„რაკი ყველაფერს ხელს ვაჭერთ, ამასაც მივაჭირეთო...“
მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსობიდან გადაყენებისთანავე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლების ზედა ფენაში რაღაც ხდებოდა. რამდენად საფუძვლიანია ეს ეჭვი და რა შეიძლება ხდებოდეს ხელისუფლებაში, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.
- დავიწყოთ იმით, თუ როგორი გამართლება მოუძებნეს იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" 16-მა დეპუტატმა ოპოზიციის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ეს ასე ახსნეს, რაკი ყველაფერს ხელს ვაჭერთ, ამასაც მივაჭირეთ. გაგონილა ასეთი რამე პარლამენტში?! რას ვაძლევთ ხმას, არ ვიცით, მაგრამ ხმის მისაცემად რომ დაგვიბარებენ, ჩვენც გავექანეთ და ხმა მივეცითო. ეს არის აბსოლუტური უთავმოყვარეობა პოლიტიკაში, როცა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რას აძლევ ხმას. უბრალოდ, იცი, რომ ღილაკს ხელი უნდა მიაჭირო, თუკი პაპუაშვილი დაიძახებს. იმდენად ავტომატურ რეჟიმში იყვნენ, როგორც წინა კანონებს აძლევდნენ ხმას, ინერციით ოპოზიციურ ინიციატივასაც დაუჭირეს მხარი.
მართლა ძალიან საინტერესოა, "ქართული ოცნების" დეპუტაციაში რა პროცენტია ხმის ამომღები, ვისაც ან ინიციატივა აქვს, ან რაიმე შესწორება შეუტანია. ამიტომ არ გამიკვირდება, რომ აქ შეთქმულების თეორიები კი არა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ხალხის დამოკიდებულება იყოს შუაში.
- ხმა მისცეს წულუკიანმა, სამხარაძემ, მაჭარაშვილმა, კირცხალიამ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, უმრავლესობის ლიდერია და მათაც შეეშალათ? თან საუბარია იმ დრაკონულ კანონებზე, რაც პირადად კობახიძესთან ასოცირდება და იმ კანონებს შორის არის, რაზეც დასავლეთს ძალიან მწვავე რეაგირება აქვს და თქვენ ამას უბრალო დამთხვევად და შეცდომად მიიჩნევთ?
- ნუ გვექნება ილუზია, რომ ჩვენი დეპუტატები რეალური საკანონმდებლო საქმიანობით არიან დაკავებული. სინამდვილეში, ისინი იმ სისტემის ნაწილი არიან, სადაც ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ უნდა დაუჭირონ მხარი. ვინ იცის, რა გვარია უმრავლესობის ახლანდელი ლიდერი? ან ძველი ვინ იყო, გახსოვთ? ჩვენთან სისტემა აგებულია უფასურ, გაცრეცილ სახეებზე - კირცხალია იქნება, მახაშვილი თუ რომელიმე ვოლსკი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მათში ინდივიდუალიზმი აბსოლუტურად ჩაკლულია და თავს მხოლოდ ყოველდღიური ლანძღვა-გინებითა და იდიოტური განცხადებებით გვამახსოვრებენ. ვინაიდან ქალბატონი თეა მოერგო ამ სისტემას და მისი ჭანჭიკი გახდა, ისე მოიქცევა, როგორც სისტემას სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე დიდი ფიგურებიც კი აღმოჩნდნენ სისტემის მიღმა ან ციხეებში. ყოფილი ფავორიტები, რომლებიც თითქოს შეუცვლელები იყვნენ: ლილუაშვილი, ღარიბაშვილი თუ სხვები, დღეს სად არიან? ზოგი ციხეშია, ზოგი, კაცმა არ იცის, სად და მათი დაკარგვით მართვის სისტემას არაფერი დაჰკლებია. ავიღოთ თუნდაც მდინარაძე. მართალია, ის სხვებზე ოდნავ დიდი ფიგურა იყო, მაგრამ ერთი-ორი თვე რომ არ გამოჩნდეს, არც გაგვახსენდება. მის სახელთან ღირებული არაფერია დაკავშირებული. ერთი წკიპურტი და ლილუაშვილი 13 წლით ციხეში გაუშვეს - ვინმე შეწუხდა ამით? ზუსტად ასე, ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდება კობახიძის შემთხვევაშიც.
ივანიშვილი კობახიძეს აკეთებინებს ყველა ბინძურ საქმეს. ის სწორედ ამიტომ არის შერჩეული - მისი ფსიქოტიპი ყველაფერზე წამსვლელია, ყველაზე დიდ სიბინძურესა და უტიფარ ტყუილზე ხელის მომწერია. ხომ ხედავთ, როგორ იტყუება და რა სასწაულ განცხადებებს აკეთებს. ირანს ორმხრივ სანქციებს არ დავუწესებთო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ასეთი სისულელე თქვა, გაგიჟდება კაცი. მერე გამოვიდა და არასამთავრობოებზე მეორე უარესი სისულელე თქვა. ტიპი იმასაც კი ვერ ხვდება, რას ემსახურება გრანტების სისტემა. მას ჰგონია მონების შექმნას. წლების განმავლობაში თვითონ იმდენი გრანტი და ფული აქვს უცხოელებისგან მიღებული, ათი ირაკლი მელაშვილი არ ეყოფა მაგის დათვლას.
