"ივერიელები“ - საქართველო ათენის გულში
შმაგი ჯიმშერაშვილი ემიგრანტთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელიც სამშობლოსთან კავშირს ვერ წყვეტს და ცდილობს უცხო მიწაზე პატარა საქართველო შექმნას. ბავშვებს, რომლებმაც საქართველო მხოლოდ მშობლების მონათხრობით იციან, ცდილობს ქართული სული გაუღვივოს. სწორედ ამ მიზნით შექმნა ქართული ანსამბლი "ივერიელები". ანსამბლის წევრებისთვის ქართული ცეკვა მხოლოდ ხელოვნება არ არის - ეს სამშობლოსთან დაბრუნების გზაა.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლის ბავშვობა 1990-იან წლებს დაემთხვა. უპურობა, უშუქობა, უიმედობა - ეს ყველაფერი სხვებთან ერთად გამოვიარე, მაგრამ ქართული ცეკვა მაშინაც თან მახლდა. ბაღის ასაკიდან ვცეკვავდი, მერე სკოლა-სტუდია "ბერიკების" წევრი გავხდი, რომლის რეჟისორი გოგი თოდაძე გახლდათ და იქიდან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები. ჩემმა მასწავლებელმა, მსახიობმა თემურ ქამხაძემ, ანსამბლში დამხმარედ ამიყვანა და პედაგოგიური საქმიანობა რკინიგზელთა კულტურის ცენტრში დავიწყე. ეს საქმე ძალიან მიყვარდა, მოსწავლეების გარეშე ჩემი მომავალი ვერ წარმომედგინა, მაგრამ მამა გამიხდა ცუდად და უცხოეთში წამოსვლა გადავწყვიტე. ემიგრაციის პირველი პერიოდი განსაკუთრებით რთულია, მით უმეტეს, 2001 წელს ევროპაში ამდენი ქართველი არ ცხოვრობდა. 18-19 წლის ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე და როგორც იტყვიან, ჰაერში აღმოვჩნდი, მაგრამ იმის გამო, რომ საბერძნეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, გადავწყვიტე, ათენში მეცხოვრა. ჩამოსვლისთანავე შევქმენი პირველი ქართული ანსამბლი, მაგრამ დაიშალა: თუ იურიდიულად ყველაფერი გამართული არა გაქვს, აქ ვერაფერს გააკეთებ, ამიტომ იძულებული ვიყავი სხვა სამსახური მეპოვა.

- თუმცა ოცნება მოგვიანებით მაინც აისრულეთ...
- მას შემდეგ, 13-14 წელი გავიდა და ათენში ქართული ცეკვის ანსამბლი "ივერიელები" დავაარსეთ. ჯერ ორი მოსწავლე მყავდა, მათი რიცხვი თანდათან გაიზარდა და ახლა 182 მოსწავლე მყავს. ათენში მოქმედებს "ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაცია" და ჩემი ანსამბლი ამ ორგანიზაციის ნაწილია. ასოციაციას ხატია ქარსაულიძე ხელმძღვანელობს, ხოლო მე მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. ჩვენს ორგანიზაციაში 12 პედაგოგი მუშაობს, აქ ბავშვები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ბიბლიოთეკაც გვაქვს, აქვეა დავით გურამიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვები ქართულ ხალხურ მუსიკას და ხელოვნებას ეზიარებიან. გვაქვს ლიტერატურული სალონი, სადაც ყველა ასაკის ხალხი მოდის. თამამად შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე დიდი ქართული ორგანიზაციაა მთელ ათენში.
- თქვენს მოსწავლეებზე რას იტყვით?
- ჩვენს ანსამბლში უკვე მეორე თაობას ვზრდით: ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ის წუთებია, როცა ყოფილი მოსწავლეები ანსამბლში თავიანთი შვილებით ბრუნდებიან და აქ გატარებულ დღეებს სიყვარულით იხსენებენ.
რეპეტიციების დროს ქართულად ვლაპარაკობთ, მაგრამ როცა ბავშვს ქართული კარგად არ ესმის, ორივე ენაზე მიწევს მასთან საუბარი. საბერძნეთში ბევრი ქართველი ემიგრანტია და ბავშვები საჯარო სკოლაში ბერძნულად სწავლობენ. ჩემი მიზანი იყო აქ დაბადებული ქართველი ბავშვებისთვის ქართული გარემო შემექმნა და მოხარული ვარ, თუ ვახერხებ. მშობლებს მოსვლისთანავე ვეუბნები, რომ ბავშვს მხოლოდ მაშინ მივიღებ, თუ ქართულ წერა-კითხვას შეისწავლის. ქართულ ცეკვას ბევრი უცხოელი სწავლობს: სომხები, უკრაინელები, ბერძნები, რომლებსაც ქართული ხალხური ცეკვები ძალიან მოსწონთ, მაგრამ ჩვენი მოსწავლეების უმრავლესობა ნახევრად ქართველია. ჩვენ არ გვინდა საქართველომ ეს ბავშვები დაკარგოს.

