რატომ გახდა ისტორიის ახალი სახელმძღვანელო კრიტიკის საგანი
ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელოს პრინციპით სკოლის მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სასკოლო სახელმძღვანელოები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. განათლების სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოცემული სხვადასხვა საგნის წიგნები უხარისხოა. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ისტორიის სახელმძღვანელო, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება და საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი ნაწილია ცნობილი.
"მივიღეთ უხარისხო წიგნები, არც ერთი საგნის სახელმძღვანელო შესაბამისობაში არ არის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპებთან", - ამბობს ნიკო სილაგაძე, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი და განათლების სპეციალისტი. მისი შეფასებით, განათლების რეფორმის აქცენტი შეიცვალა.
"წინა პერიოდში აქცენტი იყო, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებს და მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა რესურსით - მასწავლებლის ათვლის წერტილია განათლება, აქ კი შემოვიდა პრინციპი, რომ არსებობს ერთადერთი, ყველაზე მორგებული წიგნი, სადაც გაცხადებულია ჭეშმარიტება. ეს დიდი დარტყმაა დიდაქტიკასა და რეფორმის ფილოსოფიაზე".
განათლების სპეციალისტი მიუთითებს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა წიგნები უკვე დაიწერა და სწავლის დაწყებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე დამტკიცდა სასწავლო გეგმა.
"თუკი აქამდე მსოფლიო და საქართველოს ისტორია იყო ერთი საგანი, ახლა აღმოჩნდა, რომ ორია - საბაზო და საშუალო საფეხურზე. მსოფლიო ისტორიას საბაზოზე მხოლოდ ერთი საათი აქვს და წარმოუდგენელია ამ დროში პროგრამის დაძლევა, საშუალო საფეხურზე კი მსოფლიო ისტორია აღარ ისწავლება. საქართველოს ისტორია კი წარმოდგენილია არასერიოზული, ექსპერიმენტული ფორმატით", - ამბობს სილაგაძე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავენ. განმარტავენ, რომ მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სწავლება ქრონოლოგიურ პრინციპს ეფუძნება, მე-10 კლასის სახელმძღვანელო კი თემატურადაა შედგენილი. უწყების ხელმძღვანელის მოადგილე თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ პროცესი ერთი წელი საპილოტე რეჟიმში იქნება და მზად არიან უკუკავშირის მისაღებად, თუმცა სპეციალისტების ნაწილისთვის უწყების ასეთი პოზიცია გაუგებარია.
"პილოტირებას აქვს ძალიან კონკრეტული დატვირთვა: მე შევქმენი რაღაც პროდუქტი/სერვისი და მცირე რაოდენობის ჯგუფთან შემაქვს ის პრაქტიკაში გამოსაცდელად, მაგრამ როცა რაღაც დაწერე და 2000 სკოლაში შეგაქვს, ეს რანაირი პილოტირებაა? (მესმის, მაგალითად, 35 სკოლაში რომ შეგქონდეს). ამდენი ხარჯი გაიღე, ამდენი წიგნი დაიბეჭდა... ყველა წიგნი, რაც გამოვიდა, პირველი სემესტრისაა. მხოლოდ პირველი ნაწილების დაწერა მოასწრეს. იტყუებიან, ამბობენ, თითქოს ბავშვის ჩანთა მძიმდება. მე რომ მასწავლებელი ვარ, ამიტომ ვერ ვხედავ ჩემი საგნის წიგნს თავიდან ბოლომდე? რა პრობლემა იყო, სამად გაყოფილად დაებეჭდათ და მოსწავლეს მხოლოდ ერთი წაეღო, დანარჩენ ორს კი სახლში შეინახავდა", - ამბობს ნიკო სილაგაძე.
რატომ არის, მაგალითად, ისტორიის სახელმძღვანელო უხარისხო, ამაზე დარგის სპეციალისტებს კონკრეტული პასუხები აქვთ. გიორგი არქანია, რომელიც უახლესი ისტორიის მკვლევარია, ამბობს, რომ დაინტერესდა მისი კვლევის სფეროსთან შესაბამისი გაკვეთილით, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ეროვნულ-განმათავისუფლებელ ლიდერებს შეეხებოდა, ანალიზის შედეგად კი გაკვირვებული დარჩა, რადგან ბევრი უხეში ფაქტობრივი შეცდომა აღმოჩნდა. ისტორიკოსი ამბობს, რომ შეცდომები შეხვდა ცნობილი დისიდენტური ორგანიზაცია „"ჰელსინკის ჯგუფის"“დაარსების შესახებ; 1988 წლის ნოემბრის ცნობილი აქციებისა და გამოსვლების, მიხაილ გორბაჩოვის შედგენილი კონსტიტუციის შესახებ. არქანიას ინფორმაციით, წიგნში არასწორია ზვიად გამსახურდიას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ინაუგურაციის თარიღიც. ისტორიკოსი დეტალურად გვიყვება, თუ რატომ მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელო მეთოდოლოგიურადაც გასამართია.
უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
"წერია 1956 წლის პროკლამაციაზე (ვგულისხმობ „"გორგასლიანს"“), რომლითაც მათ ქართველებს მოუწოდეს ბრძოლისკენ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, კომუნისტების და მოსკოვის დიქტატის წინააღმდეგ. ამ პროკლამაციაში ახალგაზრდები, მათ შორის ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვები, ახსენებდნენ, რომ 9 მარტის სისხლიანი მოვლენები, 1924 წლის აჯანყების სასტიკი ჩახშობა და 1937 წლის რეპრესიები ამ ოკუპანტების მიერ იყო ჩადენილი. ამ ყველაფრის მოსწავლისთვის გაცნობის ნაცვლად, საუბარია იმაზე, რომ ეს პროკლამაცია მიეძღვნა 1956 წლის უნგრეთის მოვლენებს. უნგრეთის მოვლენა მოყვანილია ისე, რომ არც არის ახსნილი, რაზეა საუბარი, რა მოხდა უნგრეთში. ჩვენ ხომ ვსაუბრობთ მე-10 კლასის მოსწავლეზე და არა, ვთქვათ, ისტორიკოსზე, რომელიც მარტივად გაიგებს, რაზეა საუბარი, თანაც, წინა კლასებში საერთოდ არ არის გათვალისწინებული უნგრეთის მოვლენები. ყველაზე გამართლებული იქნებოდა, რომ ეს პროკლამაცია წყაროს სახით მოეტანათ ავტორებს, შეკითხვები დაესვათ და საშუალება მიეცათ მოსწავლეებისთვის, თავად გამოეტანათ დასკვნები".
"ერთ-ერთ გაკვეთილში საუბარია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის მომენტზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამდენი წელი გავიდა ამ მოვლენიდან, და სახელმძღვანელო ამ მოვლენას ჯერ კიდევ აფასებს როგორც "თბილისის ომს"“ და არა, ვთქვათ, სახელმწიფო გადატრიალებას, მაშინ როდესაც ეს იყო კლასიკური, შეიარაღებული გზით მომხდარი სახელმწიფო გადატრიალება, ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. გადატრიალების შემდეგ მოსული პოლიტიკური აქტორები: თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი, ედუარდ შევარდნაძე და სხვები ამას უწოდებდნენ "თბილისის ომს". ამით მათ სურდათ იმ დანაშაულებრივი კვალიფიკაციის გადაფარვა. 2000-იან წლებში პარლამენტის მიერ ოფიციალურად არის მიღებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ეს მოვლენა შეფასებულია სახელმწიფო გადატრიალებად და ჩვენ მოსწავლეს ამას არ ვეუბნებით. ეს არის დიდი დანაშაული ახალგაზრდა თაობების წინაშე, რომლებმაც უნდა გაიაზრონ ეს მოვლენა, რომელიც დღეს არსებული უამრავი პრობლემის მიზეზთა მიზეზია".
"გიორგი სააკაძე პირდაპირ არის გამოყვანილი, როგორც გმირი და მოსწავლისთვის მისაბაძი ადამიანი. გიორგი სააკაძე ნამდვილად არ არის ცალსახად შეფასებული საქართველოს ისტორიაში; მასზე დისკუსიები, იმიტირებული სასამართლოები იმართებოდა დიდი ხნის განმავლობაში, სადაც მხარეები კამათობდნენ სააკაძის პიროვნებაზე. სააკაძის მაგალითის მოტანა ცალსახად დადებით კონტექსტში არის საბჭოთა პერიოდის მიდგომა. მისი პიროვნება იძლევა საშუალებას, რომ ძალიან დავეჭვდეთ მის დადებით პიროვნებაში. წყაროებიდან ვიგებთ, რომ ის შაჰ-აბასის ერთ-ერთი მრჩეველი იყო, ირანელების კახეთში ლაშქრობის დროს ეხმარებოდა მათ სამხედრო კამპანიის უკეთ დაგეგმვაში, თუ როგორ დაეპყროთ უფრო მარტივად კახეთი. მოკლედ არის მოცემული თითქოს ალტერნატიული აზრები სააკაძის შესახებ, მაგრამ თავად გაკვეთილის ძირითადი აზრი მისი დადებითად წარმოჩენაა. უმჯობესი იქნებოდა, შეგვეთავაზებინა მოსწავლისთვის ამ პიროვნების შესახებ დადებითი და ნეგატიური პოზიციები, წყაროები, და ამის შემდეგ მოსწავლეებს შეეძლებოდათ მსჯელობა, დისკუსია".
ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორები ისტორიკოსები ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე ბოშიშვილი არიან. სახელმძღვანელოზე მომუშავე ჯგუფი ამბობს, რომ წიგნში შესულია ყველა ის საკითხი, რომლებიც გადამწყვეტია საქართველოს ისტორიისთვის. გიორგი კალანდია, სოციალურ ქსელში კრიტიკას პასუხობს: "დიდი მონდომებისა და გვერდების საგულდაგულო "ჩხრეკის"“ შემდეგ, კრიტიკოსებს საბოლოოდ მაქსიმუმ ორი კორექტურული ხასიათის უზუსტობის იმედიღა რჩებათ. წიგნი მართლაც საუცხოო გამოვიდა და ამას განსაკუთრებული სიამოვნებით იმიტომ ვამბობ, რომ მისი გაფორმების ხარისხის, ილუსტრაციების სიმდიდრის, უნიკალური ფოტომასალისა და თანამედროვე დიზაინის აღიარება თვით ყველაზე მონდომებულ კრიტიკოსებსაც კი უწევთ".
იმას, რომ სახელმძღვანელო კარგ ილუსტრაციებსა და რუკებს შეიცავს, მართლაც ხაზს უსვამენ კრიტიკოსებიც, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ეს საკმარისი არ არის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თეა ქარჩავა ამბობს, რომ ვიზუალური თვალსაჩინოებები დეკორის ფუნქციას ასრულებს და ილუსტრაცია და რუკაც სასწავლო ინსტრუმენტად უნდა იქცეს.
"ტექსტები საკმაოდ მოკლებულია სხვადასხვა პერსპექტივიდან საკითხის შესწავლას. ვხედავთ პირდაპირ, ერთიან, სწორხაზოვან ნარატივს. ეს არ არის თანამედროვე მიდგომა. თუ გვინდა [სახელმძღვანელო] იყოს კარგი სადღეგრძელოს კრებული, კი ბატონო. მწირია მაღალსააზროვნო უნარებზე გამიზნული შეკითხვები. ვფიქრობ, ასეთი დაჩაგრული და გაპარტახებული არც ერთი დისციპლინა არ არის წარმოდგენილი, როგორც ისტორია. როგორც ჩანს, ის არის ყველაზე პოლიტიკური საგანი და ყველა მეტ წნეხშიც აღმოჩნდა".
თეა ქარჩავა ამბობს, რომ სახელმძღვანელოების მომზადებაში პრობლემები იყო, თუმცა ახლა რაც ხდება, პროცესის გაუმჯობესებას არ ემსახურება. "როდესაც კონკურსის სახით შემოჰქონდათ სახელმძღვანელოები, სხვადასხვა გამომცემლობა ჯგუფებს შემდეგი პრინციპით ადგენდა: ჯგუფში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ დარგის მეცნიერები, შესაბამისი ეპოქის მიხედვით. მაგალითად, ანტიკური ისტორია არ უნდა დაწეროს შუა საუკუნეების ან ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალისტმა, საჭიროა ჯგუფში კონკრეტული ეპოქის მცოდნე იყოს მოწვეული. ასევე აუცილებელი იყო კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც ისტორიის სწავლების მეთოდიკაში არიან გარკვეული და შემოთავაზებულ ტექსტებს სასწავლო რესურსად აქცევენ. პროცესში ჩართულნი იყვნენ ფსიქოლოგებიც", - გვიყვება თეა ქარჩავა.
ისტორიის დოქტორისთვის მიუღებელია ისიც, რომ მე-10 კლასში მოსწავლეები მსოფლიოს ისტორიას აღარ ისწავლიან. ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ არ უძღოდა არანაირი მოკვლევა. ისტორიკოსი რისკების შესახებაც საუბრობს:
"საქართველო მიერთებულია ევროსაბჭოს ქოლგის ქვეშ მოქმედ საერთო ევროპულ ორგანიზაციას - ისტორიის ობსერვატორიას, რომელშიც გაერთიანებულია ევროპული ქვეყნები. მიერთებული ქვეყნები იკვლევენ კურიკულუმებს, სახელმძღვანელოებს, სწავლობენ გამოწვევებს და მუშავდება რეკომენდაციები. ჩვენ, ალბათ, აქედანაც ამოვვარდებით. როგორ უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვე მეთოდიკას მივსდევთ?"
როგორც სპეციალისტების ნაწილისგან მოვისმინეთ, სახელმძღვანელოების შექმნის პროცესს ფუნდამენტური სისტემური ხარვეზები ახლავს: მათ ძირითადად უნივერსიტეტის თანამშრომლები წერენ, სკოლის რეალობისა და პედაგოგების პრაქტიკული ჩართულობის გარეშე. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ უახლესი ისტორიის მკვლევრებს რეორგანიზაციის საბაბით წლებია დაკეტილ არქივებზე (უშიშროების და კომუნისტური პარტიის მასალებზე) წვდომა არა აქვთ, რაც, როგორც ამბობენ, სრულფასოვან კვლევით პროცესს, ფაქტობრივად, გამორიცხავს.
მარიამ ბუკია