სამოქალაქო სექტორი ყველა მეტ-ნაკლებად ჯანსაღ საზოგადოებაში არსებობს. საბჭოთა კავშირშიც კი ფორმალურად მაინც არსებობდა, რადგან ეს არის სხვადასხვა თემის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, რომელიც საქმეს წინ სწევს. შენ კი არ უნდა შექმნა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა, რომ სამოქალაქო სექტორი, თვითმმართველობა და თავისუფალი საზოგადოება განვითარდეს. კობახიძეს ჰგონია, თუ მთავრობიდან რამე ფინანსდება, ის აუცილებლად მთავრობის საკუთრება უნდა იყოს. კობახიძე რომ მოაშორონ, ბლაგვი დანებით დაკეპავს ზუსტად ის ხალხი, ვინც დღეს ტაშს უკრავს. ღარიბაშვილზე რასაც დღეს ამბობენ, მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რასაც კობახიძეზე იტყვიან, მათ შორის, მისი ოჯახის კორუფციულ გარიგებებზე, მიწებზე და ა.შ.
- კობახიძის წინააღმდეგ კორუფციული თემის გააქტიურებაზე საუბრობთ?
- რა შეუშლის ხელს, რომ კობახიძეზეც გაჩნდეს კორუფციული ბრალდებები? როცა თავისუფალი სასამართლო არა გაქვს, საპროცესო გარიგება შეიძლება ნებისმიერი ბინძური გადაწყვეტილების ლეგიტიმურ საფუძვლად იქცეს. 1937 წელს ვიშინსკის პროკურატურაში მთელი რეპრესიული სისტემა აღიარებით ჩვენებებს ეყრდნობოდა. თავად ვიშინსკი წერდა, აღიარებითი ჩვენება სწრაფი მართლმსაჯულების საფუძველიაო.
სწორედ ეს სისტემა შექმნეს "ნაციონალებმა". სულ იმას ვამბობდი, ისეთი ჯანდაბა შექმნეს, რომელიც უკან მოუტრიალდებათ-მეთქი - ასეც მოხდა.
- სუს-ის უფროსის შეცვლა, რომელიც მდინარაძის კადრად ითვლება, რას ნიშნავს? ეს არის მხოლოდ მდინარაძის კადრების მოშორება თუ ივანიშვილი მისთვის რაღაც საფრთხეებს ანეიტრალებს?
- ჩვენთან თანამდებობაზე ყოფნის მთავარი კრიტერიუმი პირადი ლოიალურობა და ნეპოტიზმია.
სისტემა მიზანმიმართულად შლის პიროვნულობას და მხოლოდ უსიტყვო შემსრულებლებს აწინაურებს. პროფესიონალიზმი და ინსტიტუციური მეხსიერება არავის სჭირდება, ყველა ერთმანეთს უნდა ჰგავდეს.
ძალოვან უწყებებსაც ერთადერთი ტრადიცია აქვთ - ფარული ჩაწერა და საძინებლებში ჭვრეტა.
დღეს სუს-ის უფროსი ხარ, ხვალ შეიძლება დაგიჭირონ. ერთი კლანის წასვლას მისი ხალხიც მიჰყვება. მაგალითად, გელაძესაც იმიტომ ვერ დატოვებდნენ, რომ "სხვისი კაცი" იყო. ახალდანიშნული უფროსის სახელიც პირველად გავიგეთ და ისიც ისეთივე უპროტესტო იქნება, როგორიც წინამორბედები. ამ მორჩილების საუკეთესო მაგალითია ლილუაშვილი, რომელმაც 13-წლიანი სასჯელი ისე მიიღო, ხმაც არ ამოუღია. ფაქტობრივად, სასაკლაოზე გაუშვეს და ახლა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს იმედზეა.
უქმნიან კი ეს ადამიანები ივანიშვილს პრობლემას? არა. ძალოვან სისტემაში არ არსებობს პირი, ვისაც მისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია. ივანიშვილისთვის ეს ყველაზე წარმატებული პოლიტიკა აღმოჩნდა. თუ დასაწყისში პრინციპულ ხალხთან უწევდა მუშაობა, ახლა ისეთებითაა გარშემორტყმული, ვინც უსიტყვოდ ემორჩილება. მან სრული კომფორტი შეიქმნა და დააკანონა სტანდარტი: რაც უფრო არარაობა ხარ, მით უკეთესი. არარაობა ხომ პრობლემას ვერ ქმნის - ერთს გადააგდებს, მეორეს მოიყვანს.
- გასაგებია, რომ ეს სისტემა მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მისაღებია, მაგრამ ოდესმე ხომ მოჰბეზრდებათ?
- ოდესმე კი, მაგრამ პროცესი ნელა მიდის, რადგან ალტერნატივა არ ჩანს.
ხელისუფლება არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მოსწონთ ან არ უყვართ. არ მახსოვს საქართველოში ხელისუფლება, რომელიც ხალხს უყვარდა. ცვლილება ხდებოდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ჩნდებოდა ახალი პოლიტიკური ძალა ან ლიდერი, რომელიც ხალხში იმედს აჩენდა.
სანამ მოსახლეობა არ დაინახავს, რომ ვიღაცას, მხოლოდ ლანძღვა-გინების გარდა, საზოგადოებისთვის რაიმე პოზიტიურის შეთავაზება შეუძლია, ივანიშვილს არანაირი პრობლემა არ ემუქრება. მან საკუთარ პარტიაში ყველაფერი ისე მოაწყო, რომ პრობლემას ვეღარავინ შეუქმნის. იმავდროულად, ოპოზიციამაც თავად გაინეიტრალა საკუთარი თავი. ივანიშვილს პრობლემას ვერც საკუთარი პარტია უქმნის და ვერც ოპოზიცია. რაც შეეხება გარე რისკებს, დასავლეთი ყოველთვის ძალიან პრაგმატულია. რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ბიძინა ივანიშვილი, სხვა ალტერნატივა არ არის და საჭიროების შემთხვევაში მაინც დაელაპარაკებიან.