უქმნის თუ არა საფრთხეს "ელ-ნინიო" საქართველოს?! - „ეს დედამიწისთვის შეიძლება ათასწლეულის კლიმატურ „აპოკალიფსად იქცეს“ - კვირის პალიტრა

უქმნის თუ არა საფრთხეს "ელ-ნინიო" საქართველოს?! - „ეს დედამიწისთვის შეიძლება ათასწლეულის კლიმატურ „აპოკალიფსად იქცეს“

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: "მოახლოებული „სუპერენინიო" მთელ მსოფლიოში ქაოსს გამოიწვევს, ჩვენ კი ამისთვის მზად არა ვართ", ნათქვამია, რომ „დიდი ალბათობით, 2026 წლის „"ელ-ნინიო" დედამიწისთვის შეიძლება ათასწლეულის კლიმატურ "აპოკალიფსად იქცეს". როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ოკეანის არნახული გათბობა მოიტანს წყალდიდობებს, გვალვებს, ხანძრებს, ხოლო ეკონომიკურმა დანაკარგებმა შეიძლება ტრილიონობით დოლარს მიაღწიოს.

კომპლექსური დაკვირვების შედეგები მოწმობს, რომ წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში მიმდინარე მოვლენები უჩვეულოა და, შესაბამისად, კლიმატოლოგები შიშობენ, რომ მზადდება ათასწლეულის აპოკალიფსი - ამინდი პლანეტაზე კატასტროფულად შეიცვლება არა მარტო მიმდინარე წლის ბოლოსთვის, არამედ მომავალ წელსაც.

„"ელ-ნინიოს" არსებობა დასტურდება ასობით მილიონი წლების განმავლობაში და შედეგები თითქმის ყოველთვის დამანგრეველი იყო. განსხვავება დღევანდელთან შედარებით ისაა, რომ ის ხდება უკვე არნახულად გაცხელებულ დედამიწაზე და ამიტომაც დამატებით მუხტს იღებს, ანუ ხდება მისი გადაქცევა ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენად.მარინა შვანგირაძე, ექსპერტი კლიმატის ცვლილების საკითხებში:

- "ელ-ნინიო" წარმოიქმნება წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში, ტროპიკებში, საკმაოდ ახლოს სამხრეთ ამერიკის კონტინენტთან და გვაქვს ორი ფაზა - "ელ-ნინიო" და "ლა-ნინია". "ელ-ნინიო" არის, როდესაც ოკეანის ფსკერიდან მოდის ძალიან ცხელი წყლის მასები, რომლებიც შემდეგ ატმოსფეროზე ახდენენ გავლენას (ანუ ეს არის წერტილი, რომელიც მთელ ატმოსფეროზე ახდენს გავლენას), მაგრამ სხვადასხვა დოზით, ანუ ამინდის ჩამოყალიბებაზე, მას ყველგან აქვს გავლენა, მაგრამ მასთან ახლომდებარე ტერიტორიებზე ძალიან ძლიერი და ზოგან შედარებით ნაკლები. როდესაც გლობალურად რაღაც იცვლება, ბუნებრივია, მას კავკასიაზეც ექნება გავლენა, აფრიკაზეც და ყველგან, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც კონკრეტულად ამერიკის კონტინენტსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე. ეს არის ორი ყველაზე კრიტიკული ადგილი, სადაც სახიფათო მოვლენები ვითარდება. ციკლი ორია: თბილი და ცივი - "ელ-ნინიო" და "ლა-ნინია" და შესაბამისად, გლობალურ ატმოსფეროში ხდება ტემპერატურების ჩამოყალიბება. ამ პროცესებზე დამატებით გავლენას ახდენს გლობალური დათბობაც. რა გავლენა აქვს გლობალურ დათბობას ოკეანეში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც, თავის მხრივ, აყალიბებს სწორედ ატმოსფეროს ტემპერატურას, ამინდს და ყველაფერს, მეცნიერები ზუსტად არ არიან ჩამოყალიბებული, რადგან დაკვირვებას დრო სჭირდება. აი, ეს პროცესები გვაქვს ახლა და თუკი ადრე ამბობდნენ, რომ თითქოს სექტემბერს უნდა დამთხვეოდა "ელ-ნინიოს" პიკი, ახლა ამბობენ, რომ პროცესი არ მორჩება არც სექტემბერში და არც ოქტომბერში, და გაგრძელდება სადღაც 2027 წლის თებერვლის ჩათვლით.

- ამასობაში კლიმატი კატასტროფულად შეიცვლება მთელ პლანეტაზე...

