50 დოლარით ამერიკაში ჩასული ქართველი, რომელიც ჰოლივუდში ყველაზე წარმატებული ქართველი გახდა - ვალერი ხარიტონაშვილის ისტორია
სანამ ვალერი ხარიტონაშვილის სახელი ჰოლივუდის ცნობილი ფილმების ტიტრებში გამოჩნდებოდა, ყველაფერი გაცილებით პატარა სამყაროში დაიწყო - ბავშვის სურვილით, ნახატისთვის მოძრაობა მიეცა.
ჯერ კიდევ სკოლაში ვალერის პერსონაჟების ხატვა იტაცებდა. მაგრამ მისთვის საკმარისი არ იყო, რომ პერსონაჟი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.
“ჯერ კიდე სკოლაში სწავლისას, სკამაოდ პატარა გამიტაცა პერსონაჟების ხატვამ. ძალიან მინდოდა ეს ნახატები რამენაირად ამემოძრავებინა, მინდოდა, ამხტარიყვნენ-დამხტარიყვნენ, ერბინათ. დედამ თბილისის კინოსტუდიაში მიმიყვანა, სადაც ნახატების ამოძრავებას მასწავლიდნენ.“
სკოლის დამთავრების შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა.
ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში კომპიუტერული გრაფიკა და განსაკუთრებით სამგანზომილებიანი გამოსახულება ჯერ კიდევ თითქმის უცნობი იყო. ანიმაცია არსებობდა, მაგრამ ტექნოლოგია, რომელმაც მოგვიანებით ვალერის პროფესიული ცხოვრება განსაზღვრა, ქვეყანაში ჯერ არ იყო განვითარებული.

“ნახატი ანიმაციები იქმნებოდა, თუმცა კომპიუტერი და მით უფრო, მისი დახმარებით სამგანზომილებიანი გრაფიკების შექნა, ჯერ კიდე უცხო ხილი იყო. სამოქალაქო ომის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საბრძოლო მოქმედებების გამო, ანიმაციის განვითარებისთვის არავის ეცალა. ადამიანები გამუდმებით ყოფითი პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ, უშუქობა, უწყლობა... მოკლედ, გაუსაძლისი პირობები იყო“ - იხსენებდა ვალერი.
ამიტომ მისი ამერიკული ისტორია მხოლოდ ემიგრაციის ამბავი არ აღმოჩნდა. ეს იყო პროფესიის თავიდან აღმოჩენისა და საკუთარი ხელით სწავლის ისტორია.
ამერიკაში ის დაახლოებით 50 დოლარით ჩავიდა. კომპიუტერული გრაფიკის იმ ეპოქაში შესწავლა კი გაცილებით რთული იყო, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია: ინტერნეტი ჯერ არ იყო ისეთი, როგორიც ახლაა, ონლაინ კურსები პრაქტიკულად არ არსებობდა, სპეციალიზებული ლიტერატურა ცოტა იყო და ისიც უმეტესად ინგლისურ ენაზე. ვალერის კი არც კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და არც ინგლისური იცოდა.
„დაწყება ერთდროულად რთულიც იყო და საინტერესოც. მეტად სახალისო აღმოჩნდა ანიმაციის შესაქმენლად კომპიუტერული პროგრამების გამოყენების სწავლა. მოგეხსენებათ, იმ დროს ინტერნეტი არ იყო განვითარებული , შესაბამისად, გაკვეთილების ან თუნდაც ინფორმაციის მოძიება ძალიან ძნელი იყო. ამ სფეროს შესახებ ერთი-ორი წიგნი თუ იშოვებოდა და ეგეც ინგლისურად, მე კი იმ დროს არც ინგლისური ვიცოდი და არც კომპიუტერის გამოყენება. ერთი სიტყვით, დაწყება საკმაოდ რთული იყო... მით უფრო მაშინ, როდესაც თავიდან არასოდეს იცი, რა შედეგს მიიღებ. იოლად არაფერი გამოდის, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა, როდესაც შენი საქმის პროფესიონალი ხდები, მერე ყველაფერი იოლი გეჩვენება და ბევრი კომპანიისგან შემოთავაზებასაც იღებ, - ამბობდა ის მოგვიანებით.

