ჰანს-დიტერ ფლიკი - „ყველაზე მთავარი მაინც გუნდია“
"ბარსელონის" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლუბის მწვრთნელად ჰანსი ფლიკის დანიშვნას ჯერ კიდევ 2021 წელს განიხილავდა. - მაშინ, როცა კლუბი რონალდ კუმანის შემცვლელს ეძებდა. თუმცა იმ პერიოდში ფლიკი გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მუშაობას უკვე დათანხმებული იყო.
მას შემდეგ, რაც ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ 2024 წელს სეზონის ბოლოს მწვრთნელის თანამდებობას დატოვებდა, ლაპორტამ საბოლოოდ შეწყვიტა ჩავისთან თანამშრომლობა და ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა.
ლონდონში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაზე, საკუთარ აგენტ პინი ზაჰავისთან ერთად, ფლიკმა მშვიდად უპასუხა კლუბის ხელმძღვანელობის კითხვებს, მათ შორის ენობრივ ბარიერსა და კლუბის შიდა გარემოს ნაკლებად გაცნობასთან დაკავშირებულ კითხვებს. საბოლოოდ, მან "ბარსელონას" ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ტაქტიკურად მზად იყო გუნდის ჩასაბარებლად.
ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰანსი ფლიკი ერთი ჩანთით ხელში ჩამოვიდა მატარებლით ბარსელონის ერთ-ერთ სადგურზე. მაშინ "ბარსელონა" ღრმა ფინანსურ კრიზისში იყო, კლუბის "მანქანის" ყველა დეტალს თითქოს ახალი ჭანჭიკი სჭირდებოდა. ჰანსი ფლიკმა ამ მანქანის თავიდან ამუშავება იკისრა და შედეგიც პირველივე სეზონში დადო. როგორც გამოჩნდა, გერმანული მტკიცე ხასიათი და "ლა მასიას" ბავშვების ჯადოქრობები იდეალური შერწყმა ყოფილა იმისთვის, თუ გსურს, თუნდაც ნეიტრალურ გულშემატკივარს შენი გუნდის თამაშის ხილვა სიამოვნებას ანიჭებდეს. შეიძლება უყურებდე პრემიერ ლიგას, სერია ა-ს, ბუნდესლიგას, შემდეგ უყურებ "ბარსელონის" თამაშს და ხვდები, რატომაც შეგიყვარდა ეს გუნდი, ხვდები, რომ ფეხბურთი სიამოვნების მისაღებად არის შექმნილი - როგორც მოთამაშისთვის, ისე მაყურებლისთვის... გახსენდება, რომ ფეხბურთი არ არის ბრძოლა და ომი, ეს ხელოვნებაა.
თუ "ბარსელონის ოქროს წლებზე" ვისაუბრებთ, ყველაზე ხშირად 2008-2015 წლები იგულისხმება - პერიოდი, როცა კლუბმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპოქა შექმნა.
ბარსელონის ოქროს ეპოქა 2008-2012 - პეპ გვარდიოლას ბარსა, ეს იყო ეპოქა, რომელიც აერთიანებდა მესის, ჩავის, ინიესტას, ბუსკეტსს, პიკესა და სხვა გამორჩეულ ფეხბურთელებს. გუნდმა 4 სეზონში 14 ტიტული მოიგო 19 შესაძლოდან.
2008/09 - ისტორიული ტრებლი: ესპანეთის ჩემპიონატი (La Liga), ესპანეთის საფეხბურთო თასი (Copa del Rey), ჩემპიონთა ლიგა (Champions League). "ბარსელონა" გახდა პირველი ესპანური გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში ეს სამი ტიტული მოიგო.
2009 - ექვსივე ტიტული ერთ კალენდარულ წელიწადში ბარსამ მოიგო: ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა ესპანეთის სუპერთასი, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდმა ექვსივე შესაძლო მთავარი ტიტული მოიგო.
2010/11 - საფეხბურთო შედევრი, გვარდიოლას გუნდი, კვლავ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ფინალში "უემბლიზე" დაამარცხა "მანჩესტერ იუნაიტედი" 3:1. ეს იყო ჩავისა და ინიესტას პასები, ბუსკეტსის კონტროლი, პიკეს დაცვა და წინ - მესი. UEFA ამ პერიოდს ბარსელონას "ტოტალური ფეხბურთის" მწვერვალად აღწერენ.