- ახლა მოლოდინის მდგომარეობაა... აგიხსნით, რა პროცესი მიმდინარეობს. ამერიკის კონტინენტთან ახლოს წყალი რომ თბება, არსებობს ქარები, რომლებსაც ეს წყლები გადააქვთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ქარები ჯერ არ დაწყებულა და როდის დაიწყება, სუსტი იქნება თუ ძლიერი, ეს ძალიან შეცვლის სურათს. ქარები თუ ძლიერი იქნება, მათ შეუძლიათ გადაიტანონ და გადაანაწილონ სითბო ამერიკის კონტინენტთან ახლოს. როცა ეს ქარები სუსტია, მაშინ მათ არა აქვთ უნარი, რომ გადაიტანონ ცხელი წყლები და თბილი მასები გროვდება ამერიკის კონტინენტთან (ძირითადად სამხრეთთან), მაგრამ ნაწილობრივ შუაშიც და ნაწილობრივ ჩრდილოეთითაც. თუ ქარები არ დაიწყო, ან თუ ძალიან სუსტი იქნება, მაშინ ამას გავლენა ექნება ამერიკის კონტინენტზე. თუ იქნება ნორმალური ქარი, რომელიც ამ ციკლს კლავს და სითბოს გაანაწილებს, მაშინ განსხვავებული სურათი გვექნება.

- რა მახასიათებლები აქვს "ელ-ნინიოს" და რა საფრთხის შემცველია ის, რას მოუტანს ოკეანის ასეთი დათბობა მსოფლიოს და რა გავლენა ექნება უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე?

- "ელ-ნინიოს" ნალექებსა და ტემპერატურაზე აქვს გავლენა, შესაბამისად, მან შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობები, გვალვები, ტყის ხანძრები...

ჩვენს ტერიტორიაზე ამ პროცესებს ძალიან სუსტი გავლენა აქვს, მაგრამ გლობალური დათბობის პროცესებს, რომელიც ატმოსფეროშია და არა წყალში, შეუძლია ცვლილებები გამოიწვიოს. ჩვენს ტერიტორიაზე ციკლებს და კლიმატურ პარამეტრებს ძირითადად შავი და კასპიის ზღვები აყალიბებენ. გლობალურ დათბობას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ექნება რაღაც გავლენა, რომელმაც უნდა შეცვალოს ადრე არსებული ტრენდები და შესაბამისად, წარმოდგენები/ცოდნა, მაგრამ ჩვენზე "ელ-ნინიოს" ფენომენს აქამდე დიდი გავლენა არ ჰქონია.

გარდა ამისა, ადრე რომც ყოფილიყო გლობალური დათბობის ციკლები ან "ელ-ნინიოს" ციკლი, მაშინ მოსახლეობა ნაკლები იყო, არ იყო ძლიერ განვითარებული ინფრასტრუქტურა. ამაზე სულ მომყავს მაგალითი - აჭარის სანაპიროზე საუკუნეების წინ წყლის დონე აიწევდა და გადმოვიდოდა თუ არა სანაპიროზე, არაფერს აშავებდა, ახლა სხვა სიტუაციაა. ეკონომიკა რომ ვითარდება, ის ციკლების ზრდას და უფრო მძიმე შედეგებს იწვევს.

- საფრთხეების თავიდან აცილება თუ არის შესაძლებელი?

- გლობალური დათბობის საფრთხეების წინააღმდეგ უამრავი ღონისძიებაა. "ელ-ნინიოს" შემთხვევაში, წინასწარ თუ იციან, რომ მოდის, არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, იციან, სადაც არის რისკები, ის ადგილები, სადაც საფრთხეები გამოვლინდა. როგორც კი ხანძრის პატარა კერა წარმოიშობა, იმ წუთში შესაძლებელია მისი დაფიქსირება და სწრაფი რეაგირება, რაც შეზღუდავს მის გავრცელებას მთელ ტერიტორიაზე. მაგალითად, ტყეების ხანძრისკენ მიდრეკილების ინდექსი გამოითვლება იმის საფუძველზე, თუ როგორია ნიადაგის ტენიანობა, ხმელი ხეების რაოდენობა, მიწის ზემოთ არსებული საფრის სიმშრალის კოეფიციენტი. ტყეში თუ ყველაფერი გამომშრალია, მაშინ რისკი მაღალია, თუ გავიტანთ და ტყეს მოვაცილებთ იმ მასალას, რაც ხანძრის წარმოშობას უწყობს ხელს, მაშინ სტიქიის შანსი ნაკლებია. შეიძლება სრულად ვერ დაიზღვიო თავი, მაგრამ უამრავი ღონისძიება არსებობს, რომლებისთვისაც წინასწარ უნდა ჩაიდოს თანხები და ამისთვის მზად უნდა იყოს ქვეყანა. ამ ღონისძიებებით ვერ შეაჩერებ ვერც "ელ-ნინიოს", ვერც "ლა-ნინიას" და ვერც გლობალურ დათბობას, მაგრამ, როგორც თავდაცვის საშუალება ბევრია.

- გლობალური დათბობის დროს რა რისკების წინაშე ვდგავართ და რა პრევენციული ზომების მიღება შეიძლება?

- ჩვენთან მომატებულია ტყის ხანძრები და ასეთი ტყეები უნდა აღვჭურვოთ სპეციალური მოწყობილობებით. შეიძლება ეს იყოს თბური დრონები - როცა ხანძარი იწყება, დრონებს თბური ტალღების საშუალებით შეუძლიათ სიგნალის მოწოდება. შეიძლება ხანძარი უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ეს მოწყობილობები საშუალებას გაძლევს გადაამოწმო.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეული შეტყობინების სისტემებს. ჩვენ ბევრი მოწყვლადი ტერიტორია გვაქვს და ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება წინასწარ უფრო მეტად შევამციროთ რისკები და თავიდან ავირიდოთ საფრთხეები.

- "ელ-ნინიოს" სიმძლავრეზე მხოლოდ პლანეტის გლობალური დათბობა მოქმედებს, თუ მისი მახასიათებლები ყოველწლიურად იცვლება? როგორც ამბობენ, მის გაძლიერებაზე ძალიან მოქმედებს გამონაბოლქვიც ატმოსფეროში, ანუ ნახშირორჟანგის მატებაც...

- "ელ-ნინიო" და "ლა-ნინია" წარმოიქმნება ოკეანის ფსკერზე და არავითარი კავშირი არა აქვს გამონაბოლქვთან. ნახშირბადის გარე გამონაბოლქვი იწვევს გლობალურ დათბობას, მაგრამ ოკეანის ფსკერზე წყალი რომ ძალიან ცხელდება, ამაზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნახშირბადის გამონაბოლქვს, ზუსტად არ ვიცი და არა მგონია, ასეთი გავლენა იყოს შეფასებული, ამას ბევრი დრო სჭირდება. თუმცა მეცნიერები ეჭვობენ, რომ გლობალურმა დათბობამ შესაძლოა გააძლიეროს ან ციკლები შეცვალოს. რაც დედამიწა არსებობს, ეს პროცესები სულ მიმდინარეობდა - "ელ-ნინიოები" და "ლა-ნინიები". პირველად პერუელმა მეთევზეებმა შეამჩნიეს, რომ პერიოდულად ოკეანის წყალი თბებოდა, მერე მეცნიერებმაც დაიწყეს კვლევა. გლობალური დათბობა გვიანი პროცესია. ის ციკლები, რომლებიც არსებობდა (დათბობა-აგრილების), არ იყო ისეთ მაღალ ტემპერატურებსა და ისეთ მაღალ დათბობაზე ამსვლელი, როგორც ახლა ხდება, იმის გამო, რომ ეკონომიკა გაზრდილია და შესაბამისად, ნახშირბადიც დიდი რაოდენობით არის ატმოსფეროში დაგროვებული.

- თქვით, რომ "ელ-ნინიოს" ჩვენთან ძალიან მინიმალური გავლენა ექნება, თუმცა ამინდების გაუარესებას, ალბათ, უნდა ველოდოთ...

- ყველაზე დიდი გავლენა, რაც შეიძლება იყოს, ოდნავ დაირღვეს სეზონური საშუალო მაჩვენებლები. მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, წელს ზაფხული ძალიან გრილი იყო და ეს შეიძლება "ელ-ნინიოს" გავლენაა, რადგან ქარები ჯერ არ დაწყებულა, საკმარისი სითბო ვეღარ ვრცელდება სამხრეთ-აღმოსავლეთში და გლობალურადაც, ჯერ გროვდება სამხრეთ ამერიკის ტერიტორიასთან. თუმცა უნდა ვაღიარო, რასაც მე ვგრძნობ სხვა არის და მეტეოროლოგები ტრენდებს რომ ნახავენ, იყო თუ არა მართლაც გრილი ეს ზაფხული (გარემოს ეროვნული სააგენტო შეაფასებს ამ ტრენდებს, მაშინ შეგვიძლია დასკვნის გამოტანა). დიდი ალბათობით, თუ დაიწყო კიდეც ქარები (ანუ ENSO-ს პროცესი), ჩვენს რეგიონსა და კავკასიაზე "ელ-ნინიოს" გავლენა მაინც მინიმალური იქნება. როგორც უკვე ვთქვით, არის ორი ძლიერი გავლენის არეალი - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მაგ. ავსტრალია, ფილიპინები, და ა.შ. და ამერიკის კონტინენტი, ძირითადად, სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა.

კავკასიაზე მას თითქმის არა აქვს გავლენა, მაგრამ "თითქმის არა აქვს" ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც მცირე გავლენა იყოს, იმიტომ, რომ კლიმატური პროცესები ერთმანეთთან კავშირშია. ეს მცირე გავლენა, დიდი ალბათობით, არ იქნება წყალდიდობები, ძლიერი ხანძრები, თუმცა მათ ძალიან მცირე გავლენის ალბათობა აქვთ სეზონურ ტემპერატურებზე. მაგალითად, შეიძლება ზამთარი ცოტა უფრო თბილი იყოს, ან ცოტა უფრო გრილი. სხვა მხრივ, ამ ფენომენს ჩვენთან რაიმე დამტკიცებული კავშირები არა აქვს.

პროცესი გრძელდება და მინიმუმ თებერვლის ბოლომდე ელოდებიან ქარების დაწყებას. თებერვლის ბოლომდე თუ ქარი არ იქნა, მაშინ, იმედია, ამერიკის კონტინენტი ნაკლებად დაზიანდება. ეს არის ის ინფორმაცია, რასაც გვეუბნებიან მეცნიერები მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციიდან.