„აფხაზეთში რუსები ამაზრზენად იქცევიან, მაგრამ არ ისჯებიან. როდემდე?“ - ცემა-ტყეპა მწვადის გამო
აფხაზეთში მწვადის დაწუნების გამო 30-მდე აფხაზმა მოსკოველ ტურისტებს სასტიკად სცემა. ინციდენტი აგვისტოს ბოლოს მოხდა, რიწის ტბაზე ექსკურსიის დროს, კაფე "გროტში". ინციდენტის შესახებ ორი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ვერსია არსებობს.
როგორც დაზარალებული ტურისტებიდან ერთ-ერთი ამბობს, რიწის ტბაზე ჯიპ-ტურით იმყოფებოდნენ ის, მისი ძმა, მათი ცოლები და 8 წლის ბავშვი. ჯგუფში იყვნენ სხვებიც - სულ რვა კაცი. მძღოლმა მარშრუტს უნებართვოდ დაამატა სხვა ლოკაციაც და დაბრუნების შემდეგ ერთ კაცზე 1000 რუბლი მოითხოვა. რუსებმა გააპროტესტეს, რომ სულ რაღაც ორი თვით ადრე იგივე მომსახურება 500 რუბლი ღირდა, საბოლოოდ მძღოლმა სხვაობა დააბრუნა. შემდეგ ჯგუფი კაფე "გროტში" სადილზე წაიყვანეს. ერთ-ერთმა ტურისტმა დაიჩივლა, რომ მწვადი გამომშრალი იყო და გადახდაზე უარი განაცხადა. მამაკაცმა მეპატრონესთან საუბარი ითხოვა, მიმტანი კი ატირდა, თუმცა დავა მოგვარდა და ანგარიში ყველამ გადაიხადა. ამის შემდეგ ერთმა მძღოლმა ჯგუფის წევრი თავის მაგიდასთან დაიბარა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ სახეში გაარტყა. მძღოლს მაშინვე შეუერთდა დაახლოებით 30 აფხაზი, მძღოლები, კაფეს თანამშრომლები და იქვე მყოფებიც. მათი გაშველება ჯგუფის სხვა მამაკაცებმა სცადეს, მაგრამ მათაც დაესხნენ თავს. დაზარალებულების თქმით, მათ სცემდნენ ფეხებით, სკამებით, ესროდნენ ჭიქებს. ორმა მამაკაცმა გონება დაკარგა. ისმოდა მოწოდებები: "დახოცეთ რუსები!" და ქალებს ტელეფონების წართმევით ემუქრებოდნენ. მილიციელებმა ტურისტები გუდაუთის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რუსებიდან ერთ მამაკაცს ყბა აქვს მოტეხილი, ორს - ტვინის შერყევა, მრავლობითი დაჟეჟილობა და ჭრილობები. ტურისტები რუსეთის ე.წ. საელჩოსა და გენერალური პროკურატურის ჩართვას მოითხოვენ.
აფხაზების ვერსია რადიკალურად განსხვავებულია. კაფეს თანამშრომლებისა და რამდენიმე თვითმხილველის ვიდეოებში ისინი ამბობენ, რომ ტურისტები მთვრალები იყვნენ. შეუკვეთეს სადილი, მათ შორის ღორის მწვადი, და როცა გადახდაზე მიდგა საქმე, მწვადი "ნაგვად" მოიხსენიეს და მიმტან გოგოს შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაციის გასარკვევად მისულ კაფეს მეპატრონე ქალს კი ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი.
ინციდენტმა რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აფხაზების მიმართ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. რუსი მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ აფხაზეთში ტურისტებს აგრესიულად ექცევიან, მაღალი ფასის სანაცვლოდ უხარისხო მომსახურებასა და საკვებს სთავაზობენ. "ასეთი ინციდენტების შემდეგ ბევრი დაფიქრდება, ღირს თუ არა აფხაზეთში წასვლა, თუ იქ შეიძლება გამომშრალი მწვადის გამო სახეში მოგხვდეს?" - წერენ რუსები.
თუმცა ყველა რეაქცია ანტიაფხაზური არ ყოფილა. ნაწილი წერდა, რომ კურორტებზე ყოფითი ჩხუბები სხვა ქვეყნებშიც ხდება და ამ ინციდენტის გამო მთელი აფხაზეთისა და მისი მოსახლეობის ლანძღვა უსამართლოა.
აფხაზურ სოციალურ ქსელებში კი წერენ, რომ რუსები პატივს არ სცემენ აფხაზურ ეთიკურ ნორმებს და კულტურას, სანაპიროს გარეთაც ნახევრად შიშვლები დადიან. არ გამოჩნდნენ საზოგადოებრივ ადგილებში ნასვამ მდგომარეობაში და ყბები ხელუხლებელი დარჩებათ.
