რობიკო სტურუამ "ნადირობის სეზონში" ციხის შემზარავი კადრები იწინასწარმეტყველა?! - კვირის პალიტრა

რობიკო სტურუამ "ნადირობის სეზონში" ციხის შემზარავი კადრები იწინასწარმეტყველა?!

" 5 იანვარი! 5 იანვარი!

ქართველებო, დროზე მოვიშოროთ ეს დებილი, თავისი უზნეო მონებით! დროზე!

რატომ უნდა ვუთმინოთ ათი წელი ამ ჩათლახების (დიდი ბოდიში) პარპაშს!

თავისი გადარჩენისთვის ეს გახრწნილები, კარგად რომ იციან რა საშინელება ელით, საქართველოს გაანადგურებენ, საკუთარ ცოლ-შვილს დაკლავენ, მშობლებს გააქრობენ, ოღონდ ის მილიარდები, რაც ქართველებს მოპარეს, თავის უწმინდურ ვნებებს მოახმარონ (ივანიშვილს ამდენი ფული სად აქვს, რაც ამ ქურდებმა ჩაიჯიბეს!)...ამის გამო გიჟდება, ცოფს ყრის და ოჯახებში დარბის ის აბანოს მექისე...

5 იანვარი! 5 იანვარი! ხუთი იანვარი"...

რობიკო სტურუა ადასტურებს, რომ ეს სიტყვები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.. თუმცა ჩვენთან საუბარში კიდევ მეტი გაბრაზება გამოხატა "ადრესატის" მიმართ... 6 იანვარს რუსთაველის თეატრში რობიკო სტურუას სპექტაკლი წარმოადგინეს, სადაც საშუალება მოგვეცა მსოფლიოში აღიარებულ რეჟისორს გავსაუბრებოდით:

რობიკო სტურუა, რეჟისორი:

- დიახ.. ეს სიტყვები მე მეკუთვნის, რომელიც მოსკოვში ყოფნისას დავწერე. აღარ შემიძლია ამდენის ატანა და ზოგჯერ გადაჭარბებით გამომდის ნათქვამი.

- რას ვერ იტანთ?

- რაც ხდებოდა ჩემს ქვეყანაში... ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე იდგნენ და ახლაც სურთ გააგრძელონ?

- თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ როდის დაწყო თქვენი უკმაყოფილება ყოფილი ხელისუფლების მიმართ, რამაც ასე მწვავე დაპირისპირებამდე მიგიყვანათ?

- მე ხომ მათ მხარეს ვიყავი?!... ჩემი დაპირისპირება დაიწყო დაახლოებით ორი წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. შემდეგ სპექტაკლი დავდგი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, სადაც დაინახეს ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ.. ადრე ეჭვი მეპარებოდა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა დუჟმორეული ლაპარაკი იცოდა, ახლა კი ვიცი. ძალიან დავეჭვდი მის ადამიანურ თვისებებში. ახლაც მისი ქცევა სრულიად არაადეკვატურია და არ არის ეს ნორმალური ადამიანი.

- ნათელია თქვენი დამოკიდებულება... ბიძინა ივანიშვილის მიმართ როგორია თქვენი განწყობა?

- ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგი პიროვნებაა. საქმიანი კაცია და იცის რა უნდა გააკეთოს.

-როგორც პოლიტიკოსს როგორ შეაფასებდით?

- რა არის პოლიტიკა ბოლოს და ბოლოს?!.. ის, რომ ადამიანებს უნდა ვემსახუროთ. თუ უცხოეთი არ უჭერს მხარს, ეს დროებითია.. ეგვიპტის პრეზიდენტი გაასამართლეს, ვიღაც პრემიერი მოკლეს კიდეც და მაინცდამაინც საქართველოში უკვირთ ყველაფერი?!

- თქვენ ევროპას თვალთმაქცი უწოდეთ... ამ სიტყვებს თქვენი ერთ-ერთი სპექტაკლდანაც ვისმენთ.

- დიახ, თვალთმაქცი ვუწოდე და ასეც არის... ევროპას პოლიტიკოსების გარდა გენიოსები ჰყავს, მაგრამ იმ გენიოსებს არავინ უჯერებს. ხალხიც გამწარებულია, რადგან სათავეში უვიცი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ თავზე ფიქრობენ და ხალხი სულაც არ ენაღვლებათ... გაგიჟდა ხალხი!

- სპექტაკლი "ნადირობის სეზონი" თქვენი მორიგი შედევრია... ის, რასაც ამ სპექტაკლში მაყურებელი ხედავს, ძალიან ახლოსაა ციხის იმ შემზარავ კადრებთან, რომლებმაც სრულიად საქართველო შოკში ჩააგდო... ამბობენ, რომ რობიკო სტურუას სპექტაკლები ყოველთვის უსწრებს დროს და გარკვეული წინასწამეტყველებით გამოირჩევაო..

- პირველად ნახეთ ეს სპექტაკლი?

