წლის ყველაზე წარმატებული წყვილი: მანანა კობახიძე თავისი ქორწინების დეტალებზე საუბრობს - კვირის პალიტრა

წლის ყველაზე წარმატებული წყვილი: მანანა კობახიძე თავისი ქორწინების დეტალებზე საუბრობს

ამონარიდი ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომრიდან:

- თქვენსა და ზაზას სიყვარულზე გვიამბეთ...

- ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკი არ მინდოდა, მაგრამ საზოგადოებაში იმხელა ინტერესი და მითქმა-მოთქმა იყო, ჯობდა, მე მეთქვა. მე და ზაზა ბავშვობაში ერთ ეზოში ვცხოვრობდით და ერთად გავიზარდეთ. კარგი მეგობრები ვიყავით, გრძნობაც იყო, მაგრამ უფრო - ბავშვური. მერე ჩვენი გზები გაიყო. ზაზას თავისი ცხოვრება ჰქონდა, მე - ჩემი. ორივემ შევქმენით ოჯახი... ზაზამ პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. ჩემზე ორი წლით უფროსია. საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია, მუდამ კერძო ბიზნესით გახლდათ დაკავებული. იყო პერიოდი, როდესაც მოსკოვში უწევდა საქმიანობა. ახლაც თავისი პატარა საწარმო აქვს... 25 წლის შემდეგ ზაზა ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ღმერთი რაღაც ეტაპზე შენს წილ ბედნიერებას გაძლევს და ადამიანმა ეს უნდა დააფასო.

- ქალიშვილები როგორ შეხვდნენ თქვენს ამ ნაბიჯს? პირველად მათ ხომ არ გაუმხილეთ, შეყვარებული რომ იყავით?

- არა მარტო ბავშვები, არამედ მამაც ნორმალურად, შეგნებულად შეხვდა ამ ამბავს. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ პირველ რიგში, ოჯახის წევრებს ვუთხარი. თუმცა, ეს არ იყო მარტივი ნაბიჯი. როცა ამ ასაკში სერიოზულ ურთიერთობაზე ფიქრობ, შენი საყვარელი ადამიანები საქმის კურსში უნდა ჩააყენო, მაგრამ ამავდროულად, იმაზეც უნდა იფიქრო, რომ შენი ნაბიჯით შვილებს ხელი არ შეუშალო.

- არჩევნების ციებ-ცხელების დროს მოაწერეთ ხელი, არა?

- ხელი 21 სექტემბერს მოვაწერეთ. დროის უქონლობის გამო, "კონკიდან" რეესტრის თანამშრომელი სახლში მოვიწვიეთ. ჯვარი კი არჩევნების შემდეგ, 11 ოქტომბერს, მამა დავითის ეკლესიაში დავიწერეთ. ჩვენი მეჯვარეები ჩემი და ზაზას მეგობრები იყვნენ: მერაბ ნაჭყებია, გენადი დილემაშვილი, თამარ მარგველაშვილი და მაია თაბაგარი. ჯვრისწერაზე უახლოესი მეგობრები და უახლოესი ნათესავები იყვნენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ სტუმრებს შორის ბატონი ბიძინა და მისი მეუღლეც გახლდნენ. ძალიან ლამაზი და თბილი დღე იყო.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.