პუტინის „გამანადგურებელი იარაღი“,  რომელსაც უკრაინელებმა ჯერ ვერაფერი მოუხერხეს... - კვირის პალიტრა

პუტინის „გამანადგურებელი იარაღი“,  რომელსაც უკრაინელებმა ჯერ ვერაფერი მოუხერხეს...

ბოლო მონაცემების თანახმად, რუსეთი დაეწია და გადაუსწრო კიდეც აშშ-ს შეიარაღების ერთი კონკრეტული ტიპის მასობრივი საბრძოლო გამოყენების სტატისტიკაში, რაც მეტწილად კიდეც განაპირობებს მორიგი უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაპყრობას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ...

2026 წლის აგვისტოში რუსეთის საბრძოლო ავიაციამ უკრაინის ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, გამოიყენა 8 766 ერთეული საავიაციო ბომბი, აღჭურვილი პლანირებისა და კორექტირების უნიფიცირებული მოდულით.

ანუ რუსული ავიაცია ყოველ დღე-ღამეს უკრაინაში საშუალოდ 283 ასეთ, УМПК -მართვად საავიაციო ბომბს აგდებდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე წელს, „ეპიკური მრისხანების“ საბრძოლო ოპერაციის დროს ირანის წინააღმდეგ გამოყენებული ამერიკული JDAM-ების (ჩვეულებრივ საავიაციო ბომბზე დაყენებული პლანირებისა და მართვის სისტემა) რიცხვისა - პენტაგონი ირანული ობიექტების დასაბომბად დღე-ღამეში, საშუალოდ, მხოლოდ 211-237 ერთეულ მართვად საავიაციო ბომბს თუ „იმეტებდა“.

1-bombi-1790147439.jpg
УМПК-ის მოდულით აღჭურვილი, ფრთებგაშლილი რუსული ФАБ-3000-ის ტიპის სამტონიანი ავიაბომბი პლანირების დროს...

საგულისხმოა, რომ შედარებით იაფფასიანი, მაგრამ, ამასთანავე, მაღალი საბრძოლო ეფექტიანობის იარაღის სახეობა - უმართავ საავიაციო ბომბებზე გასაშლელი ფრთებისა და „ჯი-პი-ეს-ის" გლობალური ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის დამონტაჟება, რაც მათ მართვად „ჰაერი-მიწის“ კლასის საბრძოლო დაზიანების საშუალებად აქცევს - ამერიკულმა „ბოინგმა“ და " ლოქჰიდ მარტინმა“ ჯერ კიდევ 1997 წელს შექმნეს და პენტაგონის არსენალში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ასი ათასობით „სულელი“ უმართავი საავიაციო ბომბი ერთ საათში ისეთ „ჭკვიან“ მართვად ბომბად გადაიქცეოდა, რომელიც მიზანთან 100-200 მ-ის რადიუსში კი არა, არამედ - უკვე 5-10 მ-ში ფეთქდებოდა.

აშშ-მა სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბებზე დაყენებული JDAM-ების საბრძოლო ნათლობა 1999 წელს ყოფილი იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციის დროს მოაწყო, როდესაც ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან აფრენილმა ამერიკულმა „უჩინმაჩინებმა“-B-2 Spirit-ებმა სერბეთში JDAM-ებით აღჭურვილი 650 მართვადი საავიაციო ბომბი ჩააგდეს და მიზნების 78%-ი დიდი სიზუსტით გაანადგურეს.

2-bombi-1790147439.jpg
„დაჭკვიანებული“ ავიაბომბების ჩამოსაგდებად რუსეთი ამ Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს იყენებს...

მას შემდეგ, ერაყისა და ავღანეთის მრავალწლიან ომებში, ისევე, როგორც ირანთან ექვსთვიან საჰაერო ომში, პენტაგონი ძალზე აქტიურად იყენებს JDAM-ებს, თუმცა როგორც გამოჩნდა, მათ ამ საქმეში რუსებმა გადაასწრეს....

ამერიკული JDAM-ისა და რუსული УМПК-ის მოდულების მთავარი პლუსი მარტო ის არ არის, რომ „ჯი-პი-ესის" ან „გლონასის“ თანამგზავრული ნავიგაციის სისტემა საავიაციო ბომბის მიზანთან ასეთი დიდი სიზუსტით „გაყვანას“ უზრუნველყოფს, არამედ ისიც, რომ გასაშლელი ფრთებით აღჭურვილი საავიაციო ბომბის ჩამოგდება საბრძოლო თვითმფრინავს შეუძლია მიზნამდე რამდენიმე ათეული კმ-ის დაშორებით (დაწყებული 30-დან და დამთავრებული 70-90 კმ-ით, ხოლო ბომბზე მინიატურული ტურბორეატიული ძრავის დამაგრების შემთხვევაში, ფრენის სიშორე შეიძლება რამდენიმე ასეულ კმ-მდეც კი გაიზარდოს), ისე, რომ თავად ბომბდამშენი არ შედის მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის მოქმედების ზონაში, რითაც მნიშვნელოვნად მცირდება საფრთხე, როგორც ამ პლანირებადი ბომბების ჩამომგდები, ძვირად ღირებული საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ისე - მათი ეკიპაჟების წევრებისთვისაც.

