სურ-ვილი და არჩევანი: სანიოლმა კვარაცხელია და 26 გამოარჩია - კვირის პალიტრა

სურ-ვილი და არჩევანი: სანიოლმა კვარაცხელია და 26 გამოარჩია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ორშაბათიდან დაიწყო ორკვირიანი შეკრება და ამ დროის განმავლობაში მიყოლებით გამართავს ოთხ მატჩს (25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ვუმასპინძლებთ, 28-ში - უკრაინას, 2 და 5 ოქტომბერს კი ორი გასვლითი თამაშია: ჯერ უნგრეთში, სამი დღის შემდეგ კი - ჩრდილოეთ ირლანდიაში). ბოლო წლების განმავლობაში, უეფა ორმატჩიან "ფანჯრებს" შემოდგომის სამივე თვეზე ანაწილებდა ხოლმე, თუმცა ზედმეტი წასვლა-მოსვლის თავიდან ასაცილებლად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ შეიმუშავა ახალი ფორმატი, რომელიც, ერთი შეკრების ფარგლებში ოთხი მატჩის გამართვას გულისხმობს.

წაგვადგება თუ არა უეფას ახალი ფორმატი - ეს ოქტომბრის პირველ კვირას გვეცოდინება. სათაურში ნახსენები გვარები კი იმის გამოძახილია - ვილის სანიოლს "ოქროს ბურთის" პრეტენდენტი კვარაცხელიას გამო "ჩვენების შეცვლა" და თავის მართლება რომ მოუწია. თუმცა - ამაზე ქვემოთ. ჯერ ფრანგი მწვრთნელის სიას გადავხედოთ:

უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის, ვილი სანიოლმა 27 ფეხბურთელი შეარჩია. სიხარულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ტოპ-ჩემპიონატებში, ერთბაშად ამდენი ქართველი ფეხბურთელი არასდროს გვინახავს და ორიოდე გამონაკლისის გარდა, ვილიმ ყველა მათგანს უხმო. ტრავმის გამო, ნაკრებს ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე გამოაკლდა დონეცკის "შახტარის" მცველი ირაკლი აზაროვი. მის ნაცვლად, სანიოლმა გამოიძახა თურქული "ბაშაქშეჰირის" 18 წლის მცველი საბა ხარებაშვილი, რომელიც ეროვნულ გუნდში აქამდეც გვინახავს. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი განაცხადი კი ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა);

დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (ქაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი (ბაშაქშეჰირი, თურქეთი);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი (ორივე - შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერსი, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი);

გვყავს დებიუტანტიც: ეროვნული ნაკრების განაცხადში პირველად მოხვდა ავსტრიული ვოლფსბერგის ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი. მისი ტყუპისცალი - "გიზი", ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში აქამდეც რამდენჯერმე გვინახავს, ახლა კი, ძმები ნაკრებშიც ერთად ივარჯიშებენ და გააგრძელებენ გზას, რომელიც, ჩვენს ნაკრებში ტყუპმა არველაძეებმა - შოთამ და არჩილმა გაკვალეს...

ეროვნული ნაკრების შეკრება ორშაბათს დაიწყო. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებთ რთულ და მნიშვნელოვან მატჩებში და ვიმედოვნებთ, სერიის მეოთხე შეხვედრის (5 ოქტომბერი, ბელფასტი) შემდეგ, კიდევ უფრო ოპტიმისტურ ხასიათზე ვიქნებით! აქვე, რადგან ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ სანქციის გამო (უეფამ საქართველო-სომხეთის მატჩის შემდგომი არეულობისთვის დაგვსაჯა), ირლანდიელებთან მატჩს მაყურებლის გარეშე ვუმასპინძლებთ. აი, 28 სექტემბერს კი, უკრაინის ნაკრებს სავსე ტრიბუნებითა და გაორმაგებული მონდომებით უნდა დავხვდეთ და უხერხულ მეტოქესთან (უკრაინის ნაკრებს აქამდე თერთმეტჯერ ვეთამაშეთ და ერთხელაც არ მოგვიგია - 7 წაგება, 4 ფრე) პირველი გამარჯვება ვიზეიმოთ!

dges-mbapestan-da-keintan-ertad-ert-erti-mtavari-pretendenti-xvichaa-da-imedi-makvs-scored-1789907429.jpg