მესი - გენიოსი
ჩავი - ტემპის მმართველი
ინიესტა - ელეგანტურობა
ბუსკეტსი - კონტროლი
პიკე - დაცვა
გვარდიოლა - იდეა
ლა მასია - ფილოსოფია
2015 - მეორე ოქროს მწვერვალი გვარდიოლას შემდეგ ლუის ენრიკემ განაგრძო და "ბარსელონამ" 2014/15-ში კვლავ მოიგო ტრებლი, მესი + სუარესი + ნეიმარი = ლა ლიგას, სამეფო თასსა და ჩემპიონთა ლიგას.
2015 წლის შემდეგ ბარსა ნელ-ნელა, თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც რეგრესირებდა. მოთამაშეების დონე კვლავ მაღალი იყო და ალბათ ამიტომ რჩებოდა ეს შეუმჩნეველი... საბოლოოდ, "ბარსელონა" საფეხბურთო ოლიმპოდან ძირს იმდენად სწრაფად დაეხეთქა, რომ დღემდე ბევრი ვერ იაზრებს, როგორ შეიძლება ასეთი ბრენდი ჩავარდეს ისეთ დღეში, როგორშიც "ბარსელონა" იყო "კოვიდის" წლებში...
დღეს 2026 წელია, ფეხბურთიც კი შეიცვალა, არათუ "ბარსელონა", მაგრამ ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი ბარსას ისეთს, როგორიც ჰანსი ფლიკის ხელშია - 11-ივე მოთამაშე გაუჩერებლად აპრესინგებს მოწინააღმდეგე გუნდს, თამაშობს ექსტრემალური დონის მაღალი ხაზის დაცვას და თუ უშვებს ერთ ან ორ გოლს, საპასუხოდ ხუთს ან მეტს უტანს... ეს ბარსელონის "ნათლიმამის", იოჰან კრუიფის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, "მირჩევნია მოვიგო 5-4, ვიდრე 1-0".
პრინციპი მარტივია, როდესაც გუნდში გყავს რაფინია, რომელიც ჰანსი ფლიკმა ფაქტობრივად "დაშალა" და თავიდან "ააწყო" ზუსტად ისეთ ფეხბურთელად, როგორიც სურდა; ლამინ იამალი, 18 წლის ბავშვი, რომელსაც ზედმეტი რეგალია არ სჭირდება, ის უბრალოდ ფეხბურთის მომავალია; პედრი როდრიგესი, "ბარსელონას" ახალი ინიესტა და კიდევ უამრავი უნიჭიერესი მოთამაშე, რა თქმა უნდა, გუნდი იმ ფილოსოფიას დაუბრუნდება, რომლითაც დიდი ხნის წინ იყო, ანუ - "გოლს თუ გაგვიტანენ, ჩვენ მეტს გავუტანთ".
ჰანსი ფლიკმა "ბარსელონაში" ჩატარებული 124 მატჩიდან 95 მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია. გერმანელმა სპეციალისტმა კლუბში მესამე სეზონი დაიწყო და მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" გაცილებით ძლიერად გამოიყურება, ვიდრე წინა ორ სეზონში ერთად.
17 სექტემბერს "ბარსელონამ" 7:2 გაანადგურა რასინგი.
ახალი რეკორდი: "ბარსელონამ" ამ დღეს ლა ლიგის ისტორიაში მოსალოდნელი გოლების (xG) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა - 6,65 xG (ეს არის თანამედროვე საფეხბურთო სტატისტიკის მეტრიკა, რომელიც ზომავს შექმნილი საგოლე მომენტის ხარისხს და ითვლის ალბათობას, რამდენად რეალური იყო კონკრეტული დარტყმის გოლით დასრულება).
ამით კატალონიურმა კლუბმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - წინა საუკეთესო შედეგი 6,44 xG იყო, რომელიც "ელჩეს" წინააღმდეგ მიმდინარე წლის იანვარში დააფიქსირეს.
იმ შეხვედრაში "ბარსელონამ" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.
ახლა კი გუნდმა მომენტების რეალიზაცია გააუმჯობესა და კარში დარტყმების გამოყენების მხრივ უფრო ეფექტური და დაუნდობელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
"ბარსელონამ" ისტორიაში პირველად, სეზონის საწყის 7 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
7 მატჩი,
7 გამარჯვება,
33 გატანილი გოლი,
საშუალოდ 4,7 გოლი მატჩში,
მატჩების 85%-ში - 4+ გოლი,
მატჩების 71%-ში - 5+ გოლი/.