სწორედ აქ იწყება მისი ისტორიის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ვალერიმ პროფესია კლასიკური გზით - სპეციალურ სკოლაში ან თანამედროვე კურსებზე - არ აითვისა. სწავლობდა დამოუკიდებლად, პროგრამებს თავად ეცნობოდა და პრაქტიკით ცდილობდა გაეგო, როგორ იქმნებოდა სამგანზომილებიანი გამოსახულება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ამ პროცესს თითქმის ბავშვური პირდაპირობით იხსენებდა: კომპიუტერთან იჯდა და „მაუსს ყველაფერზე აჭერდა“. რაც იცოდა, თავად აღმოაჩინა; რაც არ იცოდა, ცდითა და შეცდომით სწავლობდა. მისი პირველი მიზანი ნახატი ანიმაციის გაკეთება იყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ სამგანზომილებიანი გრაფიკა გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევდა და ამ მიმართულებით დაიწყო განვითარება.
შემდეგ დადგა პირველი პროფესიული ნაბიჯები. კალიფორნიაში გადასვლის შემდეგ ვალერი კომპანია Boeing-ის პროექტებზე მუშაობდა. საქმე თვითმფრინავების წარმოებასთან ერთად სამხედრო თემატიკაზე ვიდეოებისა და პრეზენტაციების შექმნასაც მოიცავდა. ეს უკვე ის ეტაპი იყო, როდესაც თვითნასწავლი ცოდნა რეალურ პროფესიულ გამოცდილებად გარდაიქმნა.
და შემდეგ მოვიდა ფილმი, რომელმაც მისი კარიერა სხვა მასშტაბში გადაიყვანა - The Day After Tomorrow (“ზეგ“).
2004 წელს გამოსული ფილმის ტექნიკურ კრედიტებში ვალერი ხარიტონაშვილი მითითებულია როგორც Lighting Technical Director.
ჰოლივუდში მოხვედრის შემდეგ მისი პროფესიული გზა სწრაფად გაფართოვდა. ის მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Sony Pictures Imageworks, Digital Domain, DreamWorks და Industrial Light & Magic - კომპანია, რომელიც ჯორჯ ლუკასის Lucasfilm-ის ნაწილია.

მისი ხელწერა სხვადასხვა მასშტაბის პროექტში აღმოჩნდა: “მისტერ და მისის სმიტები“, „შრეკი მესამე“, „კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრულთან“, „კერკეტი კაკალი 4“ „მე ლეგენდა ვარ“, „ჰენკოკი“, „საოცარი ადამიანი-ობობა“,„პის ცხოვრება“, „მატრიცა: აღდგომა“, „ადამიანი-ობობა: სახლში დაბრუნების გზა არ არის“ - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფილმებისა, რომლებზეც ვალერი სხვადასხვა ეტაპზე მუშაობდა. პროფესიულ მონაცემებში მისი კარიერა სხვადასხვა პოზიციით ფიქსირდება - ციფრული არტისტი, განათების ტექნიკური დირექტორი, ვიზუალური ეფექტების არტისტი და სპეციალური ეფექტების არტისტი.
ამ გზაზე ერთი რამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ვალერი ერთ კომპანიაში გაჩერებას კარიერულ მიზნად არ მიიჩნევდა. მისი თქმით, ხშირად იცვლიდა სამსახურს, რათა ახალი უნარები შეეძინა და იმ სტუდიებში ემუშავა, სადაც მისთვის საინტერესო ფილმებს ქმნიდნენ.
„ჩემი წარმატების საიდუმლო თავაუღებელი სწავლა და პატარ-პატარა ნაბიჯებით წინსვლაა“, - ამბობდა ის.