- არა, მესამედ, მაგრამ ციხის კადრებს დღეს მივაქციე ყურადღება...

- მეცინება, რადგან დღეს დილით რეპეტიციაზე მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე... ეს სპექტაკლი წელიწადნახევრის წინ დავდგი და დღეს რეპეტიციას რომ ვუყურე თავისთავად ამოტივტივდა ის საზიზღრობა, რასაც ციხის კადრები ერქვა... ასე რომ ახლა თავადაც ვიჯერებ, რაღაც უნარი რომ მაქვს წინასწარმეტყველების.

- "ნადირობის სეზონის" პრემიერაზეც ჩანდა, რომ სპექტაკლი მაშინ არსებული ხელისუფლების "გამათრახებად" იყო ჩაფიქრებული....

- სპექტაკლიდან იყო სიგნალები, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ უფრო გმირის ისტორიას ეხება. ის ატმოსფერო, რაც ჩვენთან იყო, უფრო მეტად გადმოცემულია ადამიანების უჩვეულო, ულოგიკო, სევდიანი მდგომარეობით... ნერვიული სიტუაციაა, ცოტა შეშლილებიც არიან, არ იციან რა ქნან და თითქოს კედლებს ეჯახებიან... ურთულესი სპექტაკლია, მინდოდა რაღაც ცვლილებები, მაგრამ სპექტაკლს ვეღარ ვიხსენებდი. ეტყობა იმდენად ემოციურად და გრძნობებით იყო დადგმული, (ტვინის გარეშე), იმ გრძნობებს ვეღარ აღვადგენ. მსახიობებს შენიშვნასაც ვერ ვაძლევ. შეიძლება მხოლოდ ის ვუთხრა რომ უფრო ხმამაღლა და გარკვეულად ისაუბრონ... ვერ ვიხსენებ მიზეზებს თუ რატომ ავაგე ეს სპექტაკლი. ვერც დავიმახსოვრებდი იმდენად ემოციური იყო ჩემთვის ყველაფერი.

- ხალხი ელოდება თქვენს დაბრუნებას რუსთაველის თეატრში... კულტურის მინისტრმა - გურამ ოდიშარიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც თქვენთან, ასევე ზალიკო ჩიქობავასთან და იმედი აქვს რომ თქვენ საერთო ენას გამონახავთ.

- იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი... ორი წელია, რაც ზალიკო ჩიქობავას თეატრი ჩაბარდა და მან უამრავი შეცდომა დაუშვა. მესმის რა დღეშიც ჰყავდა მთავრობას, მიუზიკლები უფრო მეტად სურდათ, მაგრამ მაშინ ჯობდა წასულიყო თეატრიდან. არ შეიძლება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი ამ მდგომარეობამდე მიიყვანო. მაგალითად დღეს ვერსად ვერ იპოვეს ქვა, რომელიც სპექტაკლში იყო როგორც საფლავის ქვა. არავინ არ იცის სად არის ეს ქვა... ამის გარდა უამრავი ხარვეზია, ძალიან არეულობაა და ოდნავ მსახიობებიც მოშლილები მომეჩვენენ... ვერც იმას ვიტყოდი, რომ ძალიან უნდათ ჩემი დაბრუნება. ეს ჯერ კიდევ მოსკოვში ვიგრძენი. მგონი სულ ერთია მათთვის ვინც იქნება... მეც ვდარდობ, რადგან კარგად წავედი ამ თეატრიდან, კარგად დასრულდა ჩემი ისტორია და ისევ დაბრუნება იმ ამბავს მაგონებს პოლიტიკოსები რომ დაბრუნდებიან ხოლმე და მერე რომ უფრო უარესად რომ მიდიან... თუ მიდიხარ უნდა წახვიდე!

- თითქოს თქვენ აღარ გსურთ დაბრუნება და მსახიობებს აბრალებთ?

- არა.. შემიძლია მოვიდე და სპექტაკლები დავდგა. არ არის აუცილებელი რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყო. ყველას ჰგონია, რომ რაღაც ამბიციები მაწუხებს, მაგრამ არავითარი ამბიციები აღარ მაქვს, იმის გარდა, რომ კარგი სპექტაკლები დავდგა და კარგად დავასრულო ჩემი მოღვაწეობა... ძალიან დიდი ფიგურები მიდიოდნენ ჩვენი წუთისოფლიდან, მაგრამ ცხოვრება გრძელდებოდა.

- თქვენ გამორიცხავთ, რომ ზალიკო ჩიქობავა დარჩეს თეატრის მმართველად და თქვენ დაბრუნდეთ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე?

- ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ჯერ უნდა გავეცნო თუ რა ხდება თეატრში. რასაც ვეცნობი ჯერჯერობით ცუდია და ჩემის აზრით ზალიკო ჩიქობავა აუცილებლად უნდა წავიდეს, ისევე როგორც ქვეყის პრეზიდენტი უნდა წავიდეს!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

პ.ს. სტატიაში გამოყენებული სურათი აღებულია საიტიდან: GeWorld.ge