“მე ვირჩევ მუსიკას და სახლში მიდის დათი“ - ტრიუმფი მსოფლიო სცენაზე და მილიონობით ფანი - ვინ არის დათი წერეთელი?
რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთი მუსიკალური პროექტიდან გაშვებული პატარა დათი წერეთელი დღეს უკვე საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა. მისი სასცენო სახელია DA TI და ამ სახელით ახალგაზრდა ქართველი არტისტის სიმღერები უკვე მილიონობით ნახვას აგროვებს.
მისი ისტორია განსაკუთრებით საინტერესო ახლა გახდა, რადგან სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა 2016 წლის კადრები, სადაც ჯერ კიდევ პატარა დათი "X ფაქტორის“ სცენაზეა. ვიდეოში ჩანს ის მომენტი, როდესაც პროექტის მენტორი სოფო ნიჟარაძე მისთვის სეზონის გაგრძელებაზე უარს ამბობს."მე ვირჩევ მუსიკას და სახლში მიდის დათი“, - ამბობს სოფო ნიჟარაძე.

დღეს, თითქმის ათი წლის შემდეგ, იმავე კადრებს სრულიად სხვა კონტექსტი აქვს.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ხუმრობენ, რომ მაშინ არჩევანი თითქოს სოფო ნიჟარაძემ გააკეთა, დღეს კი დათიმ საკუთარი მუსიკით გაცილებით დიდი სცენა აირჩია.
"სოფომ აირჩია მუსიკა, დათიმ კი მსოფლიო ჰიტი შექმნა…“ - ასეთია დათის შემოქმედებაზე დღეს საზოგადოების რეაქცია.
ვინ არის DA TI - ქართველი მუსიკოსი, რომელმაც უცხოეთში დაიწყო ახალი ცხოვრებადათი წერეთელი, პროფესიული სახელით DA TI - ამჟამად ბუდაპეშტში ცხოვრობს. DA TI თავდაპირველად TikTok-ზე გამოჩნდა. დაახლოებით 2023 წლიდან ის პლატფორმაზე საკუთარ ოთახში გადაღებულ ქავერებს აქვეყნებდა. მოგვიანებით კი მისი ვიდეოები ბუდაპეშტის მეტროსა და ქალაქის სხვა ცნობილ ადგილებში გამოჩნდა. მისი სოციალური ქსელების აუდიტორია თანდათან გაიზარდა და მუსიკალური კარიერისთვის ეს გარდამტეხ ეტაპად იქცა.