მისთვის პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანი იყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასებაც და იმ მიმართულებიდან არ გადახვევა, რომელშიც განვითარება სურდა.
ჰოლივუდის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი პროექტი Life of Pi აღმოჩნდა. ფილმზე მუშაობა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა - ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე სტანდარტული ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდი, რომელსაც ვალერი სხვა სრულმეტრაჟიან ფილმებზე მუშაობისას იხსენებდა.
Life of Pi-ის ვიზუალური ეფექტების გუნდის მუშაობამ საბოლოოდ ფილმს ოსკარი მოუტანა საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის. თუმცა ვალერი საკუთარ როლზე საუბრისას ყურადღებას უფრო პროცესზე ამახვილებდა, ვიდრე პრესტიჟზე. მისი თქმით, მისთვის თითოეული ფილმი საინტერესო იყო, რადგან ყოველი ახალი პროექტი ახალი ამოცანისა და ახალი გამოცდილების შესაძლებლობას იძლეოდა.

“ეს იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი და კარგი ფილმი. მთელ ჯგუფს, ვინც ამ ფილმზე ვმუშაობდით, ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ მოგვცეს. ძალიან ლამაზი ფილმი გამოვიდა. მუშაობის პროცესშივე ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ძალიან კარგ რამეს ვაკეთებდით. ჩვენმა გაკეთებულმა სხვა ფილმებმაც აიღო „ოსკარი“ ვიზუალური ეფექტებისთვის: „კარიბის ზღვის მეკობრეებმა“, „შრეკმა“, კიდევ სხვებმა, ზუსტად აღარ მახსოვს“ - ისენებს ვალერი.

ჰოლივუდში მუშაობისას ვალერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ ყოფილა. ამერიკულ სამუშაო კულტურასთან ადაპტაციაზეც საუბრობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ საქართველოში საკუთარი შესაძლებლობების ქება მისთვის ბუნებრივი არ იყო, ამერიკაში კი სამუშაოს ძიებისას საკუთარი ცოდნისა და ძლიერი მხარეების წარმოჩენა აუცილებელი აღმოჩნდა.
„ტყუილი არ უნდა თქვა, მაგრამ, რა დადებითი თვისებებიც გაქვს, იმას უნდა გაუსვა ხაზი“, - ამბობდა ის.
საბოლოოდ, სწორედ პროფესიულმა რეპუტაციამ დაიწყო მუშაობა მის ნაცვლად. ვალერის თქმით, როცა საკუთარი საქმის პროფესიონალი ხდები, ბევრი რამ გაცილებით მარტივი ხდება და სხვადასხვა კომპანიისგან შემოთავაზებებსაც იღებ.
მისი კარიერა ამით არ დასრულებულა. ჰოლივუდის კლასიკური სტუდიური სისტემის ცვლილების შემდეგ ვალერი კვლავ აგრძელებდა საერთაშორისო VFX პროექტებზე მუშაობას. The Matrix Resurrections-ის შემთხვევაში ის Turncoat Pictures-ის გუნდში FX Artist-ად არის მითითებული; სტუდიამ ფილმისთვის 150-ზე მეტი საბოლოო VFX კადრი შექმნა.
შემდეგ წლებში მისი სახელი გვხვდება Wolf Hound-ის VFX გუნდშიც, სადაც ის ვიზუალური ეფექტების არტისტი პოზიციაზეა მითითებული. პროექტზე 437 ვიზუალური ეფექტის კადრი შეიქმნა, მათგან 351 საბოლოო კადრი Turncoat Pictures-ის მიერ იყო შესრულებული.
მისი პროფესიული კვალი კიდევ უფრო თანამედროვე პროექტებშიც გრძელდება. Netflix-ის live-action სერიალის Avatar: The Last Airbender-ის პირველ სეზონზე ვალერი ხარიტონაშვილი სპეციალური ეფექტების არტისტის რანგში მუშაობდა NEXODUS-ის VFX გუნდში.
ამ ყველაფერს კიდევ ერთი საინტერესო გაგრძელება აქვს: ვალერი მხოლოდ სხვისი ფილმების ვიზუალურ სამყაროს არ ქმნიდა. 2017 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტების წიგნში ის უკვე რეჟისორად არის წარმოდგენილი 3D ანიმაციური პროექტის, Frog in Love („შეყვარებული ბაყაყი“), ავტორად.
მისი ისტორია, საბოლოოდ, არც მხოლოდ ჰოლივუდზეა და არც მხოლოდ ვიზუალურ ეფექტებზე. ეს არის ადამიანის ისტორია, რომელმაც პროფესია მაშინ აირჩია, როდესაც საქართველოში ამ სფეროს მომავალი თითქმის არ არსებობდა; შემდეგ კი უცხო ქვეყანაში, სხვა ენაზე და თითქმის ნულიდან დაიწყო სწავლა.
2015 წელს ვალერი ხარიტონაშვილი ჰოლივუდიდან ვაშინგტონში გადავიდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ გააგრძელა VFX სფეროში მუშაობა და უკვე დამოუკიდებელი სპეციალისტის სტატუსით მონაწილეობდა საერთაშორისო კინოპროექტებში

