"არამიანცი" ხელახლა იყიდება - რა კავშირები აქვს ამჟამინდელ მფლობელს ლუჟკოვთან და კრემლთან? - კვირის პალიტრა

"არამიანცი" ხელახლა იყიდება - რა კავშირები აქვს ამჟამინდელ მფლობელს ლუჟკოვთან და კრემლთან?

"არამიანცის " გარშემო შესაძლოა ახალი სკანდალი აგორდეს. საუბარია თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოთა კომპლექსის ხელახალი "გადაყიდვის" შესახებ. კერძოდ, როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, ორი წლის წინ ე.წ. ინდოელი ბიზნესმენის დანიელ გუფთას მიერ ნაყიდი ხუთი კლინიკა ხელახლა გადის აუქციონზე.

სინამდვილეში, დანიელ გუფთა ინდოელი სულაც არ გახლავთ, უბრალოდ მამა ყავს ინდუსი, თავად კი, ოლიგარქი მამის მსგავსად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. 27 წლის ბიზნესმენმა 2011 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო აუქციონზე გვარიანი შენაძენები გააკეთა:

• 330 ათას ლარად "ზოგადი თერაპიის კლინიკა",

• 740 ათას ლარად შპს "ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკა",

• 500 ათას ლარად შპს "თვალის სნეულებათა კლინიკა მზერა",

• 720 ათას ლარად "გინეკოლოგიური კლინიკა",

• 55 ათას ლარად "ანესთეზიოლოგიური კლინიკა" და

• 2 მლნ. 100 ათას ლარად "თორაკო-აბდომინალური კლინიკა"

სამედიცინო დაწესებულებების შემდეგ, დანიელ გუფთა უკვე სხვა ობიექტებსა და მიწის ნაკვეთებს იძენს. დანიელ გუფთამ ე.წ. არამიანცის კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე 2 მიწის ნაკვეთი, აუქციონის წესით შეიძინა, რომელშიც 1,6 მლნ. ლარი გადაიხადა.

მამუკა ცუხიშვილი (პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაცია):

- ჩვენს ორგანიზაციას დაუკავშირდნენ "არამიანცის", კერძოდ პირველი გინეკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლები და როგორც მითხრეს, აქვთ ინფორმაცია, რომ მათი ინდოელი ინვესტორი ახლა აპირებს ხელახლა გაიტანოს აუქციონზე მის მიერ ნაყიდი კლინიკები. არადა, რეალურად, ამ ორი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა კლინიკებში თანამშრომელთა გაყრის გარდა. არც რემონტი გაკეთებულა და არც აღჭურვილობა განახლებულა. თავის დროზე, ორი წლის წინ, როდესაც ამ საავადმყოფოების აუქციონზე გატანის საკითხი დადგა, "არამიანცის" კომპლექსში შემავალი კლინიკების თანამშრომლებმა გამოთქვეს შეძენის სურვილი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ გუფთას ორჯერ გააზრდევინა ფასი და მას მიჰყიდეს. ახლა გუფთას, რომელსაც მოსკოვიდან ფაქტობრივად ფეხი არ გამოუდგამს და თავის მიერ ნაყიდ საავადმყოფოებში ერთადერთხელ არის ნამყოფი, მათი თავიდან მოშორება სურს და მზად არის კაპიკების ფასში გაყიდოს, ოღონდ დროზე დაფარის თავისი წინა ხელისუფლებასთან გარიგების კვალიო.

- რა გარიგებაზეა საუბარი?

- როგორც ჩანს, იმაზეა საუბარი, თუ როგორ მიჰყიდეს რუს ოლიგარქებს ქართული საავადმყოფოები, თანაც საქმე ეხება ლუჟკოვთან დაახლოვებულ პირებს. ეს ინფორმაცია დევს კიდეც მათ ოფიციალურ საიტზე. მოკლედ, როგორც ექიმები აცხადებენ, ისინი კომპლექსის ხელახალ გადაყიდვას არ დაუშვებენ და თუ საჭირო გახდა, გავიფიცებითო.

