"წლების წინ თრუსოდან ქართულწარწერებიანი სტელა გაიტაცეს ვლადიკავკაზში და ფოტოებს იმ კუთხით უღებდნენ, რომ ქართული წარწერები ვერავის წაეკითხა" - ოსების პრეტენზიები: ისტორიკოს როლანდ თოფჩიშვილის ანალიზი
ჩვენს ლამაზ ქვეყანაში ბევრი კუთხე დაცარიელებულია, მათ შორის ულამაზესი თრუსოს ხეობა - მდინარე თერგის გასწვრივ, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, ხეობა, რომელიც რუსეთისაგან მიტაცებულ ისტორიულ დვალეთს ესაზღვრება; დვალეთს, რომელიც 1868 წელს რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, ჩრდილოეთ ოსეთს "მიაჩუქეს". რუსეთისავე "წყალობით" სოციალურ სივრცეში ხშირად ნახავთ ოსთა მოსაზრებებს, თითქოს დვალეთის მოსაზღვრე თრუსოც აღმოსავლეთი ოსეთია და მათი წინაპრების სამკვიდრო იყო. ეს თრუსოში ამჟამად მომუშავე ქართული ექსპედიციის დროსაც გაჟღერდა. ამ ექსპედიციის გამოქვეყნებულ თრუსოს ქართულ ძეგლებს ოსები ოსურ ძეგლებად მიიჩნევენ, რაშიც 90-იან წლებში საქართველოდან იძულებით წასული ოსების წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. ისტორიკოს როლანდ თოფჩიშვილს თრუსოს ხეობის არაერთი ქართული ექსპედიცია აქვს აღწერილი და ნაშრომად გამოცემული.
- მსგავსი პრეტენზიები არაერთხელ ყოფილა, რაც რუსეთის ტრადიციულად ცბიერი პოლიტიკის შედეგია. აქ კავკასიელების დაპირისპირებაზე მუშაობა ისტორიულად მიდის და შედეგებსაც ვხედავთ. ცხადია, ამ მიზნით ისტორიაც მუდამ ყალბდება და არა მხოლოდ დოკუმენტაცია. წლების წინ თრუსოს ხეობიდან ქართულწარწერებიანი სტელაც კი გაიტაცეს ვლადიკავკაზის მუზეუმში და შემდგომში ფოტოებს იმ კუთხით უღებდნენ, რომ ქართული წარწერები ვერავის წაეკითხა და სტელა მათი წინაპარი ალანების შექმნილად გაესაღებინათ. შემდგომში ამ სტელას რეალური ფოტოები მომაწოდა ერთმა პატიოსანმა მეცნიერმა, რომელსაც ვლადიკავკაზის მუზეუმში მიესვლებოდა და სტელასთვის ფოტოებს გადაღებაც შეეძლო. ასე რომ, მათზე სრულყოფილად ჩანს სტელაზე ქართული ანბანი და საბედნიეროდ, გავავრცელე როგორც თრუსოში ერთ-ერთი ქართული ძეგლი. მსგავს ტერიტორიულ დავებზე რუსეთს სრულიად კავკასია წაქეზებული ჰყავს გაყალბებული ისტორიებით. უახლოეს წარსულში ვმუშაობდი თრუსოს ექსპედიციაში. როგორც აღმოჩნდა, ოსები მოლაპარაკების მაგიდასთან თრუსოს გამუდმებით მოიხსენიებდნენ აღმოსავლეთ ოსეთად და ამიტომაც გადავწყვიტე ამ ხეობაზე დოკუმენტური ნაშრომის შექმნა - "თრუსო - საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე", რომელიც რუსულადაც ითარგმნა და მსგავს შრომებს აქვთ კიდეც დატვირთვა მსგავს პრობლემებში სინათლის შეტანისთვის.
თრუსო წმინდად ქართული ხეობაა, აქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველი მთიელები XVIII საუკუნის შუა ხანებამდე. იმ დროიდან კი, როდესაც საქართველოს ბარი გაპარტახდა მტრების შემოსევებით, ქართველების ნაწილი თრუსოდან ბარში ჩამოსახლდა. ომებით გაპარტახებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთიდან ბარში ქართველების ჩამოსახლება საქართველოს გადამრჩენი ნაბიჯი იყო. ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც ბარში ხალხი გაწყდებოდა, მას მთის მოსახლეობა ავსებდა.
- ამ დროიდან მიეცა, ალბათ, ჩრდილოეთ კავკასიის ოს მოსახლეობას თრუსოში შეღწევისა და ოსური სოფლების გაშენების საშუალება.
- საქმე ის არის, როდესაც ოსების ოჯახები მრავლდებოდნენ (თითოეულს ათ შვილზე ნაკლები არ ჰყავდა), მიწა აღარ ჰყოფნიდათ და მოიწევდნენ საქართველოს ტერიტორიებზე. თუმცა იმ ოსებში სინამდვილეში ნაწილი ეთნიკურად ოსი კი არა, ოსურად გვარშეცვლილი სუფთა ქართველი იყო. ამაზე მაგალითად ქესაურების ისტორიას მოვიყვან. ქესაურების ნაწილი დვალეთიდან ახალგორში ჩასახლდა და სამუდამოდ დარჩა ქართული გვარით, მაგრამ დვალეთში დარჩენილმა ქესაურებმა გვარი კესაევებად გადაიკეთეს და დღეს ოსებად ითვლებიან. თუ რატომ, პასუხი რთული არ არის - იმიტომ, რომ ქართველები, რომელთაც მტრისგან გაპარტახებული საქართველო ვეღარ იცავდა, უმძიმეს სიტუაციაში ცხოვრობდნენ დვალეთში ჩრდილოეთიდან ოსთა მიწოლის შემდეგ და ზოგმა გადასახლებას გვარის გადაკეთება არჩია.
ქართველებთან ინტეგრირებული ოსების წასვლა 90-იანი წლების საქართველოდან შეცდომა იყო. ეს ხალხი ძალიან მჭიდროდ იყო ქართველებთან დაკავშირებული, მხოლოდ შერეული ქორწინებით კი არა, არამედ ნათელმირონობითაც. როდესაც სოფელ მეჯვრისხევში ვიყავი ექსპედიციით, ნახევარ სოფელში რძლები ოსები იყვნენ. ბავშვის აღზრდაში დედაა მთავარი, როდესაც დედა ოსურად ლაპარაკობს, შვილიც ოსურად ლაპარაკობს. მეცნიერულად არის დამტკიცებული, თუ შერეული ქორწინებების რიცხვი 15-20%-მდეა, ასიმილაცია იწყება. თუმცა ეს არ ნიშნავდა საქართველოსთან მჭიდროდ ინტეგრირებული ამ ხალხის მტრობას. ამიტომ იყო შეცდომა 90-იან წლებში ამ ხალხის საქართველოდან წასვლა, რითაც რუსეთის პოლიტიკური მიზნები გაძლიერდა. რუსეთი განსაკუთრებით მუშაობდა სწორედ საქართველოს მთიანეთში მცხოვრებ ოსებში. ეს ხალხი ჩრდილოეთში მცხოვრები ოსებისაგან განსხვავებით, რომლებიც რუსებს ადვილად დაექვემდებარნენ, რუსეთს იოლად არ ემორჩილებოდა, სისხლს უშრობდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში.
