თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალის „გუშაგი“ მესამე სეზონში რუსი პოლკოვნიკის როლს ასრულებს
ქართველი მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებული კრიმინალური თრილერის „გუშაგი“ (Vigil) მესამე სეზონის მსახიობთა შემადგენლობას შეუერთდა. ქართველი მსახიობი სერიალში „Game of Thrones“-ის ვარსკვლავ როუზ ლესლისა და სიურნ ჯოუნსთან ერთად გამოჩნდა.
„გუშაგის“ ახალი სეზონი მაყურებელს ამჯერად არქტიკის უკაცრიელ და მკაცრ სამყაროში გადაიყვანს. მოქმედების ცენტრში სვალბარდის არქიპელაგია, სადაც ბრიტანეთის სპეცრაზმის წევრის მკვლელობა საერთაშორისო დაპირისპირების საფრთხეს ქმნის. გამოძიებას კვლავ დეტექტივები ემი სილვა და კირსტენ ლონგეირი უძღვებიან, რომელთაც სიურნ ჯოუნსი და როუზ ლესლი ასრულებენ.

ამ რთულ გამოძიებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თორნიკე გოგრიჭიანის პერსონაჟსაც. ქართველი მსახიობი რუსი პოლკოვნიკის, ფიოდორ ზამორინის როლს ასრულებს. სერიალის მსახიობთა ოფიციალურ ჩამონათვალში გოგრიჭიანი სწორედ ამ პერსონაჟის შემსრულებლად არის მითითებული.
მესამე სეზონში „გუშაგის“ სიუჟეტი მკვლელობის გამოძიებიდან გაცილებით მასშტაბურ დაპირისპირებამდე ვითარდება. არქტიკის რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსები და ახალი სავაჭრო მარშრუტები სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს აპირისპირებს, რის გამოც ერთი მკვლელობის საქმე საერთაშორისო პოლიტიკის რთულ კვანძად იქცევა.

„Vigil“-ის შემქმნელი და მთავარი სცენარისტი ტომ ეჯია, რომელიც სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. მესამე სეზონის შემოქმედებით გუნდში ასევე არიან პროდიუსერი ჯეიკ ლუშინგტონი და რეჟისორი გარეთ ბრინი.

სერიალის მესამე სეზონის პრემიერა 30 აგვისტოს შედგა. ექვს ეპიზოდად დაყოფილი მესამე სეზონის ფინალური ნაწილი 14 სექტემბერს BBC One-ზე გავიდა.