ნარკოდანაშაულის ბრალდება და 17-წლიანი პატიმრობა IT სპეციალისტისთვის, რომელმაც პოლიციელების შიდა ჩათიდან ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა: რას ჰყვება დედა?
IT სპეციალისტი, 32 წლის გიორგი კვიცარიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ და მას უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა. მოსამართლემ ის ციხეში 17 წლით გაუშვა. კვიცარიძეს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. გამოძიების მტკიცებით, სამართალდამცავებმა კვიცარიძე იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ბრალდება ამბობს, მას ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 20 შეკვრა დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოუღეს. ამ ბრალს თავიდანვე არ ეთანხმებოდა ბრალდებული გიორგი კვიცარიძე და მისი ოჯახი. მისი დედა დარწმუნებულია, რომ შვილი პოლიციის მხილებისთვის დაისაჯა.
ეთერ კვიცარიძის თქმით, სწორედ მისმა შვილმა მოიპოვა ქობულეთში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები. საუბარია 2022 წელს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, როცა პოლიციის შენობაში პოლიციელებმა მოქალაქეებს სცემეს. დედა ამბობს, რომ მისი შვილი სწორედ ამ ვიდეოკადრების მოპოვების შემდეგ დააკავეს და რომ მას "პოლიციამ ჩაუდო ნარკოტიკები".
პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები შემდეგ მედიის ხელში აღმოჩნდა და თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაასაჯაროვა. ამ კადრებში კარგად ჩანს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში პოლიციელები როგორ ძალადობენ მოქალაქეებზე. როგორ ურტყამდნენ ოთახში მყოფ მოქალაქეს წიხლებს და მუშტებს, სანაცვლოდ კი მისგან ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდნენ.
ამ ფაქტს მაშინ დიდი ხმაური მოყვა. მოგვიანებით, სამართალდამცავებმაც გააკეთეს განცხადება, ფაქტი დაადასტურეს და თქვეს, რომ ამ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისთვის 3 პოლიციელს ბრალი წაუყენეს.
ბრალდებულის დედა ეთერ კვიცარიძე დღეს იმასაც ამბობს, რომ მის შვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებასაც დაჰპირდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ის არ გაავრცელებდა მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველ სხვა კადრებს.
"ჩემს შვილს მიუსაჯეს 17 წელი, ამ კადრების გამო, რომელიც მთელმა ქვეყანამ ნახა. დედაშენს იმაზე უარესს ვუზამთ, რაც მაგ კადრებშიაო, - ეუბნებოდნენ მას. მე ხომ გავამჟღავნე მაშინ ეს კადრები, სიგარეტებს რომ აწვავენ ახალგაზრდა ბიჭებს სხეულზე და როგორ აშიშვლებენ მათ. სასწაული კადრები მაქვს ჩემი თვალით ნანახი. ის ხუთი კადრი, რომელიც მაშინ გავრცელდა, მე მქონდა ტელეფონში. მოსამართლეს ეს რომ ვუთხარი, მითხრა, მაგისთანა კადრები თუ გაქვთ, თბილისში წაიღეო. არც დაინტერესდა ამით. ჩემი შვილი ამ გავრცელებული ხმაურიანი კადრების გამო ასე ისჯება, არ ვიცი რა მეშველება", - ამბობს დედა, ეთერ კვიცარიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ტელევიზიამდე კადრები თვითონ მიიტანა.
როგორც ცნობილია, IT სპეციალისტმა გიორგი კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერაში შეაღწია და ასე მოიპოვა ღირსების შემლახველი კადრები, რასაც პოლიციელები თავად იღებდნენ და შემდეგ ერთმანეთს უზიარებდნენ. მსჯავრდადებული გიორგი კვიცარიძის ადვოკატი ოთარ რუხაძე ამბობს, რომ ამ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში, ანუ სააპელაციო სასამართლოში და მას იმედი აქვს, რომ იქ რამე შეიცვლება.
ადვოკატს ჯერჯერობით დასაბუთებული განაჩენი სასამართლოდან არ ჩაბარება, ამიტომ მისთვის უცნობია, რა მტკიცებულებებით დაასაბუთებს გამოტანილ ვერდიქტს მოსამართლე.
ოთარ რუხაძე, კვიცარიძის ადვოკატი:
- 7 სექტემბერს დადგა ამ საქმეზე განაჩენი. ჩემი აზრით, ნარკოტიკების რეალიზაციის ნაწილში ძალიან სუსტია ბრალდება მტკიცებულებებში. ჩემს დასაცავს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, ერთია, ნარკოტიკის შეძენა-შენახვა, ამ ბრალს ისიც აღიარებს. ამბობს, მე მქონდა ნარკოტიკი, რადგან ვარ მომხმარებელი და პირადად მოვიხმარდი, პირადი მოხმარებისთვის მინდოდა, მაგრამ რაოდენობა ცოტა მქონდაო. არ მქონდა იმდენი, რამდენიც მოგვიანებით ვითომ ჩემგან ამოიღესო. შესაბამისად, თავად გიორგი კვიცარიძე ბრალს დებს პოლიციის თანამშრომლებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობა ჩაუდო.