"თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში, არანაირი ნაბიჯები არ იგეგმება “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლის გაზრდის ან მოხსნის თვალსაზრისით" - სალომე სამადაშვილი
თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში პრიორიტეტი რომ არ არის საქართველო, ამას ვხედავთ, შესაბამისად, არანაირი ნაბიჯები არ იგეგმება “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლის გაზრდის ან მოხსნის თვალსაზრისით. რჩება ყველაფერი გაყინულ მდგომარეობაში, რაც ძალიან ძვირი უჯდება ჩვენ ქვეყანას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ერთი მხრივ, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას, მეორე მხრივ კი, უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პერსპექტივაზე ისაუბრა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის ხელისუფლებას ტრამპის სახელთან დაკავშირებული ტრიუკების გარდა, არაფერი აინტერესებს.
“ივანიშვილს უნდა, რომ ქართველ ხალხს შეასაღოს ტრამპის პროექტი, ტრამპის სახელის მატარებელი, რაღაც მშენებლობა, რომელშიც არანაირი ამერიკული ფული არ იდება და როგორც მივხვდით იქ ვერც ქართველები იყიდიან კერძო საკუთრებას. როგორც ჩანს, დიდი ფულის რეცხვის პოტენციალი შეიძლება არსებობდეს Trump Tower Tbilisi - ის მშენებლობაზე. რაღაც ბუტაფორიული, ტრიუკების გარდა ხელისუფლებას არაფერი აინტერესებს, მათ აქვთ სურვილი, რომ სანქციები გაუუქმოს ივანიშვილს აშშ-მ, ოღონდ ეს ისე მოხდეს, რომ არანაირი მოლოდინი, რაც ამერიკულ მხარეს აქვს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამოსწორებასთან დაკავშირებით არ შესრულდეს.
რაც შეეხება საქართველოს დაბრუნებას დასავლური განვითარების გზაზე, დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში პრიორიტეტი რომ არ არის საქართველო ამას ვხედავთ, შესაბამისად, არანაირი ნაბიჯები არ იგეგმება ზეწოლის გაზრდის ან მოხსნის თვალსაზრისით. რჩება ყველაფერი გაყინულ მდგომარეობაში, რაც ძალიან ძვირი უჯდება ჩვენ ქვეყანას”, - განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, პოლიტიკოსის შეფასებით, “რუსეთი აშკარად, უკვე ძალიან ღიად საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ ახალი რეალობა უნდა აღიაროს და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სტატუსს შეეგუოს”.
"ინტერპრესნიუსი"