პროგნოზი, რომელიც ახდა - რა მოხდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ და რა მოხდება 2028 წლის არჩევნების წინ
ამ სტატიის დაწერას არ ვაპირებდი, რომ არა ერთი ფბპოსტი. წერილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომელმა ელენე ბენიძემ გამოაქვეყნა. აი, რას წერს ის:
"ძალიან რთულია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა, თუმცა, როცა ყველანაირ წითელ ხაზს კვეთენ, სრულიად უგულებელგყოფენ და პასუხის ღირსადაც არ გთვლიან, სრულად გამართლებულად მიმაჩნია, ასე საჯაროდ საუბარი.
მოგეხსენებათ, უკვე 6 წელია ვმუშაობ ტელეკომპანია "ფორმულაში" და ამ 6 წლიდან, ალბათ, მხოლოდ 2 წელი თუ იყო ფინანსურად სტაბილური. მას შემდეგ კი, რამდენი ხანია, მუდმივად გვესმის, რომ კომპანიაში ფინანსური კრიზისია, ხელფასები არ გაიცემა, როდის რა ჩაირიცხება ან საერთოდ ჩაირიცხება თუ არა - არავინ იცის. ამ ყველაფერს გაგებით უნდა მოეკიდო, რადგან, როგორც გეუბნებიან, ეს შენი არჩევანია, სხვა შემთხვევაში უნდა შეწყვიტო შენი საქმის კეთება, დაწერო განცხადება და წახვიდე.
ბოლო ერთი წელია, განსაკუთრებით მძიმე ფინანსური კრიზისია. მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი კონკრეტული გადაცემისთვის "ბიზნესი დღეს", რომელსაც სპონსორებისგან სრულად მოჰქონდა საკუთარი გადაცემის დასაფინანსებლად საჭირო თანხა, ხელფასები მაინც არ გაიცემოდა. მიზეზი ისევ იგივე იყო ფინანსური კრიზისი და ის, რომ შემოსული თანხები სხვა გადასახადების დასაფარად უნდა მიმართულიყო.
ამასობაში მომიწია დეკრეტში გასვლამ. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ დეკრეტში გასვლამდე თითქმის ოთხი თვის განმავლობაში ისე ვიმუშავე, რომ ფაქტობრივად, მე მჭირდებოდა თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ სამსახურში სრულფასოვნად მემუშავა. დადგა ოთხთვიანი ფასიანი დეკრეტული შვებულების დროც. თუმცა მას შემდეგაც, რაც უკვე არაერთი თვე გავიდა, მხოლოდ ორჯერ ჩამერიცხა თანხა. ის პერიოდი კი, როცა ორსულად ვმუშაობდი და რომლის ანაზღაურებაც დღემდე არ მიმიღია, ამ დროის მონაცემებით, გაყინულ თვეებად ითვლება. პოსტს თან ვურთავ ყველა იმ სქრინს, სადაც ჩანს, რამდენჯერ მივმართე თხოვნით კომპანიის დირექტორს მიშა მშვილდაძეს, რომ თუნდაც ერთი თვის ანაზღაურება მაინც ჩაერიცხათ ჩემთვის, როგორც დეკრეტში მყოფი თანამშრომლისთვის.
არაერთხელ ავუხსენი, რომ მაქვს საჭიროებები და მჭირდება ჩემი კუთვნილი ანაზღაურება. პასუხს ხედავთ სადმე?-ვერსად. იმიტომ, რომ ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი. თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს. შენი ვალდებულებები - მათ შორის საბანკო ვალდებულებები - არავის აინტერესებს.
