქტურის პირობებში ვერ აღმოიფხვრება. ეს სისტემა იმდენად მახინჯია, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენს გაისტუმრებენ გისოსებს მიღმა, თუმცა ყველაზე დრამატული ის არის, რომ მისი ერთბაშად ჩამონგრევა აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან ამან შესაძლოა სახელმწიფო ჩამოაქციოს.

თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოახერხა ინსტიტუციური კორუფციის აღმოფხვრა, თუმცა სხვაგან კორუფცია მაინც ყვაოდა, რისი მაგალითიც დავით კეზერაშვილის ფენომენია. ასე რომ, ნუ გაიძახიან, თითქოს სუფთა ხელებით მუშაობენ, სასაცილოდ იხდიან თავს.

- გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულებს: ექიმ გიორგი ჩახუნაშვილსა და ზაქრო ალბუთაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

- გოგა ჩახუნაშვილის შესახებ ობიექტური ვერ ვიქნები, რადგან ჩემი კლასელის უმცროსი ძმაა, რომელსაც ექვსი წლის ასაკიდან ვიცნობ. ის სამოცდათორმეტი წლისაა, ჩემზე ხუთი წლით უმცროსი, ძალიან მტკიცე ადამიანი. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ციხეში სვამს აკადემიკოს კაცს, საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სამედიცინო აკადემიის წევრსა და "Eუროშციენცე საქართველოს" თავმჯდომარეს! ეს იგივეა, თავის დროზე აინშტაინი ან ედისონი გაეშვათ ციხეში. ახლა ხელისუფლება ცდილობს "პირი მოიბანოს", თუმცა გაურკვეველია, რას ფიქრობდნენ, როდესაც მას აკავებდნენ - მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა. მოსამართლეებს საერთოდ უნდა მოეხსნათ მისთვის ბრალი.

- კიდევ ერთი თემაა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ. შესაძლოა დასავლური სამყაროს, აშშ-ისა და ევროკავშირისთვის ეს ნაბიჯი ბოლო წერტილი აღმოჩნდეს. ელოდებით, რომ "ქართული ოცნება" წავა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე?

- ჩემი შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" დიდი შიდა წინააღმდეგობაა ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა თუ უნდოდა ივანიშვილს, ეს 2012 წელს უნდა გაეკეთებინა, ახლა ეს დაგვიანებულია. სარჩელი თვეებია საკონსტიტუციო სასამართლოში დევს და ახლა ხელახლა განაახლეს გიორგი გახარიას პარტიის დამატებით, რათა განხილვის ვადა გადაეწიათ. ვფიქრობ, თვითონ მოსამართლეებიც საგონებელში არიან ჩავარდნილი, ფიქრობენ, როგორ მოიქცნენ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური. დიდი იმედი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" ამაზე არ წავა.

- დასასრულ, ბატონო სანდრო, რუსეთთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: ბოლო ხანს კრემლის წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ განცხადებებს საქართველოს შესახებ. შეიძლება ითქვას, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო სცენაზე გამოჩენის შემდეგ ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საკითხი, თითქოს საქართველოს ძალიან სჭირდება რუსეთთან ურთიერთობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას ერთ-ერთი ბოლო განცხადებით, თურმე ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრათ.

- ეს ფარისევლობა და ტყუილია. ისევ მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდს მიმართავენ - თან მოვენატრეთ, თან სეპარატისტებს არჩევნებს უტარებენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებაზე ლაპარაკობენ. რუსეთი, ვახტანგ VI-დან მოყოლებული, სულ გვატყუებს, თუმცა ჩვენ სულ ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ - ვტყუვდებით. იმედია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი გამოცდილება გვეყოფა, რომ ამჯერად მაინც არ დავუშვათ შეცდომა.

ცხადზე ცხადია, პუტინსა და მის დამქაშებს საბჭოთა იმპერიის აღორძინება სურთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ეს გადაშლილი ფურცელია, უკვე წასულია მატარებელი, მაგრამ ცდები კვლავაც იქნება.

მე ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად ვუყურებ. ბოლოს და ბოლოს, "დიდი თურქობა" გადავიტანეთ, ირანის თავდასხმებიც და რუსეთსაც გადავიტანთ საბოლოოდ, ერთხელ და სამუდამოდ.

ქართული ცნობიერება ენაზეც და სარწმუნოებაზეც უფრო მაღლა დგას. ალბათ, ამის თქმის გამო გამლანძღავენ, მაგრამ ქართველები ქართველებად რჩებოდნენ წარმართულ ეპოქაშიც და კომუნისტურ პერიოდშიც, როდესაც სარწმუნოება, ფაქტობრივად, აკრძალული იყო. თუმცა ქართველობა ვერ წაშალეს, დიდი მონდომების მიუხედავად.

ვინც არ უნდა ამზადონ, ხარჯონ მაგაზე ფული, გაუშვან უკრაინაში საბრძოლველად (ეგებ მიაკლან კიდეც), არაფერი გამოუვათ. გიორგაძესაც ამზადებდნენ ვითომ აქ ხელისუფლებაში მოსასვლელად წლების განმავლობაში, მაგრამ კაცმა ერთხელ ჩამოსვლაც ვერ გაბედა. ამ რომანოვ-ტირე-ფარცხალაძესაც ეგ ელის - ისე დაბერდება (თუ დაბერდა, საერთოდ), ვერც ერთი დღით ვერ ჩამოვა საქართველოში!

ყველა მოღალატის ბედი ერთია! ახლა ის ცდილობს რაღაცნაირად თავი გადაირჩინოს და თითო კაპიკი იშოვოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს არავითარი მორალი. ეს ყველაფერი რუსეთის რაღაც ტაქტიკური ნაბიჯია, არავითარი სტრატეგია ამ პოლიტიკას არ გააჩნია.