“ეს არის ის, რა, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ...“ - საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა დედის სტატუსზე და მრავალშვილიან დედობაზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

“ეს არის ის, რა, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ...“ - საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა დედის სტატუსზე და მრავალშვილიან დედობაზე ისაუბრა

რუსთავი-2-ზე "დილა მშვიდობისა საქართველოს" რუბრიკის - "ჩვენი დედები" სტუმარი იყო საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, რომელმაც დედის სტატუსზე და მრავალშვილიან დედობაზე ისაუბრა:

- მე ვთვლი, რომ მრავალშვილიანი დედობა საამაყოა. მინდა ვუსურვო ყველა ქალს, რომ შეძლოს ბევრი შვილის ყოლა, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს შვილებს დავუტოვოთ - ბევრი და და ბევრი ძმა.

პირველი ლედის სტატუსშიც მე, პირველ რიგში, დედა ვარ... მარტო ჩემი შვილების არა, მე ვცდილობ, რომ ყველა დედის სატკივარი გავიზიარო, იმიტომ, რომ დედისთვის, ჩემთვის და ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია მისი შვილის, პირველ რიგში, ჯანმრთელობა,მერე კეთილდღეობა და, რა თქმა უნდა, განათლება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი.არა აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გვაქვს. ის სტატუსი, რომ დედა ვართ, უკვე ყოვლის მთქმელია.

ჩემს შვილებს რაც შეეხება, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთი ვუყვარდეთ. ერთმანეთი რომ ეყვარებათ, სამშობლოც ეყვარებათ და ღმერთიც, რაც მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია.დედამ უნდა ასწავლოს პირველ რიგში თავის შვილებს ერთმანეთის სიყვარული, რომელიც მერე, დამიჯერეთ, ადამიანების სიყვარულში გადადის... ერთი ფრაზა გავიგე სულ რამდენიმე დღის წინ და ძალიან მომეწონა და ვთქვი, რომ ჩემი დევიზიც ეს უნდა იყოს-მეთქი: სიყვარული არ არის მარტო თბილი გრძნობაო. სიყვარული არის ძალა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაგალახვინებსო.

მე ვთვლი, რომ სიყვარულით იწყება და მთავრდება ყველაფერი.თუ შევძლებთ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს არის ნამდვილი ბედნიერება. ეს არის ის, რა, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ.

განაგრძეთ კითხვა