"გვეტყვის ვინმე, რით და რატომ მოიწამლნენ ჩვენი შვილები?“ - კვირის პალიტრა

"გვეტყვის ვინმე, რით და რატომ მოიწამლნენ ჩვენი შვილები?“

ჯერჯერობით, გაურკვეველია, რა გახდა თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების მასობრივად ინტოქსიკაციის მიზეზი.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს (19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა დააზუსტა, რომ ჰოსპიტალიზაცია 100-ზე მეტ ბავშვს დასჭირდა) ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე 6 სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში... ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად, რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი, ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მიმდინარეობს მოკვლევა ეს კვებითი ინტოქსიკაციაა თუ ვირუსული"

სოფიო ცერცვაძე, იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: "სიმპტომები, ძირითადად, გასტროენტეროლოგიურია: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება. ეს კვებითი ინტოქსიკაციაა თუ ვირუსული, ამის თქმა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, მიმდინარეობს მოკვლევა, შესაბამისი ორგანოები და უწყებები ჩართულები არიან, ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან და ამ კითხვებს, ალბათ, მოგვიანებით გაეცემა პასუხი".

ციციშვილის კლინიკაში პირველ დღეს ამბობდნენ, რომ მათთან 14 ბავშვი შეიყვანეს იმავე სიმპტომებით. "ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა... უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ გაეწერებიან, მონიტორინგი სჭირდებათ, ელექტროლიტური დისბალანსის შევსება და დაკვირვება", - თქვა კლინიკის დირექტორმა. როგორც გაირკვა, მეორე დღესაც გაგრძელდა კლინიკაში ბავშვების გადაყვანა. "ჩვენს 14 პაციენტს სამი დაემატა. ამჟამად 17 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას კლინიკაში, 5 ბინაზეა. დანარჩენები გააგრძელებენ მკურნალობას", - აცხადებს ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე.

უკვე უნდა იყოს დაწყებული როგორც საკვების ნარჩენების, ისე ბავშვების ბიოლოგიური ნიმუშების ტესტირება პათოგენებზე"

მაია ბუწაშვილი, ინფექციონისტი: "ამ ტიპის აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს საკვებისმიერმა ტოქსინმა (თუ ღებინება იწყება საკვების მიღებიდან მალევე, რამდენიმე საათში. ძირითადად, სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი); ბაქტერიულმა ინფექციამ (თუ სიმპტომები დაიწყო საკვების მიღებიდან რამდენიმე დღეში - ხშირად სალმონელა), ვირუსულმა ინფექციამ (მაგალითად, ნოროვირუსმა), პარაზიტებმა (ციკლოსპორა, კრიპტოსპორიდიუმი) და სხვ. ასეთ დროს დაუყოვნებლივ იწყება ეპიდკვლევა, რასაც, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებები და სურსათის უვნებლობა უკვე ატარებენ, რომლის დროსაც დროის ფაქტორს და ოპერატიულობას გადამწყვეტი როლი აქვს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ნარჩენი საკვების ნიმუშების ამოღება როგორც საბავშვო ბაღებიდან, ასევე ცენტრალური მიმწოდებლის სამზარეულოებიდან, რომ არ მოასწრონ ნარჩენების განადგურება. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ შეწყდეს ინფიცირების ჯაჭვი. წყარო შეიძლება არა აუცილებლად მზა საკვების მიმწოდებელი კომპანია იყოს, არამედ მათთვის მიწოდებული საკვებიც, მაგალითად, პრობლემა იყოს რძის პროდუქტები, რომელთა გასაღება სხვა ადგილებზეც ხდებოდეს და არა მარტო საბავშვო ბაღებში. საჭიროა მაქსიმალურად ბევრ მშობელთან დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა, არაჰოსპიტალიზებული ბავშვების ნიმუშების მოგროვებაც. ასევე უნდა გაირკვეს, საბავშვო ბაღების გარდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფების მიმართვაც ხომ არ გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი სიმპტომებით. უკვე უნდა იყოს დაწყებული როგორც საკვების ნარჩენების, ისე ბავშვების ბიოლოგიური ნიმუშების ტესტირება სხვადასხვა პათოგენებზე. მნიშვნელოვანი ნიუანსია, ერთი წყარო იყო და ამით დასრულდა პროცესი, თუ მეორადი გადაცემა მიმდინარეობს (ანუ საბავშვო ბაღის ინფიცირებული ბავშვები არიან თუ არა ინფიცირების წყარო, ანუ როგორია მათი ოჯახის წევრების სტატუსი). ეს, რა თქმა უნდა, სრული სცენარი ვერ იქნება, ბევრი დეტალია ეპიდკვლევის დროს".

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ "ინფორმაციის მიღებისთანავე სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადაგზავნეს".

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ირწმუნება, რომ ბაღებში მაქსიმალურად კონტროლდება პროდუქტის შეტანის პროცესი. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები".

რას ამბობენ ბაგა-ბაღის დირექტორები?