- რა ასაკიდან იწყებთ ბავშვების სწავლებას?
- "ივერიელების" ყველაზე პატარა მოწაფეები 4-5 წლისანი არიან. მთავარია, ბავშვმა ათამდე თვლა იცოდეს და მარჯვენა-მარცხენას არჩევდეს. ისინი საოცარი არსებები არიან - ყველაფერს სხვაგვარად ხვდებიან და გრძნობენ. მე დასაოჯახებელი ვარ და შვილები არ მყავს; არასდროს დამავიწყდება, როგორ მკითხა ჩემმა მოსწავლემ, 5 წლის ელენემ, მასწავლებელო, თქვენ შვილი გყავთო. არა-მეთქი, ვუპასუხე. ალბათ, შვილი რომ გყავდეთ, ჩვენ ისე აღარ გეყვარებოდითო. ჩემი სურვილია, ამ ბავშვებმა ქართული აზროვნება და ქართული სული შეინარჩუნონ. ჩვენი ანსამბლი არის ოჯახი, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ქართულ ცეკვას სწავლობენ, არამედ ქართულ ხასიათს, ღირსებას და საკუთარი ფესვების პატივისცემას. მოყვარულთა ჯგუფიც გვყავს, სადაც ზრდასრული ქალები არიან. ისინი ათენში, ოჯახებში მუშაობენ და ბუნებრივია, ქართული ცეკვა მათთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ჩემი სურვილიც ხომ ეს არის - ემიგრანტებს ისეთი გარემო შევუქმნა, რომ უცხო მიწაზე თავი ბედნიერად იგრძნონ.

ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს ათენის მერიასა და იუნესკოსთან, ფესტივალებშიც ხშირად ვმონაწილეობთ. თვე არ გავა, რომ რომელიმე ღონისძიებაზე არ მიგვიწვიონ და ყველა სცენაზე საქართველოს სახელით გამოვდივართ. საქართველოში 2024 წლის ზაფხულში ვიყავით. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება მივიღეთ და "ივერიონმა" კონცერტები გამართა ფშავში, ვაჟა-ფშაველას იუბილეზე, დუშეთში, ქუთაისში... ლამის მთელი საქართველო მოვიარეთ. ამ ბავშვების უმრავლესობა სამშობლოში ნამყოფი არ იყო და მას მხოლოდ ფოტოებით ან ვიდეოებით იცნობდა.

- ფიქრობთ, ემიგრაციაში დაბადებული ბავშვები საქართველოში დაბრუნდებიან?
- ბოლო ორ წელიწადში ჩემი 7 მოსწავლე დაბრუნდა საქართველოში და უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს. ჩემი მოსწავლეები ქართულ სახელმწიფო ანსამბლებშიც ცეკვავენ. ბედნიერი ვარ, რომ უცხო მიწაზე ნასწავლი ცეკვა მათ მშობლიურ ქვეყანაში გამოადგათ. ეს ჩვენი ასოციაციის და ათენში მოღვაწე ქართველი მასწავლებლების დამსახურებაა. ემიგრანტ ბავშვებს სამშობლოსთან დაახლოებაში ყველა ქართველი უნდა დაეხმაროს, მით უმეტეს, რომ ჩვენ არავინ გვაფინანსებს. ამიტომ ჩვენი სახელმწიფოს და ქართველების მხარდაჭერა ყოველთვის გვჭირდება. მჯერა, რომ ემიგრანტები, აუცილებლად დავბრუნდებით საქართველოში. ეს ბავშვებიც, რომლებსაც კომუნისტური წყობის მარწუხებში არ უცხოვრიათ, სამშობლოს პროგრესისთვის იშრომებენ. მჯერა, ამ თაობას საქართველო მთელი გულით ეყვარება.
ხათუნა ჩიგოგიძე