განგაში იაპონიაში - ძლიერი ტაიფუნი ტოკიოს უახლოვდება, 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, გაუქმდა ასობით ავიარეისი
იაპონია ძლიერი ტაიფუნის გამო, რომელიც ტოკიოს უახლოვდება, რეკორდული რაოდენობის ნალექს ელოდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტაიფუნის გამო ხუთ პრეფექტურაში 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. კერძოდ, იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის განკარგულება ეხება 1 674 084 ადამიანს იბარაკის, ჩიბას, ტოკიოს, კანაგავასა და შიზუოკის პრეფექტურებში. ამასთან, ევაკუაცია სავალდებულო არ არის.
გაუქმდა 300-მდე ავიარეისი, მათგან Japan Airlines-მა 135 ავიარეისი გააუქმა, All Nippon Airways-მა კი - 140. ამასთან, შეჩერდა მატარებლების მოძრაობა ზოგიერთ მიმართულებაზე.
ქარიშხალმა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, მათ შორის, კანტოს რეგიონში, სადაც დაახლოებით 4 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მაშველები შიშობენ, რომ კანაგავას პრეფექტურაში ნანგრევებში ერთი ადამიანი მოჰყვა მას შემდეგ, რაც მეწყერმა მისი სახლი გაანადგურა.
"ინტერპრესნიუსი"