მიესალმეთ გერმანელ გენიოსს, რომელმაც კრიზისში მყოფი კლუბი მონსტრად გარდაქმნა და გვირგვინი დაუბრუნა საფეხბურთო გოლიათს.
7 მატჩი, 33 გატანილი გოლი, 7 გაშვებული გოლი, საშუალოდ 4,7 გოლი მატჩში, მატჩების 71%-ში 5 გოლი + მატჩების 85%-ში 4 გოლი + მატჩების 100%-ში 2 ან მეტი გოლი - "ბარსელონამ" თავის ისტორიაში პირველად მოახერხა 7 მატჩში 33 გოლის გატანა. მადრიდში ორი წელიწადია დიდი "გვალვა" გრძელდება და "კატალონიელი სინოპტიკოსების" პროგნოზით, რომლებიც ბროწეულის ფერ სამოსში არიან გამოწყობილი, მადრიდში გვალვა კიდევ მინიმუმ 1 სეზონი გაგრძელდება...
რაფინიამ ბარსელონაში ლიონელ მესის სეზონის საუკეთესო სტარტი გაიმეორა!
ბრაზილიელმა საწყის 7 მატჩში 10 გოლი გაიტანა - სწორედ იმდენი, რამდენიც მესიმ 2012/13 წლების სეზონში.
სულ კი სეზონში მესიმ 60 გოლი გაიტანა.
ლამინ იამალი რასაც აკეთებს, ამას კომპიუტერულ თამაშ FIFA-შიც ვერ აკეთებენ:
"ლევანტე" 2:4 "ბარსელონა" - დუბლი;
"ბარსელონა" 5:1 "ფეიენოორდი" - გოლი და ორი ასისტი;
"ვალენსია" 0:5 "ბარსელონა" - დუბლი;
"ბარსელონა" 5:2 "რაიო ვალეკანო" - დუბლი;
"რასინგი" - გოლი და ორი ასისტი;
ბოლო 5 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
ესპანელი ვუნდერკინდი ახალ დონეებს ეთამაშება და სეზონის სტარტზე მყოფი კრიტიკოსები სამუდამოდ გააჩუმა.
"ბარსელონა" გახდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც საწყისი 7 მატჩიდან 6-ში 4+ გოლი გაიტანა.
7-დან 7 გამარჯვება
7-დან 5 მატჩში გატანილი 5 გოლი.
საშუალოდ 4,7 გოლი მატჩში.
ჰანსი ფლიკის პასუხები "რასინგთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტის დასმულ კითხვებზე:
"როდესაც გუნდურად წარმატების მიღწევა გსურს, უმნიშვნელოვანესია, თითოეული მოთამაშე ამ მენტალიტეტს იზიარებდეს. უნდა გესმოდეს, რომ ფეხბურთი პირველ რიგში გუნდური თამაშია. საქმე ცალკეულ ინდივიდებს არ ეხება. რა თქმა უნდა, შესანიშნავია, რომ ასეთი მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარი მაინც გუნდია".
"ვფიქრობ, კარგად ვმუშაობთ. კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ და შედეგებიც შესანიშნავია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "რასინგ სანტანდერიც" კარგად ასპარეზობს. მომწონს მათი სათამაშო სტილი, ძალიან თამამები არიან და ამის ყურება სასიამოვნოა. მართლაც დიდებულ სამუშაოს ასრულებენ. ჩემთვის ყველაზე მთავარია, ყველა ეპიზოდში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ. ფოკუსირება გვჭირდება თითოეულ გადაცემაში - ეს ჰგავს დიალოგს, კარგ დიალოგს და სწორედ ეს გვჭირდება".
ჰანსი ფლიკმა ასევე კომენტარი გააკეთა რაფინიას მენტალიტეტზე: "ძალიან მომწონს ასეთი მიდგომა. უზომოდ მომწონს. რა თქმა უნდა, მასაც შეუძლია გაუმჯობესება და ჩვენც. ეს ჩვეულებრივ ცხოვრებას ჰგავს - პროგრესზე ზრუნვა მუდმივად გჭირდება".
"ფლიკი ის მწვრთნელია, რომელმაც ჩემი მენტალიტეტი შეცვალა. მისი ძალიან მადლიერი ვარ და ამას ყოველთვის გამოვხატავ, როცა შესაძლებლობა მომეცემა" - რაფინია.
ნიკოლოზ თევდორაშვილი