ახლა, რამდენიმე სიტყვა პრესკონფერენციაზე, რომელიც, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გასული კვირის ბოლოს გამართა. ვილი სანიოლი მედიის ქართველ წარმომადგენლებს ყოველი სანაკრებო შეკრების დაწყებამდე გვხვდება ხოლმე და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. ფრანგ მწვრთნელს, თავის მართლება ამჯერადაც მოუწია, ოღონდ, არა ტაქტიკური სქემის, ანდა - რომელიმე ფეხბურთელის არგამოძახების, არამედ - რამდენიმე თვის წინ მიცემული ინტერვიუს გამო!

"თუ წლევანდელ "ოქროს ბურთს" ოლისე ვერ მოიგებს, ფეხბურთის საქმე ცუდად ყოფილა", - ეს სიტყვები სანიოლმა ივნისის ბოლოს, გერმანული "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა. დიახ, მაიკლ ოლისე ჩინებული ფეხბურთელია, ისიც გვესმის, რომ სანიოლს ძალიან მოსწონს თანამემამულე, რომელიც მართლაც "დაფრინავს" მის ყოფილ კლუბ "ბაიერნში", მაგრამ... როცა შენს გაწვრთნილ ნაკრებში თამაშობდეს "ოქროს ბურთის" რეალური პრეტენდენტი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია და მას არც კი ახსენებდე, მინიმუმ - არაკორექტულია. შეეძლო, ის მაინც ეთქვა - ჩემი ფავორიტი ოლისეა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ხვიჩაც იმსახურებსო... მით უმეტეს, რომ კვარამ ურთიერთშეხვედრებშიც აჯობა ოლისეს და პირადი სტატისტიკითაც!

არადა, მუსიე ვილი გაკვირვებული და ნაწყენი დარჩენილა და აკი, თქვა კიდეც პრესკონფერენციაზე - ჩემი ნათქვამის ასე გაზვიადება პატიოსან მიდგომად არ მიმაჩნიაო. საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა, თავის მართლების გარდა, ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებზე, მომავალ მატჩებზე და ნაკრების სამწვრთნელო შტაბში გურამ კაშიას გამოჩენაზეც ისაუბრა:

...ის ინტერვიუ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მივეცი და კონტექსტიც ამას ეხებოდა. უმეტეს შემთხვევაში, "ოქროს ბურთის" მფლობელს სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთაგან არჩევენ ხოლმე. იმ დროს, ოლისე ფანტასტიკურად თამაშობდა და მიმაჩნდა კიდეც ფავორიტად წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში. საბოლოოდ, მუნდიალი საფრანგეთის ნაკრებმაც ჩააგდო და ოლისემაც, ასე რომ, ახლა, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ფავორიტი აღარ არის. დღეს, მბაპესთან და კეინთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ხვიჩაა და იმედი მაქვს, სწორედ ის გაიმარჯვებს.

...6 წელია, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ, საუკეთესოდ ყველა გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიას ვასახელებ (მაშინაც კი, როცა შედარებით მოკრძალებული სეზონები ჰქონდა) და არავის შევუქივარ - სწორად მოიქეცი, ან კარგი საქმე გააკეთეო. ასე რომ, ამ ერთი მომენტის ასე გაზვიადება, სამართლიან და პატიოსან მიდგომად არ მიმაჩნია - კითხვა დამისვეს და ვცადე, პატიოსნად მეპასუხა. ბევრი შეცდომა დამიშვია და მომავალშიც დავუშვებ, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ მაქსიმუმს არ ვაკეთებ საქართველოს ნაკრებისა და თქვენი ქვეყნისთვის.

...ერთა ლიგის ახალი ფორმატი მომზადების კუთხით ბევრ რამეს შეცვლის. მიმაჩნია, რომ ცვლილებები უფრო ხელსაყრელი იქნება დიდი ნაკრებებისთვის, რომლებსაც 50-60 კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს კი მეტი პრობლემა შეექმნებათ, მოკლე პერიოდში მოთამაშეების ჩასანაცვლებლად მცირე რესურსი გვაქვს... უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, გადავეწყოთ და შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ.

...სხვადასხვა სახის პრობლემა ბევრ ჩვენს ფეხბურთელს შეექმნა - ზოგს ტრავმა ჰქონდა, ზოგიერთი ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა მოედანს და ჯერ ფორმაში არ არის... მთლიანობაში, ჩვენთვის ეს დიდი სირთულეა. მაგალითად, ძალიან რთულია კიტეიშვილის სრულფასოვნად ჩანაცვლება, ჩაკვეტაძეც ახლა დაუბრუნდა მოედანს, მაგრამ იმედი მაქვს მაინც ითამაშებს საჭირო ინტესივობით...

...ოთო მამაგეიშვილი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ იყო ნაკრების კანდიდატი. თუმცა პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ, გარკვეული პრობლემები შეექმნა და ვერ თამაშობდა. ავსტრიაში გაცილებით კარგად გამოიყურება, ნიკა გაგნიძის არყოფნაში მისი გამოძახება დროული იყო. იმედი მაქვს, მისი და გიზი მამაგეიშვილის გარჩევის პრობლემა არ მექმნება. თუ ძმის მსგავსი პროფესიონალი და მასავით დადებითი პიროვნებაა, ნაკრებში დიდი წარმატება ექნება...

...ეგოიანმა პოზიცია შეიცვალა, მაგრამ პროგრესირება არ შეუჩერებია. პირიქით, გამოცდილება სხვადასხვა როლში შეიძინა. მისი უნივერსალობა ნაკრებშიც დაგვჭირდება, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს და მჯერა - ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. ამ სანაკრებო "ფანჯარაში" ოთხი მატჩი გველის და თავის გამოჩენის შანსი ყველას ექნება.

...ირაკლი აზაროვის ტრავმის შემდეგ, მის პოზიციაზე განვიხილავდით შენგელიას, ნარიმანიძისა და გიორბელიძის კანდიდატურებს, ფეხბურთელების, რომლებსაც უკვე აქვთ სანაკრებო გამოცდილება. მაგრამ საბოლოოდ საბა ხარებაშვილის მოწვევა გადავწყვიტეთ.

... რაც შეეხება გურამ კაშიას: როცა კარიერა დაასრულა, ვუთხარი, რომ ნაკრების კარი მისთვის მუდამ ღია იქნებოდა. მთავარი ის იყო, სამომავლოდ, თვითონ რა გეგმები ექნებოდა. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს. მართალია, სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია, მაგრამ გურამს ყველა პატივს სცემს და მისნაირი პიროვნება ნაკრებს ძალიან წაადგება.

...დიდი ხანია, მაისურაძეს ვაკვირდებით. ის კარგი მოთამაშე და პიროვნებაა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სირთულეები ჰქონდა. მაგრამ ახლა სათამაშო პრაქტიკა აქვს და სამომავლოდ მისიც გვეიმედება.

...კვერნაძის პროგრესი მეც ძალიან მახარებს. "ფროზინონემ" შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა, რამაც გუნდს სტაბილურობა მოუტანა, გიორგის კი ამანაც შეუწყო ხელი და ვეცდებით, სათამაშო დრო ჩვენც მივცეთ. 3-5-2 სქემის დროს, კვერნაძის თამაში რთული იქნება. თუმცა ყველა მატჩში ამ განლაგების გამოყენებას არ ვაპირებთ.

...ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი მატჩის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება, თუმცა, ამ მატჩის გარდა, კიდევ 5 თამაში გვექნება, საბოლოო მიზანი კი ჯგუფში გამარჯვება და A ლიგაში დაწინაურებაა. რამდენი ქულა დამაკმაყოფილებს? წინა გათამაშებაში საკმაოდ რთულ ჯგფუფში მოვხვდით და პოზიციის შენარჩუნება წარმატება იყო, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ელიტაში დაწინაურება გვსურს.

P.S. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, დღემდე გამართულ ოფიციალურ მატჩებში 100 გამარჯვება აქვს. 101-ე ჩრდილოეთ ირლანდიასთან უნდა იყოს!

მატჩების განრიგი

25 სექტემბერი. საქართველო - ჩრდ. ირლანდია 20:00 (უმაყურებლოდ)

28 სექტემბერი. საქართველო - უკრაინა 20:00

2 ოქტომბერი. უნგრეთი - საქართველო 22:45

5 ოქტომბერი. ჩრდ. ირლანდია - საქართველო 22:45

რატი შელეგია