"მთავრობამ ქართველი ფერმერების მოთხოვნა გაითვალისწინა" - რუსულ ხორბალზე გადასახადი წესდება - კვირის პალიტრა

"მთავრობამ ქართველი ფერმერების მოთხოვნა გაითვალისწინა" - რუსულ ხორბალზე გადასახადი წესდება

მთავრობამ ფერმერების მოთხოვნა გაითვალისწინა - საქართველოში ხორბლის იმპორტზე საიმპორტო (ე.წ. სარკისებრი) გადასახადი წესდება. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, გადასახადი 1 კილოგრამ ხორბალზე 10 თეთრი, ანუ ტონაზე 100 ლარი იქნება.

როგორც სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადგილობრივი ფერმერების მოთხოვნა იყო. მისი თქმით, ფერმერებს ხორბლის რეალიზაცია უჭირთ, რადგან არსებული ფასი დაბალია, რაც, თავის მხრივ, რუსეთში ხორბლის დაბალ ფასს უკავშირდება.

„ეს გადასახადი შემოდის. რამდენადაც მე ვიცი, საიმპორტო გადასახადი იქნება 10 თეთრი კილოგრამზე, შესაბამისად, 100 ლარი ტონაზე. ეს იყო ფერმერების მოთხოვნა, ანუ, მარცვლეულის ასოციაციის. მოტივაცია იყო ის, რომ ფერმერებს თავისი ხორბლის რეალიზაცია უჭირდათ, რადგან ფასი იყო დაბალი. ამის მიზეზია ის, რომ რუსეთში ფასი არის დაბალი ჩვენს მხარეს, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი აქვს რუსეთს, რადგან ვერ გადის შავ ზღვაზე. მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში მაღალია.

აქედან გამომდინარე, მეხორბლეებს იმედი აქვთ, რომ ჩააბარებენ უფრო მაღალ ფასად, რადგან, მათი თქმით, ახლა თვითღირებულებაზე დაბალია.

ამიტომ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სავარაუდოდ, დღეს უნდა აიტვირთოს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით იმას, თუ რა პერიოდით იქნება მოქმედების ვადა გაწერილი. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ხორბალი და იმპორტის დამატება გვიწევს, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დეტალი, რომ ვიცოდეთ.

როგორც ვიცით, ორშაბათიდან, ანუ დღეიდან, ვინც აიღებს წინასაიმპორტო ნებართვებს (ხორბალს სჭირდება წინასაიმპორტო ნებართვები), მათთვის უკვე იმოქმედებს ახალი რეჟიმი. შესაბამისად, ისინი უკვე დაიბეგრებიან 100 ლარით ერთ ტონაზე. ხოლო ისინი, ვისაც მანამდე ჰქონდათ შეკვეთები, ისინი ძველი რეჟიმით შემოიტანენ.

თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ჩვენი წინასწარი ინფორმაცია, რაც გაჟღერდა, ამიტომ ჩვენც ველოდებით დადგენილებას“, - ამბობს ლევან სილაგავა.

განაგრძე კითხვა