- ეკონომიკის სამინისტროში შევიდა უკვე განაცხადი?

- არა, შიგნიდან გამოჟონა ინფორმაციამ. მე პირადად თანამშრომლებმა მითხრეს.

"ამთელ პროპერთისის", გუფთას მთავარი საწარმოს ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანია მანქანის საბურავების წარმოებით არის დაკავებული. რუსულ პრესას თუ გადავხედავთ, 2009 წლამდე, სწორედ "ამთელი" ამარაგებდა "კრემლის" სამთავრობო მანქანებს სათადარიგო საბურავებით. დანიელ გუფთა გახლავთ კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი. იგი 2005 წელს არის დაფუძნებული და ბიზნესის სხადასხვა სახეობით გახლავთ დაკავებული. კერძოდ, "ამთელ პროპერთისი" ფლობს მოსკოვში ბიზნეს-ცენტრებს, სასაწყობე კომპლექსებსა და სასტუმროებს, რომელთა საერთო ფართი 320 ათასი კვადრატული მეტრია. ეს არის და ეს. რაც მთავარია, ჩვენს მიერ მოპოვებულ არც ერთ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ "ამთელ პროპერთისი" სადმე, რაიმე სახით ან ფორმით ფლობს ჯანდაცვის ობიექტებს. და საერთოდ, ჯანდაცვის სეგმენტში მსგავსი გამოცდილების შესახებ ცნობები არ არსებობს.

ახლა დეტალები - "ამთელ პროპერთისის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია ოთხი ბიზნეს-პარტნიორის შესახებ, რომელთაგან სამი რუსული კომპანია გახლავთ (სათაო ოფისით მოსკოვში), ხოლო მეოთხე - City Developments Limited ოფშორშია დარეგისტრირებული. ოფშორი წესით და რიგით ყველაზე საინტერესო პუნქტი უნდა იყოს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბევრად საინტერესოა "ამთელ პროპერთისის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყველაზე ცნობილი პარტნიორი СИАС. მისი დამფუძნებელი რუსულ წრეებში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენი ანდრეი სმირნოვია, რომელიც მოსკოვში ყველაზე ძვირადღირებული და ცნობილი სამშენებლო პროექტების შემსრულებელია. СИАС–ის თანადამფუძნებლად სმირნოვთან ერთად The Ascott limited-ი ითვლება, რომელიც რუსულ პრესაში იური ლუჟკოვის სახელთან ასოცირდება.

ერთადერთი რაც დანიელ გუფთას აკავშირებს ინდოეთთან, ეს გახლავთ გენები, და არა ინვესტიციები, როგორც ამას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა. ანდა რა ინდურ ინვესტიციაზეა საუბარი, როდესაც "ამთელ პროპერთისის" აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ სუპრუნოვია, ხოლო ფინანსური დირექტორი ლეონიდ პარნასი. ერთი სიტყვით, საწარმოს აღმასრულებელი საბჭო რუსეთის მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული და ერთადერთი არარუსული ამ კომპანიაში სუხირ და დანიელ გუფთების ინდური წარმომავლობაა.

ჩვენს ზარებს "ამთელ ჰოსპიტალის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ქაცარავამ არ უპასუხა. რაც შეეხება ეკონიმიკის სამინისტროს, მისი საიტიდან (არქივში) ამოვიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ამთელ პროპერთისი" ახორციელებდა საინვესტიციო საქმიანობას ისეთი ქვეყნებში, როგორიცაა: სინგაპური, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ არც საქართველო და არც პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც "ამთელ პროპერთისი" რეალურად ახორციელებს ინვესტიციებს, ჩამონათვალში ნახსენები არ არის.

თამარ როსტიაშვილი (სპეციალურად საიტისათვის)