“სანამ ჰოლივუდიდან წამოვიდოდი, სატელევიზიო შოუზე ვიმუშავე და კიდევ სხვადასხვა პროექტზე, მათზე საუბარი არ შეიძლება. დიდმა კომპანიამ ახალი პროდუქტები გამოუშვა და მათ მიერ დაქირავებულ, ცალკე ოფისში ვმუშაობდით. გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი: ოთახში ტელეფონის შეტანაც არ შეიძლებოდა, ფანჯრები სულ ამოქოლილი იყო შავად, ყველგან კამერა ეყენა, ტუალეტში კოდის გარეშე ვერ შეხვიდოდი. ზოგჯერ გარეთ გამოვდიოდი, რომ მენახა ტელეფონზე ვინმემ რამე ხომ არ მომწერა, ხომ არ მირეკავდა. ოთახს ორი კარი ჰქონდა და ეს იმისთვის იყო, რომ გავაღებდი, სხვა თანამშრომელი თუ ჩაივლიდა, მას არ დაენახა კომპიუტერზე რას ვაკეთებდით. ანუ, სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდით და არ შეიძლებოდა, სხვისთვის გეთქვა, რას აკეთებდი. ძალიან რთული იყო ასეთ გარემოში მუშაობა, მაგრამ პირობები კარგი იყო, უფრო საინტერესო კი – ანაზღაურება. გარდა ამისა, ვმუშაობდი მუსიკალურ კლიპებზე, რეკლამებზე. „აიფონის“ რეკლამაზე ვიმუშავე, ასევე ემინემის კლიპზე. იყო კიდევ სხვა რაღაცეებიც, მაგრამ სახელები ცუდად მახსოვს. ასევე, სატელევიზო შოუზე ვიმუშავე, როგორიც არის „ექიმი ჰაუსი“, „შილდ“ და ასე შემდეგ. ფილმზე მუშაობა მაინც სხვაა, ხარისხიც განსხვავებულია.“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ჰოლივუდიდან წავედი“ საბოლოო წასვლას არ ნიშნავდა. მან დატოვა ის მოდელი, რომელიც მუდმივად ერთ სტუდიაში ან დიდ კომპანიაში მუშაობას გულისხმობდა, მაგრამ პროფესია არ დაუტოვებია.
მისი პირველი იარაღი არც ძვირადღირებული ტექნიკა ყოფილა და არც ცნობილი სტუდიის მხარდაჭერა - უბრალოდ ცნობისმოყვარეობა და სურვილი, გაეგო, როგორ შეიძლებოდა უძრავი ნახატის ამოძრავება.
წლების შემდეგ კი ის უკვე იმ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთა სახელებიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფილმების ტიტრებში იკითხება.
და შესაძლოა, ვალერი ხარიტონაშვილის კარიერის ყველაზე ზუსტი აღწერა სწორედ მისივე ერთი წინადადებაა: „იოლად არაფერი გამოდის, ნებისმიერი საქმე დიდ შრომას მოითხოვს“.
ქეთი დარჩია
(სპეციალურად საიტისთვის)