„ის სიყვარული მინდა დავიბრუნოთ, რომელიც ჩვენი მამების თაობას ჰქონდა“ - კვირის პალიტრა

„ის სიყვარული მინდა დავიბრუნოთ, რომელიც ჩვენი მამების თაობას ჰქონდა“

"ის სიყვარული მინდა დავიბრუნოთ, რომელიც ჩვენი მამების თაობას ჰქონდა", - ამბობს მსახიობი დავით დარჩია და დაუვიწყარი ამბების თხრობას მამების თაობის არტისტების გახსენებით იწყებს.

- მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც გურამ ფირცხალავა ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, დედაჩემის მეუღლე გახდა. პირველი შთაბეჭდილება მისი სილაღე იყო. რაც მერე მთელი ცხოვრება გაჰყვა ჩვენს მეგობრობას და მამაშვილობას. როგორი კაცი იყო იცით? ძალიან ხალისიანი, აქტიური, ყოველთვის ბედნიერი. სადაც არ უნდა მოხვედრილიყო, ყველგან ადამიანების ყურადღებას იპყრობდა. ის უზომოდ თბილი და კეთილი იყო. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, ამ თვისებებით რომ მომხიბლა და მერე მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდა, ასეთი იყო ჩემს შვილებთანაც.

ჯერ კიდევ 19-20 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე "წარსულის აჩრდილები" ერთ-ერთ მთავარ როლზე დამამტკიცეს. მაშინ სცენაზე უკვე რამდენიმე როლი მქონდა შესრულებული, მაგრამ გადასაღებ მოედანზე თამაშის არაფერი ვიცოდი. კინოში პირველი "გაკვეთილი" ისეთ დიდ მსახიობებთან ერთად "გავიარე", როგორებიც იყვნენ: გურამ ფირცხალავა, გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გია ლეჟავა, გივი ჩუგუაშვილი... ეს არტისტები მაშინდელ ქართულ კინოს ქმნიდნენ. ეს ადამიანები რჩევის მოსაცემად ყოველთვის ძალიან სწორ ფორმას პოულობდნენ, მეც სიამოვნებით ვუსმენდი. გადაღების პირველი დღე გვქონდა, არის ხოლმე შემთხვევა, მსახიობებს სიცილი (ხშირად უაზროდ) აუვარდებათ, სახეს ვერ ალაგებენ, თავს ვერ იკავებენ... ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მაშინ გურამმა პროფესიული ხრიკი მასწავლა. როცა გეცინება, ფრჩხილზე დაიხედე და სიცილის სურვილს მოერევიო. ხომ არაფერი, მაგრამ ჩემი კადრში შესვლის სცენის გადაღებას მივუახლოვდით თუ არა, ყველას სახეები მოგვეშალა, გამახსენდა გურამის ნათქვამი, ფრჩხილზე დავიხედე და საოცრება, ამ ხრიკმა გაჭრა, მაგრამ გურამს ისევ სიცილი აუტყდა. ვხედავ, ფრჩხილზე იყურება და მაინც იცინის. რა იყო შენს შემთხვევაში არ გაამართლა-მეთქი? არა, ჩემი ბედი რა ვთქვი, მაინცდამაინც იმ თითის ფრჩხილზე დავიხედე, რომელიც არ მაქვსო, მარცხენა ხელზე შუა თითი ნადირობის დროს თოფისგან ჰქონდა წაცლილი.

- თქვენს პროფესიულ არჩევანს გურამ ფირცხალავა როგორ შეხვდა?

- სიხარულით არ გაგიჟებულა. საერთოდ ასე ხდება, მშობლების ნაწილს არ მოსწონთ, როცა შვილები მათ პროფესიას ირჩევენ. მსახიობის პროფესია კი დაუფასებელია ამ ქვეყანაში. მამების თაობისთვის ფინანსურად მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობა იყო. მსახიობობა როგორი შრომაა იცით? ყველაფერი უნდა აიტანო, შეიძლება დიდხანს იყო უშუქოდ, უწყლოდ, გადაღლილობა, დიდი დატვირთვა ახლავს. ჩემი თავი როგორ ამბავში არ ჩამიგდია, სცენაზე ინფარქტიც კი დამემართა.

ის სიყვარული მინდა დავიბრუნოთ, რომელიც ჩვენი მამების თაობას ჰქონდა. ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით ყოფნით, ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა, არა - მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით. გეგონებოდა მკაცრი, შეუვალი. თავიდან ცოტა შიშისმაგვარიც მქონდა, მაგრამ რომ დავუახლოვდი, ჩამეხუტა და მომეფერა, მერე სულ რაღაცებს მასწავლიდა. წლების შემდეგ, როცა ერთმანეთს შევხვდებოდით, ეს ამხელა კაცი ბავშვივით გამოქანდებოდა და მომეფერებოდა ხოლმე.

14 წელია, რაც გურამი გარდაიცვალა, მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს და რომ იგებენ, გურამი ჩემი მამობილი იყო, ყველგან უზომოდ დიდი სითბოთი ლაპარაკობენ, აუგის მთქმელი კაცი არ შემხვედრია. ალბათ ესაა ბედნიერება, შენს სამშობლოში ყველა თაობას რომ უყვარხარ. ალბათ ესაა უკვდავებაც.

darchiaa-2018-12-09-ey1yeebvcf-1789909301.jpg

- ვიცი, რომ გურამთან შინ მეგობრები ხშირად იკრიბებოდნენ.

- იმ დროში რესტორნებში კი დადიოდნენ, მაგრამ ძირითადად სახლებში იკრიბებოდნენ. ჩვენთან მოდიოდნენ იმედო კახიანი, ლეო ფილფანი, გენო ხოჯავა, კომპოზიტორები, მხატვრები... მათი დამოკიდებულება, ურთიერთობა, სიტყვა-პასუხი იყო გამორჩეული, განსხვავებული და ურთიერთპატივისცემით სავსე. ამ შეკრებებზე მხოლოდ სმა-ჭამა არ იყო, იმ გარემოში უდიდესი სიყვარული ტრიალებდა. ალბათ გარკვეულწილად ამანაც განაპირობა, რომ მოსიყვარულე ადამიანი ვარ. ესაა მთავარი და თუ შენი პროფესიული საქმეც კარგად გამოგდის, ეს ორმაგი ბედნიერებაა.

რობერტ რობერტოვიჩი

- შეუძლებელია რობერტ სტურუაზე არ ვილაპარაკო, ჩემს რობერტ რობერტოვიჩზე. წლების წინ, რუსთაველის თეატრში მსახიობების მიღება გამოცხადდა. ბატონმა რობერტმა მონოლოგი მომცა, ისწავლე და მოდიო. არავინ დავიხმარე, შინ სულ ჩემით ვიმეცადინე და ერთი კვირის შემდეგ მივედი. ავდივარ კიბეებზე და გულს სულ ბაგაბუგი გაუდის... მკითხა, დავალება მოამზადეო? რა თქმა უნდა-მეთქი. აღარ წამაკითხა, როგორც ჩანს, გარეგნობის გარდა, მან ჩემში დაინახა რაღაც, რაც სჭირდებოდა, ეს ვიგრძენი. მითხრა, დაბლა ჩადი და ხელშეკრულებას ხელი მოაწერე, გილოცავ, ჩვენი თეატრის მსახიობი ხარო, 1994 წელი იყო.

32 წელია ერთად მოვდივართ. მან ჩემი როგორც არტისტის უნარები, სხვა სიმაღლეზე აიყვანა.

როლებისა და მუშაობის გარდა, ჩვენ წლებია ვმეგობრობთ. რეპეტიციების შემდეგ ე.წ. მესამე გაკვეთილი რესტორანში გვაქვს ხოლმე. იქ მხოლოდ სუფრა და მოლხენა არ არის, ხშირად როლებიც გაგვიკეთებია.

შთაბეჭდილების მომხდენი როლები

- ხშირად ჩვენზე ისეთი ადამიანებიც ახდენენ გავლენას, რომლებიც თვალით არასდროს გვინახავს, მაგრამ მათი შემოქმედება ემოციურ აფეთქებას იწვევს. ახლახან ვაჟა-ფშაველას როლი ვითამაშე, ხომ სულ ვგრძნობდი მის სიდიადეს, მაგრამ ამ როლზე მუშაობისას, მასთან კიდევ უფრო ახლოს მივედი. მისი განცდების მეტად გააზრება შევძელი. იმავეს ვიტყვი გალაკტიონის როლზეც. ეს არის გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული ლიტერატურული ფანტაზია "მე მოვალ - სიზმარი" (რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე). სპექტაკლში მსახიობ მაკა შალიკაშვილთან ერთად ვითამაშე.

ჩემში უდიდესი მუსიკალური გარდატეხა მოახდინეს ჯანსუღ კახიძემ, გია ყანჩელმა, არასდროს დამავიწყდება ანზორ ერქომაიშვილთან შეხვედრა. "როკით" გავიზარდე, ვუსმენდი "ლედ ზეპელინს" "დიფ ფარფლს"... მერე ფრენკ ზაპას შემოქმედებამ მოახდინა ჩემში აფეთქება. "გიჟ" სტრავინსკის რომ უსმენ, როგორ შეიძლება, შენში ემოცია არ გამოიწვიოს. დღეს როცა სერიოზული მუსიკის მოსმენა მინდა, ფრენკს ვუსმენ, ისე კი თითქმის ყველა მიმართულებას.

თამუნა კვინიკაძე