და ახლა სწორედ ეს წარმოადგენს უკრაინის საჰაერო თავდაცვის უმთავრეს თავსატეხს - რა მოუხერხონ იმ რუსულ Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენებს, რომლებიც ყოველდღიურად თითქმის 300-მდე ასეთ პლანირებად და კორექტირებად 250, 500, 1 500 და თვით 3 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბებს აგდებენ, ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ათეული კმ-ის დაშორებით, ისე, რომ უკრაინელების საშუალო სიშორის მოქმედების საზენიტო რაკეტები მათ ვერ სწვდებიან.

ურთულესია გაშლილ მინდორში მოწყობილი თავდაცვითი ზღუდის შენარჩუნება, როდესაც რამდენიმე მეტრის სიზუსტით ეცემა და ფეთქდება ნახევარტონიანი საავიაციო ბომბები, თუგინდ უკრაინის დამცველები ბლინდაჟებშიც იყვნენ ჩამალულნი.

ქალაქში ბრძოლების დროს, საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები შეიძლება მათ დაცვას უზრუნველყოფენ, მაგრამ 3-ტონიანი მსხვრევად-ფუგასური ავიაბომბის პირდაპირ მოხვედრას ვერც ერთი კორპუსი ვერ გაუძლებს...

3-bombii-1790147439.jpg
რუსული პლანირებადი სამტონიანი ავიაბომბის საცხოვრებელ კორპუსზე ზუსტი მოხვედრისა და აფეთქების მომენტი...

რუსული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკა სწორედ УМПК-ს პლანირებისა და კორექტირების უნიფიცირებული მოდულით აღჭურვილი საავიაციო ბომბების მასობრივ საბრძოლო გამოყენებას ეფუძნება - ჯერ ხდება მორიგი უკრაინული ქალაქის სისტემატური „დამუშავება“ ასეთი ავიაბომბებით, რომლის დროსაც უკრაინელი მებრძოლები იძულებულნი ხდებიან, ახალი თავშესაფარი ეძებონ, ამავდროულად კი - ქალაქის ნანგრევებში თითო-ოროლად იპარებიან რუსი ოკუპანტები, იკრიბებიან კონკრეტულ ადგილას, აფრიალებენ რუსეთის სამფეროვან დროშას და იმ უბანს „გათავისუფლებულად“ აცხადებენ...

როგორ შეიძლება ამ რუსული პლანირებადი ავიაბომბების წარმატებულად მოგერიება?

იმის გამო, რომ ამ ბომბებს არ აქვთ ძრავა და, შესაბამისად, არ გამოყოფენ დიდ სითბოს პლანირების პროცესში, მათ წინააღმდეგ სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტები არაეფექტიანები არიან, თუმცა ვერც რადიოლოკაციური დამიზნების მართვადი საზენიტო რაკეტები „დაიკვეხნიან“ მათი ჩამოგდებით, რადგან ასეთი ბომბების რადიოლოკაციური არეკვლის მაჩვენებელი მცირეა და თუგინდ საზენიტო რაკეტა მის სიახლოვეს აფეთქდეს (საზენიტო რაკეტები, როგორც წესი, პირდაპირ არ ხვდებიან საჰაერო სამიზნეს, არამედ მის სიახლოვეს ფეთქდებიან მაღალსიჩქარიანი დამაზიანებელი საბრძოლო ელემენტების გამოტყორცნით) თუჯისგან დამზადებული ავიაბომბის ჰაერში დაშლას ისინი ვერ შეძლებენ.

თუმცა საზენიტო რაკეტის ასეთი ახლოსაჰაერო აფეთქება აუცილებლად დააზიანებს УМПК-ის გასაშლელ ფრთებს, ბომბი მართვას დაკარგავს და მიზანს აღარ მოხვდება, მაგრამ თუკი ეს მიზანი ქალაქშია, მაშინ ჩამოვარდნილი ბომბის აფეთქება ამ ქალაქის სხვა ადგილსაც კარგს არაფერს დააყრის.

მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი -უკრაინელებს რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერების“ მოსაგერიებელი „პეტრიოტის“ რაკეტებიც კი გაუთავდათ და ძალზე ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებს თუჯისკორპუსიან ნახევარსაუკუნოვან საბჭოთა დროინდელ საავიაციო ბომბებს ვერ მიახარჯავენ.

ყველაზე საუკეთესო გამოსავალია უკრაინელებისთვის, რომ რამენაირად შეამცირონ რუსული УМПК-იანი ავიაბომბებისგან მომდინარე საფრთხე, არის ამ ბომბების საშტატო გამომყენებელი რუსული Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენების განადგურება როგორც ჰაერში, ისე - მათი ბაზირების აეროდრომებზე, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში...