"დიახ, თეირანმა თბილისი გააფრთხილა და...“ - გიორგი ბილანიშვილის ანალიზი: რა სურს სინამდვილეში ირანს საქართველოსგან?!
ვაშინგტონმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული მხარე "საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით" იმოქმედებს და ითვალისწინებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სასანქციო მექანიზმებს. ეს კი ნიშნავს, რომ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდება. საპასუხოდ, საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს, და განაცხადა: "არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობაც ჩამოყალიბდეს". ამასთან, იმავე დღეს ირანის საელჩოს გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ცნობა ირანისა და რუსეთის საგარეო მინისტრების მოადგილეების შეხვედრის შესახებ, სათაურით: "ირანისა და რუსეთის მიერ ურთიერთობების განვითარების საერთო მზადყოფნის დადასტურება". ამ ყველაფერზე კი პრემიერმა კობახიძემ თქვა, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმს ითვალისწინებს, მაგრამ ამ ქვეყანას ორმხრივ სანქციებს არ უწესებს. არადა, ორმხრივ სანქციებზე, რაც თავისი არსით სულ სხვა მექანიზმია, საუბარი არც ყოფილა. გვესაუბრება ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი.
- ეს საკითხი მხოლოდ ირან-საქართველოს ურთიერთობაში არსებული პრობლემა არ არის. გაიხსენეთ, როდესაც ომის შედარებით აქტიური ფაზა იყო, მაშინაც შეინიშნებოდა მსგავსი მუქარანარევი ტონი. ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირან-საქართველოს ურთიერთობებში არსებითად რამე შეიცვალა.
სინამდვილეში შეიცვალა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობები - დასავლეთი აღარ არის საქართველოს აქტიური მხარდამჭერი. წარსულში, როდესაც ცალკეული ექსპერტები თუ პოლიტიკოსები ხშირად აპელირებდნენ იმაზე, რომ დასავლეთის მხარდაჭერა მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებოდა, ახლა, ჩვენდა სამწუხაროდ, ნათლად გამოჩნდა, თუ რას ნიშნავდა რეალურად თუნდაც ეს "მხოლოდ განცხადებები" და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობა.
ამიტომ განვითარებული მოვლენები შემთხვევითი არ არის. გასათვალისწინებელია ირანის სახელმწიფოს სპეციფიკაც. "გუშაგთა კორპუსის" რომელიმე წარმომადგენელს რომ გაეკეთებინა საქართველოს შესახებ ხისტი განცხადება, უფრო გასაგები იქნებოდა, რადგან ცნობილია, რომ იქ არსებობენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები. თუმცა მოცემულ შემთხვევაში განცხადებას აკეთებს ელჩი, რაც, ბუნებრივია, საკუთარ დედაქალაქთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. ის ფაქტი, რომ ელჩი ქედმაღლურად გვესაუბრება, მიუთითებს, რომ ისინი საქართველოს კიდევ უფრო სუსტ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ეს არ ხდება იმის გამო, რომ ირან-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე იცვლება. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება და მთლიანობაში სახელმწიფო დასუსტებულია მმართველი ძალის არათანამიმდევრული და დამაზიანებელი პოლიტიკის გამო.
- ახლა უშუალოდ ირანიდან საქართველოსთვის რა საფრთხე ჩანს?
- კონკრეტული საფრთხის იდენტიფიცირება რთულია. ირანის მიზანი საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხის რეალიზება არ არის, ეს უფრო გამაფრთხილებელი გზავნილია თეირანის მხრიდან თბილისის მიმართ. გლობალურ ჭრილში ირანის მთავარი მოწინააღმდეგე აშშ-ია და მის ინტერესებშია სამხრეთ კავკასიაში აშშ-ისა და დასავლეთის გავლენა მაქსიმალურად შემცირდეს. რეგიონულ დონეზე ირანი აცნობიერებს, რომ კავკასიაში თურქეთსა და რუსეთს გაცილებით დიდი გავლენა აქვთ, თუმცა ცდილობს ამ სახელმწიფოებმა ისიც მნიშვნელოვან მოთამაშედ აღიარონ. შესაბამისად, საქართველოს მიმართ გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ გლობალური და რეგიონული პოლიტიკური განზომილებებიდან გამომდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეგიონის დიდ სახელმწიფოებთან, მათი პოლიტიკური რეჟიმის მიუხედავად, ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებას ვცდილობთ, ირანთან განსაკუთრებულად მჭიდრო ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები არასდროს გვქონია. თუმცა ბოლო პერიოდში არაერთ პუბლიკაციასა თუ აშშ-ის ოფიციალურ განცხადებაში ფიგურირებს ინფორმაცია, რომ ირანი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს. ეს ფაქტი პირდაპირ უკავშირდება დასავლეთთან ფართო დაპირისპირების კონტექსტს. საერთაშორისო იზოლაციისა და ხანგრძლივი სანქციების პირობებში ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ალტერნატიული გზების მოძიება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს ან კიდევ უფრო გააფართოოს ის როლი, რასაც საქართველო მისთვის სანქციების გვერდის ავლის პროცესში ასრულებს.
- ირანის ელჩის მიერ რუკის გამოქვეყნება, სადაც საქართველო სანახევროდ ჩანს და ფოკუსი, ფაქტობრივად, აფხაზეთზეა, შეიძლება, რომ აფხაზეთის აღიარების მუქარად ჩავთვალოთ?
- ეს საკითხი ფართო სურათის - რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტიდან უნდა დავინახოთ. ეს ომი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით. რუსეთს ორი მთავარი ამოცანა აქვს - ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მოშლა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი პოზიციების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საწყის მიზნებს სრულად ვერ მიაღწევს, ომის დასრულება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც. თუ შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო აღმოჩნდა, საქართველოს შემთხვევაში ეს მოცემულობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც მოიცავს. ირანის მინიშნებაც უფრო ამას ეხება, რადგან რეალურად ამ რეგიონების აღიარება არ აწყობს.
უკრაინის ომის დასრულების შემდეგ, თუ რუსეთი შეეცდება საქართველოს სრულად თავის გავლენის სფეროში მოქცევას, ტერიტორიულ საკითხზე ფორმალიზებული გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო, ამ პროცესს კი საქართველო უკიდურესად დასუსტებული ხვდება - ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, ფაქტობრივად, მოშლილია, შესაბამისი ინსტიტუტები, მაგალითად, უსაფრთხოების საბჭო, გაუქმებულია, ხოლო სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ ნიშნულზეა.
ეს ყველაფერი მმართველი გუნდის დამაზიანებელი და არათანამიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის პირობებში, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, შესაძლოა მივიღოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება.
- ვთქვათ, რუსეთი ისე სუსტდება, რომ აგებს, მაშინაც დგება ეს საფრთხე?
- გააჩნია, წაგებაში რას ვგულისხმობთ. დღეს უკრაინელები დონბასს იცავენ. უკრაინამ დონეცკი მთლიანად რომც დათმოს, მაღალი ალბათობით, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება, თუმცა ცეცხლი შეწყდება. სწორედ ამ ახალ კონფიგურაციაში შეეცდება რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში საკუთარი დღის წესრიგის გატარებას - კერძოდ, კონფლიქტის ე.წ. ძირეული მიზეზების, როგორც თავად უწოდებენ, აღმოფხვრას. ამ "მიზეზებში" კი, მხოლოდ უკრაინა არ მოიაზრება, მასში საქართველოც შედის. ამ საფრთხის წინაშე მდგარ ქვეყნებს შორის კი საქართველო ყველაზე მოწყვლად პოზიციაშია.
პოსტსაბჭოთა სივრცეში პრორუსული ლიდერების არსებობის არაერთი მაგალითი გვაქვს, იქნება ეს ლუკაშენკო თუ თავის დროზე ქოჩარიანი სომხეთში. მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანს არ გაუტარებია ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც რუსეთის წინაშე საკუთარ პოზიციებს შეისუსტებდა. ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება კი საკუთარი რეჟიმის ინტერესებსაც ვერ იცავს და პოლიტიკურად თავადვე იზიანებს საკუთარ თავს. მართალია, შიდაპოლიტიკურ ველზე თავს მყარად გრძნობენ, მაგრამ რუსეთთან მიმართებაში მათი მდგომარეობა ფუნდამენტურად მორყეულია. მმართველი გუნდის ლიდერებისა და კობახიძის სატელევიზიო რიტორიკას რომ ვუსმენ, ეჭვი მეპარება, საერთოდ ჰქონდეთ მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარი. თუმცა დავუშვათ, რეალობა აღიქვეს და ახლა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ეტაპობრივად აღდგენას ცდილობენ, ეს მარტივი არ იქნება. როდესაც აშშ-ს სთავაზობენ ურთიერთობის "სუფთა ფურცლიდან" დაწყებას, ამერიკული მხარისთვის ეს სრულიად ალოგიკური წინადადებაა. წლების განმავლობაში ეხმარები უამრავი პრობლემისა და მოწყვლადი უსაფრთხოების მქონე ქვეყანას, რომელიც სანაცვლოდ გამუდმებით გადანაშაულებს ომში ჩათრევის მცდელობებში, "დიფ სთეითის" შეთქმულებებში და ა.შ. და ბოლოს კი გეუბნება, რომ ყველაფერი დავივიწყოთო. ხომ წარმოუდგენელია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ეს დაივიწყოს. რეალურად მმართველ ძალას ობიექტურად არ ესმის საკუთარი პოლიტიკური წონა და ის, თუ რეალურად ვის უფრო სჭირდება ეს პარტნიორობა. მათ, როგორც ჩანს, ჰგონიათ, საქართველო შეუცვლელი სატრანზიტო დერეფანია და დასავლეთი მასზე უარს ვერ იტყვის.
რუსა მაჩაიძე