გზა მონასტრამდე, რომელიც მამა გაბრიელმა და მამა ვიტალი სიდორენკომ განჭვრიტეს და ყოვლადწმიდა სამებამ აკურთხა
წლების წინ, როცა ახალგაზრდა მეცნიერი მოსკოვში სადისერტაციო ნაშრომს იცავდა, არავინ იცოდა, რომ მისი ცხოვრება ორ დიდ, სრულიად განსხვავებულ გზას გააერთიანებდა - გზას, რომელზეც ჯერ თეთრი ხალათით, მოგვიანებით კი სამონაზვნო სამოსით, მთავარი ღირებულება ადამიანების გადარჩენა გახდებოდა.
მიწიერ ყოფაზე ამაღლებული ადამიანები ქმნიან იმ სულიერ საყრდენებს, რომლებზეც სამყარო დგას. ზუსტად ასეთი განსაკუთრებული ხვედრი ერგო იღუმენია ელისაბედს, რომელმაც ვირუსოლოგიის ლაბორატორიებიდან და პარიზის აკადემიური სივრცეებიდან მონასტრის სიმშვიდეში ჰპოვა ჭეშმარიტი თავშესაფარი.
იგი 1955 წელს თბილისში დაიბადა. სკოლისა და უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, მისი სამეცნიერო გზა მოსკოვის ასპირანტურასა და ტვინის სიმსივნეების რთულ კვლევებს დაუკავშირდა. სამშობლოში დაბრუნებულმა, ლევან საყვარელიძის გვერდით, შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურში, შიდსის ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა მე-20 საუკუნის უდიდესი გამოწვევის წინააღმდეგ.
პროფესიონალიზმისა და შეუპოვარი ხასიათის წყალობით, სამეცნიერო ასპარეზი მალევე გასცდა ქვეყნის საზღვრებს. პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, ლეგენდარულ ლუკ მონტანიესთან მუშაობის პერსპექტივა და ფრანგული ცხოვრების მომხიბვლელი გარემო იხსნებოდა...
იღუმენია ელისაბედი იხსენებს:
„საბჭოთა პერიოდში უცხოელებთან ურთიერთობა მარტივი არ გახლდათ. მოხდა ისე, რომ ერთ ახალგაზრდას, რომელსაც სახეზე, ანტიბიოტიკების მოქმედებით, ძლიერი გამონაყარი ჰქონდა, პროფესიული რჩევა მივეცი. მალე მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მადლიერების ნიშნად, პარიზის ერთწლიანი ვიზის მიღებაში დამეხმარა. მეორე დღესვე ხელში ვიზა მეჭირა.

პარიზში ჩასვლის შემდეგ მივმართე ცნობილ პასტერის ინსტიტუტს, სადაც პროფესორი ლუკ მონტანიე მუშაობდა - მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოში პირველმა გამოყო შიდსის ვირუსი. გასაუბრების შემდეგ მან ინსტიტუტში მუშაობა შემომთავაზა.“
იმ ხანად ბებია ადგილობრივ ტაძარში გალობდა. ერთ დღეს, შვილიშვილსაც ეტყვის: „ ტაძარში წამოდი, უნდა ეზიაროო“. ეკლესიისგან სრულიად შორს მყოფი გოგონა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ზიარების საიდუმლოზე, გაოცებას ვერ მალავს, თუმცა მაინც გაჰყვება და ეს ნაბიჯი მისი ცხოვრების მთავარ გარდატეხად იქცევა...
იღუმენია ელისაბედი:
- ტაძარში ბერძენი ეპისკოპოსი იერემია წირავდა. ბებია მივიდა მასთან და უთხრა, რომ ქართველი ვიყავი, ენა არ ვიცოდი და აღსარების ჩაბარება მჭირდებოდა. ეპისკოპოსს ძალიან გაუკვირდა - აღსარება უცხო ენაზე როგორ ჩავიბაროო! მას ბერძნულის გარდა სხვა ენა არ იცოდა, მე კი ფრანგული ესე თუ ისე მესმოდა და ვახერხებდი, მაგრამ მან ფრანგული არ იცოდა.
არ ვიცი რა მოხდა, მოულოდნელად თქვა: „ამ ადამიანს აქამდე რაც შეუცოდავს, ჩემს თავზე ვიღებო“ - და მაზიარა.“
ზიარების უხილავმა მადლმა ერთიანად შეცვალა ახალგაზრდა მეცნიერის შინაგანი სამყარო. მოულოდნელად, მისი სულიერი გარდატეხა დაიწყება. უარს იტყვის საფრანგეთში დარჩენაზე და სამშობლოში დაბრუნდება, რათა საკუთარი ჭეშმარიტი ადგილი იპოვოს.
მუშაობას ჩვეულებრივ გარემოში იწყებს, სამეცნიერო კვლევებიც გრძელდება, თუმცა შინაგანი ძიება არ ცხრება - თავს უამრავ შეკითხვას უსვამს და მალე პროფესიულ წარმატებასა და მონასტრულ ცხოვრებას შორის უდიდესი არჩევანის წინაშე დადგება...
ერთ დღესაც, შესვენებაზე სახლში შესულმა მექანიკურად ტელევიზორი ჩართო. საბჭოთა პერიოდში ტელევიზიით წირვის გაშუქება თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა ეკრანზე სწორედ პიუხტიცის დედათა მონასტრის კადრები გამოჩნდება. ქერუბიმთა საიდუმლო საგალობლისა და სულიწმიდის გარდმოსვლის მომენტში, უეცრად იგრძნობს - მისი ჭეშმარიტი ადგილი მონასტერშია!