ერთ-ერთ ვიდეოში ქალაქში მიმავალი მამაკაცი შორტშია, ქალს კი საცურაო კოსტიუმზე გამჭვირვალე ქსოვილი აქვს მოსხმული. სხვა ვიდეოში ბიჭვინთის სანაპიროზე ტურისტების ჩხუბია ასახული. კომენტარებში რუსი ტურისტების დასჯას ითხოვენ: "რატომ აქვთ უფლება ასე თავხედურად ილაპარაკონ? რუსეთში ამ ხულიგნებს მაშინვე დააპატიმრებდნენ, აფხაზეთში ისინი ამაზრზენად იქცევიან, მაგრამ არ ისჯებიან. როდემდე?"
რიწის ინციდენტამდე, სოხუმში კაფე-ბარ "ნემოსთან" რუსი ტურისტი ქალის ცემის საქმეზე 36 წლის ახრა კვეკვესკირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს რუსი ტურისტის გაცნობა სურდა. ქალმა უარი უთხრა, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალზე იძალადა. ტურისტი საავადმყოფოში აღმოჩნდა - მას ფეხებსა და ხელებზე მრავლობითი დაჟეჟილობები, სახეზე ჭრილობები და ტვინის შერყევა ჰქონდა. დაზარალებულის ახლობლების თქმით, საავადმყოფოში ქალთან მივიდნენ პირები, რომლებიც სთხოვდნენ, მილიციისთვის არ მიემართა და აფხაზეთიდან რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო.

"ბევრი რუსის აზრით, აფხაზეთი რუსეთის ნაწილია და ამიტომ მეტის უფლება აქვთ"
გიორგი ჯახაია, ბლოგერი: - რუსი ტურისტი აფხაზეთისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და, ბუნებრივია, აფხაზებს უხარიათ, როცა ტურისტები ფულს ხარჯავენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რუსი ტურისტები უყვართ. უკრაინის ომამდე, აფხაზეთში, ძირითადად, დაბალშემოსავლიანი ტურისტები ჩამოდიოდნენ, ომის დაწყების შემდეგ კი შეძლებული რუსებიც გამოჩნდნენ. მათ შორის არიან სამხედროების ოჯახის წევრები, რადგან მათთვის საზღვარგარეთ მოგზაურობას პრობლემები ახლავს - ეშინიათ, რომ შეიძლება დააკავონ. აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც ფული უცებ იშოვა და ამას ქცევაშიც ავლენს. თვრებიან, შოვინისტური გამოხდომები აქვთ. ეს აფხაზებს ძალიან აღიზიანებთ და კონფლიქტები ამიტომაც ხდება. ამასთან, აფხაზეთში ხშირია ტურისტების გაქურდვის შემთხვევები, ასევე გაუპატიურება, ცემა, მკვლელობა. გაუპატიურების ფაქტებს მხოლოდ მაშინ ახმაურებენ, როცა დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკითაა ჩადენილი. შარშან აფხაზმა გააუპატიურა რუსი ტურისტი და სახე ქვებით დაულეწა. გოგო გადარჩა და სასამართლოში იჩივლა, ფულად კომპენსაციას ითხოვდა და ფაქტიც ამიტომ გახმაურდა.
პრობლემურია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევები. რუს ტურისტებს ან ინვესტორებს შეიძლება უთხრან, რომ სახლს ან მიწას იაფად მიჰყიდიან. აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების პირდაპირ გადაფორმება სამართლებრივად შეუძლებელია, ამიტომ გარიგებები სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ხდება. მყიდველი ფულს იხდის, მაგრამ მოტყუებული რჩება - სახლი ან მიწა ისევ აფხაზის საკუთრებაა.
- კონკრეტულად რა აღიზიანებთ აფხაზებს რუს ტურისტებში ყველაზე მეტად?
- არ მოსწონთ, როცა ტურისტები ქალაქში შორტებითა და შილიფად ჩაცმულები დადიან. რუსი ტურისტების უმრავლესობა თავხედია, განსაკუთრებით, როცა თვრებიან. აფხაზეთში მათი თავხედური, ქედმაღლური ქცევა და შოვინისტობა აღიზიანებთ. ბევრი რუსის აზრით, აფხაზეთი რუსეთის ნაწილია და ამიტომ მეტის უფლება აქვთ. თვითონ მოსკოვის პოლიტიკაა იმისკენ მიმართული, რომ საზღვარი გააქროს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ადამიანების გონებაში და იქ თავი ისე იგრძნოს, რომ რუსეთშია - რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავით ჩადის, აეროპორტში, რომელიც ეკუთვნის რუსულ კომპანიას, რუსული ავტობუსით მიდის რუსულ სასტუმროში. აფხაზეთში დიდი სასტუმროები რუსული კაპიტალით რუსებისთვის არის აშენებული. იქ ის რუსულად საუბრობს, რუსულ ფულს იყენებს, ქუჩებში რუსულნომრიანი მანქანები დადის, მილიციელებს რუსული ფორმა აცვიათ, იქ რუსული ჯარი დგას. შეიძლება მთელი დასვენება ისე გაატაროს, რომ აფხაზებთან თითქმის არ ჰქონდეს შეხება. ამიტომ მას შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ისევ რუსეთშია, ეს კი აფხაზებს აღიზიანებთ, რადგან მათთვის საკუთარი "სახელმწიფოებრიობისა" და იდენტობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.
ეკატერინე ბასილაია