რადგან 18 სექტემბერს სრულდება ჩემი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, ეიჩარს წინასწარ ვაცნობე, რომ სამსახურში დაბრუნებას აღარ ვაპირებ და მინდოდა ეს ყველაფერი მშვიდად და წყნარად დაგვესრულებინა ყოველგვარი სასამართლო დავისა და სხვა თანმდევი პროცესების გარეშე. პასუხად მივიღე, რომ საკითხს განიხილავდნენ და პასუხს მეტყოდნენ. დღეს, დილიდან, ვცდილობ გავარკვიო, რაზე იმსჯელეს და რა გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ მომხდარა, რამდენიმესაათიანი ხვეწნის შემდეგ ეიჩარი აბრუნებს აბსურდულ პასუხს. ამ პასუხზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ, როცა ჩემი ადვოკატი ყველაფერს დეტალურად გაეცნობა. მე არ ვიცი, კიდევ რომელიმე კრიტიკულ მედიაში ხდება თუ არა მსგავსი რამ და აქვთ თუ არა თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ის, რაც აქ ხდება, არსად მინახავს და არც გამიგია. ძალიან მიჭირს და მიმძიმს თითოეული ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ საკუთარი თანამშრომელი ისე არ უნდა გაამწარო, რომ საბოლოოდ აქამდე მიიყვანო. ბევრი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, პასუხიც კი არ მიმიღია კითხვაზე - როდის და რა გზით მივიღებ ჩემს კუთვნილ თანხას, რომელიც არცთუ ისე მცირეა იმისთვის, რომ უბრალოდ ხელი ჩაიქნიო და აღარ მოითხოვო. მოკლედ, აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში და ამ საქმეს ბოლომდე, ბოლომდე მივიყვან. აქ ფინანსებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის სხვა რამეა: როცა შენი თანამშრომელი წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირნათლად შეასრულოს თავისი საქმე და გემსახუროს, მინიმუმ პასუხის ღირსად მაინც უნდა ჩათვალო.
პ.ს. კიდევ ბევრი დეტალია საინტერესო, მათ შორის, რა ბედი ეწია 2025 წლის საპენსიო თანხებს. ამაზეც ოდნავ მოგვიანებით", - წერს ელენე ბენიძე.
მძიმე წასაკითხია არა მხოლოდ ის, რომ ადამიანს კუთვნილი ანაზღაურება სჭირდება, არამედ პირველ რიგში, ხელმძღვანელობის დამოკიდებულება თანამშრომლისადმი. ადამიანს ჯობს მწარე სიმართლე უთხრა, ვიდრე გაურკვევლობაში ამყოფო. ისიც ვიცით, რომ ხშირად ადამიანი თავისი აუღებელი ხელფასის მძევალი ხდება - თუ წახვალ სამსახურიდან, იმ მცირე იმედსაც უნდა დაემშვიდობო, რომ კუთვნილი ანაზღაურება ნაწილობრივ მაინც ჩაგერიცხება.
ელენე ბენიძის ბედი ბევრმა მედიასპეციალისტმა გაიარა. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზი აქვს - პოლიტიკური მიზნით შექმნილი მედიასაშუალების სპონსორს ერთ მშვენიერ დღეს აღარ უნდა მილიონობით ლარის ჰაერში გასროლა და დაფინანსების "ონკანი" იკეტება. "ფორმულას" მთავარმა სპონსორმა დავით კეზერაშვილმა დიდი ხნის წინ ჩათვალა, რომ აღარ უღირს არხის დაფინანსება. არადა, თავის განცხადებაში, როდესაც ტელეარხის დაფუძნება დააანონსა (01.08.2019 წელი), თქვა, ტელეკომპანიის მიზანი ის არის, რომ ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავიაო. ეტყობა, "კეზერამ" ჩათვალა, რომ მიზანი მიღწეულია, თორემ ისე, ფული მას არ გამოლევია. და ამ არხის უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლების უფლებებს ვინ დაიცავს?! იმაზე აღარ გავაგრძელებთ სიტყვას, ვინ არის საერთოდ კეზერაშვილი და რა მოაქვს მასთან საქმიან ურთიერთობებს.
"მთავარი არხი" უკვე კარგა ხნის დახურულია. პრინციპში, აქაც ზემოხსენებული სცენარით განვითარდა მოვლენები. ჯერ ერთი, კრიზისი გადაიარეს და თანამშრომლები თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასს. შემდეგ თითქოს "დასტაბილურდნენ", მაგრამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისევ ფინანსური კრიზისი დაიწყო, რაც საბოლოოდ, დახურვით დასრულდა. ათობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, რომელთაც კისერზე საბანკო სესხები აწევთ.
"მთავარი არხისა" და "ფორმულის" შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, სპონსორებმა ჩათვალეს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკურ შედეგს ვერ მიაღწიეს ან ნაწილობრივ მიაღწიეს და აღარ უღირთ შემდეგ დიდ არჩევნებამდე არხების შენახვა. და სულ არ ადარდებთ, რას იზამენ თავიანთ პრობლემებთან პირისპირ დარჩენილი თანამშრომლები (რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო "მთავარი არხისთვის" სიცოცხლის შენარჩუნება, მაგრამ არ გააკეთა).
ასევე, რატომღაც დარწმუნებული ვარ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კვლავ ვნახავთ "ერთჯერად" ტელევიზიებს. კვლავ გაიცემა დაპირებები ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის თუ ტექნიკური პერსონალისთვის, რომ არა, ეს მედია წინამორბედების ბედს არ გაიზიარებს, მუდმივად იქნება და ა.შ. არაადეკვატური ხელფასებით მიიზიდავენ თანამშრომლებს და შემდეგ, რაც მოხდება 2028 წლის არჩევნების შემდეგ, იხ. ზემოთ.
სხვათა შორის, მოვლენების ასეთ განვითარებას ჩვენ ვპროგნოზირებდით 2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში "პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!"
გთავაზობთ ეპიზოდს სტატიიდან:
"საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მედიის გამორჩეული სახეობის - ტელემედიის დიდი ნაწილი პოლიტიზებულია, პოლიტიკური მხარეების (ხელისუფლება და ოპოზიცია) დანამატია, კომერციული ინტერესი კი მეორე თუ მესამე პლანზეა გადაწეული. ტელემედიის დიდი ნაწილის მუშაობაში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია და არა კომერციული.
პოლიტიკურ მხარეებს არ აინტერესებთ ბალანსი ხარჯებსა და შემოსავლებს შორის და ბიზნესგანვითარების სტრატეგია, მათთვის მთავარია პოლიტიკური დღის წესრიგი. შესაბამისად, კონტროლირებად ტელევიზიებში "ასხამენ" არარაციონალურ სახსრებს, აქვთ არაადეკვატურად მაღალი ხარჯები, რომლებიც, როგორც წესი, იზრდება არჩევნების მოახლოებისთანავე. იქ მომუშავე პროფესიონალები ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორ მოარგონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სპონსორ პოლიტიკურ მხარეს. ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი.
როდესაც ტელევიზიების მფლობელები არხს განიხილავენ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და არა ბიზნესს, ძალიან რთულია, მედია იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.
და რაც მთავარია - როდესაც ჭარბობს პოლიტიკური კონტექსტი და ამას, არცთუ იშვიათად, ობიექტურობა ეწირება, ტელემედია ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას - საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარება.
გარდა ამისა, ეს აზიანებს მედიაბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს. რთულია სატელევიზიო ბიზნესმოდელის შექმნა, როდესაც შენს კონკურენტებს შეუძლიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ათჯერ და ასჯერ მეტი ფულის "გასროლა", რომელსაც შემოსავლის სახით უკან ვერასოდეს ამოიღებენ (და არც აინტერესებთ)...
პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს სტაბილურობის სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. ათეულობით მაღალ ხელფასს შეჩვეული ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი რჩება უმუშევრად. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ვისურვებდით, რომ დაჩქარებულიყოს პროცესი, როდესაც მედიაბაზრის ძირითად ნაწილს სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელეარხები დაიკავებენ. ამაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ბიზნესმა, რომელიც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული ქვეყანაში სტაბილურობისა და სამართლიანობის შენარჩუნებაში. ეს მცნებები კი პირდაპირ კავშირშია ობიექტურ, დაბალანსებულ და პასუხისმგებლიან მედიასთან".
გიორგი კვიტაშვილი