არსებობს საქართველოში რუსეთის ეგზარქოს ნიკონის ჩანაწერები, რომელიც 1908 წელს თბილისიდან დასავლეთ საქართველოში მიემგზავრება. ვიდრე ეს კაცი ქართლის ველებს მიუახლოვდება, ქართველებს მშვენივრად იხსენიებს, ამტკიცებს, ცივილიზებული ხალხიაო, მაგრამ როგორც კი თბილისს გარეთ, ქართლის მინდვრებზე გადის, რიტორიკას უცებ ცვლის და წერს, ამ ველებზე სულ ოსები იყვნენ დასახლებული, მაგრამ ქართველებმა აყარეს და ბორჯომის მთებში შეტენესო. არადა, ზუსტად ამ დროს სტატისტიკით, ბორჯომში მხოლოდ 20 ოსური ოჯახი ცხოვრობდა, თავისი ნებით მისული. თუმცა ეგზარქოსს დავალება ჰქონდა, რომ ასე დაეწერა და საქართველოში მცხოვრები ოსებისთვის ეჩვენებინა, რომ მათი მტრები ქართველები არიან და არა რუსები. სხვათა შორის, საქართველოს დიდი გაპარტახების პერიოდში, XVIII საუკუნიდან, როდესაც ჩრდილოეთის ლეკთა ლაშქრობებმა მოსახლეობა საბოლოოდ ამოწყვიტა, ქართველები ოსების ჩამოსახლების წინააღმდეგი არ იყვნენ. არსებობს დოკუმენტები, სადაც მითითებულია, რომ ჯავის ზემოთ ჩამოსახლებულ ოსებს არაფერი უნდა დაუშავონ, რათა მათ გაპარტახებულ ტერიტორიებზე იშრომონ.

- თუმცა ფხიზლად უნდა ვყოფილიყავით, რათა ეს ურთიერთობები პერიოდულად სიძულვილად არ ქცეულიყო. გაოგნება შეიძლება, როდესაც ოსი ეთნოსის ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობს ქართველ მეცნიერებზე, რომლებიც, მათი თქმით, აღიარებდნენ, რომ ქართველები მათი წინაპარი ალანების მიწებზე ცხოვრობენ და მაგალითად მოჰყავთ გერონტი ქიქოძე.
- რომელმა წყარომ გაავრცელა მსგავსი აბსურდი, დღეს ამის დადგენა ძალიან ძნელია. ერთ დროს თავადაც განვიზრახე ამის საბოლოოდ გარკვევა და აღმოჩნდა, რომ რუსულენოვანი გაზეთი, რომელსაც ოსები ამ წყაროს სათავედ იხსენიებენ, არ არსებობდა. გერონტი ქიქოძის ქალიშვილს, ქალბატონ მანანა ქიქოძესაც ვესაუბრე, რომელიც ამის გამო საშინლად ნერვიულობდა, მამაჩემს მსგავსი არაფერი დაუწერიაო. თუმცა გაყალბებას ბევრი ხომ არაფერი სჭირდება, ვიღაცამ ამ ხალხს უთხრა, ასე წერდნენ ქართველი მეცნიერებიო, მათაც დაჯერება სურდათ და დაიჯერეს. ალანების მემკვიდრეობას, ოსების გარდა, ძალიან ბევრი კავკასიური ტომი იჩემებს. თუმცა თურქულენოვანი კავკასიელები, მაგალითად, ბალყარელები, ბოლო დროს ირწმუნებიან, რომ ლამის მთელი კავკასია თურქული ტომებით იყო დასახლებული და არა ნამდვილი კავკასიელებით, რაც იმის ცდაა, რომ აქაურობა თურქული გავლენის არედ წარმოაჩინონ.
- ეს იმას ადასტურებს, რომ კავკასიელებიც ჩაერთვნენ მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესში, რასაც გვიწინასწარმეტყველებენ. იმედია, საქართველო გაუძლებს ამ პროცესებს.
- რა თქმა უნდა, იმედია. თუმცა ეს მოითხოვს ჩვენს დიდ სიფხიზლეს. რეალობა ხალხმაც კარგად უნდა იცოდეს, რაც დიდი ძალაა სიფხიზლისთვის. მეცნიერებასა და წარსულს დიდი ძალა აქვს სინამდვილის შემეცნებაში. აუცილებელია გვახსოვდეს, ვინ ვართ კავკასიელები ერთმანეთისთვის და რა როლი გვენიჭება ერთმანეთის არსებობაში.