თუ მართლაც ზედმიწევნით კონტროლდება ყველაფერი, რატომ მოიწამლა ერთდროულად ამდენი ბავშვი. მომხდარის გამო დაბნეული იყვნენ ბაღების ხელმძღვანელები, ნაწილი გაურბოდა ჟურნალისტებთან კომუნიკაციას, ნაწილი კი პირდაპირ საუბრობდა პრობლემაზე. ჩვენ დავუკავშირდით 49-ე ბაგა-ბაღის დირექტორს, რომელმაც თავიდან არ დაგვიდასტურა მოწამვლის ფაქტი, მერე კი, როცა მშობლის კონკრეტული სახელი და გვარი ვუთხარით, გვითხრა, რომ ინფორმაცია ჯერ არა აქვს: "ჯერ არ ვიცით სრული დიაგნოზი და არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ რითი მოიწამლა, ეს ბევრ ბაღში დაფიქსირდა და ამიტომ სრულად პასუხს ვერ გაგცემთ. ასე რომ, კარგად ბრძანდებოდეთ", - გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

მისგან განსხვავებით, მომხდარზე ისაუბრა 109-ე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარინა კობაჩიშვილმა: "ჩვენი ბაღიდან კლინიკაში სამი ბავშვია გადაყვანილი, დაახლოებით 10-მდე ბავშვია ამ სიმპტომებით. ველოდებით კვლევას. კვება ჩვენთან 100%-ით კონტროლდება".

"პედიატრი ეჭვობდა, რომ მოწამვლის ნიშნები უფრო იყო, ვიდრე ვირუსული"

მართალია, 49-ე ბაღის გამგემ ფაქტი უარყო, თუმცა ამ ბაღის კიდევ ერთი მშობელი, მარიამ გელაშვილი, ითხოვს პასუხს კითხვაზე - გვეტყვის ვინმე რითი მოიწამლნენ ჩვენი შვილები?

"ჩემი 3 წლის ბავშვი დადის 49-ე საბავშვო ბაღში. 12 საათზე დაეწყო სიმპტომები, 1 საათში გაუმეორდა ღებინება, აღარ დაველოდე გართულებას და ემერჯენსში მივიყვანე. ბავშვს გაუკეთეს გადასხმა და მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ გამოგვწერეს. უამრავი ბავშვია ამ სიმპტომებით კლინიკებში თუ სახლში. კლინიკაში იმავე სიმპტომებით ვაკის საჯარო ბაღიდანაც შემოიყვანეს ბავშვი. პედიატრი ეჭვობდა, რომ მოწამვლის ნიშნები უფრო იყო, ვიდრე ვირუსული. ექთანებმაც მითხრეს, რომ დღეს ძალიან დიდი მიმართვა აქვთ ამ სიმპტომებით. ჩვენი ჯგუფის მასწავლებელსაც აქვს იგივე სიმპტომები".

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მკურნალობის ხარჯებს სრულად დაფარავენ: "... ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში არაფერს გადაიხდიან. უკლებლივ ყველა კლინიკა გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს".

არსებული ინფორმაციით, წყალტუბოს და მარნეულის ბაღებშიც ჰქონდათ ბავშვებს ანალოგიური სიმპტომები. ერთ-ერთი მშობლის თქმით, მარნეულის მესამე საჯარო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა გამოვლინდა. ის დაახლოებით 10-12 ბავშვის მოწამვლაზე საუბრობს. როგორც ითქვა, ასევე წყალტუბოს მე-4 ბაგა-ბაღშიც დაფიქსირდა ბავშვების ანალოგიური ფაქტები.

"როგორც ჩანს, იყო კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია", - ამბობენ საგამოძიებო უწყებაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით - სიცოცხლისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაცია, რაც ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნათია ბედენაშვილი, მშობელი: "ჩემი 5 წლის შვილი ვაზისუბანში 182-ე ბაგა-ბაღში დადის. რომ ვკითხე, რა ჭამე-მეთქი, რძე დავლიე და კარაქიანი პური ვჭამეო. ბავშვს სამჯერ ჰქონდა ფაღარათი, მერე მუცელიც ასტკივდა, სიცხემაც 40 გრადუსამდე აუწია. მეორე დილას რომ შევედი მშობლების ჩატში, იქ ყველა წერდა, რომ ბავშვები მასობრივად მოწამლულან ჩვენს ბაღში და სხვაგანაც. მასწავლებელს დავურეკე და მითხრა, რატომ მოიწამლნენ, არ ვიცი, ჯერ ინფორმაცია არც მე მაქვსო. დავრეკე სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში და მოვითხოვე პასუხი, მითხრეს, რომ კვლევა დაიწყეს, გამოძიება მიმდინარეობს. რისთვის არსებობს ეს სააგენტო, თუ არ ამოწმებს, რა საკვები შედის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში? მე სახლში ვებრძვი ახლა ამ ინტოქსიკაციას, ბავშვს ისევ სიცხე აქვს".

მარიამი, მშობელი: "ჩემი შვილის ჯგუფში 20 ბავშვი მოიწამლა. ზოგი კლინიკაში მოხვდა, ბევრი სახლში აგრძელებს მკურნალობას. ოფიციალურად თქვეს, 55 ბავშვი მოიწამლაო, რეალურად სხვა ვითარებაა, მარტო ჩვენს ჯგუფში 20 ბავშვია მოწამლული. ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა სოციალურ ქსელში, სცადეს ისიც ეთქვათ, ეს ვირუსიაო, ამდენ სხვადასხვა ბაღში ყველგან ერთი ვირუსი ერთდროულად გავრცელდა? მერე აღიარეს, კვებითი ინტოქსიკაციააო. მაინტერესებს, ყველა მზარეულმა ცუდი საჭმელი გააკეთა? სავარაუდოდ შეტანილი პროდუქტი იყო უვარგისი, შესაძლოა მთელი ზაფხული ეწყოთ სადმე დაუცველ პირობებში".