თავდაპირველად პიუხტიცაში წასვლას გადაწყვეტს, თუმცა მეგობრის რჩევით მამა გაბრიელთან, სამთავროს დედათა მონასტერში მივა. მან ჯერ კიდევ არ იცის, საით წაიყვანს ცხოვრების გზა... იცის მხოლოდ წმინდა ბერმა, მამა გაბრიელმა, რომელიც სამთავროს მონასტერში მისულს სირბილით მიეგება, ჭიშკარს გაუღებს და დანახვისთანავე ეტყვის: „შენ ჩვენიანი ხარ, აქ უნდა დარჩე!“ო.
იმ დღეს აღსარებაც ჩააბარა და მონასტერში წასვლის საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო. დედა ელისაბედი მამა გაბრიელის სულიერი შვილი გახდა და სამი წელი დაყო მის გვერდით.
ახლობლები, განსაკუთრებით მშობლები ებრძოდნენ მის გადაწყვეტილებას. ვერ გაეგოთ, რატომ უნდა დაეთმო წარმატებულ ვირუსოლოგს სამეცნიერო კარიერა.
როცა ერში დატოვებული წარმატება და ახლობლების წინააღმდეგობა სულიერ ბრძოლებად ექცა, მამა გაბრიელის კურთხევით კიდევ ერთ დიდ ბერთან - მამა ვიტალი სიდორენკოსთან აღმოჩნდა.
იღუმენია ელისაბედი:
- მამა გაბრიელის სულიერი შვილი ვიყავი და სწორედ მისგან მივიღე კურთხევა, რომ მონაზვნობის გზას სანამ შევუდგებოდი, მამა ვიტალი მენახა. დიდი ბრძოლები მქონდა, სწორად ვიქცეოდი თუ არა. საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა ერში და ჩემს ირგვლივ ყველა ეწინააღმდეგებოდა ჩემს წასვლას.
ვიცოდი, დიდი ბერი იყო. როდესაც მის სენაკს მივუახლოვდი, შიში ვიგრძენი - ვფიქრობდი, ასკეტი ბერია, მკაცრი იქნება და ჩემი ფიქრების გამო დამსჯი-მეთქი. ვერ გავბედე შესვლა და უკან წამოსვლას ვაპირებდი. უეცრად სენაკის კარი გაიღო და ვხედავ, ერთიანად გაბრწყინებული დგას. თბილად მომკიდა ხელი და მკითხა: „შვილო, რისი გეშინიაო?..“ აზრებს კითხულობდა ადამიანი!
დაიჩოქა და მეტანიების კეთება დაიწყო, ფეხებს მიკოცნიდა. საოცარი სიმდაბლის მაგალითი მიჩვენა. იმდენად ემოციური მომენტი იყო, ერთიანად შემძრა, ტირილი დავიწყე და მეც დავიჩოქე. მომეფერა, კანფეტები მაჩუქა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და სერაფიმ საროველის ხატებთან მიმიყვანა და მითხრა: „არასოდეს შეგეშინდეს, შენი გზა მონასტერია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და სერაფიმ საროველი გაგიწევენ მფარველობას. მთავარია, სთხოვო უფალს და ისინი შეგეწევიანო...“

მოგვიანებით, როცა მამა გაბრიელის რჩევით, ცხოვრების სავალი გზის საბოლოოდ შესაცნობად შინ ორი კვირით დაბრუნდა, ზეციურმა ნიშანმა საბოლოოდ გადაწყვიტა მისი მომავალი...
იღუმენია ელისაბედი:
„სავარძელში ვზივარ, თვალები დახუჭული მაქვს, არ მძინავს - მესმის, გვერდით ოთახში დედაჩემი როგორ ლაპარაკობს, როგორ ბედნიერია, რომ სახლში ვარ. ვხედავ, რომელიღაც ტაძარში ვარ, ვდგავარ და ისე გულამასკვნით ვტირი, მთელი არსებით განვიცდი...
უეცრად მხარზე ვიღაცის ხელი შემეხო. თვალი გავახილე და ჩემ წინაშე თეთრებში გამოწყობილი, ნათლით მოსილი ადამიანი დგას. მხარზე ხელი დამადო და მეუბნება: „ნუ ტირი, შენი გზა მონასტერია, წადი და უკან არასოდეს მოიხედოო“.
ცოტა კადნიერად ვკითხე: „შენ ვინ ხარ-მეთქი?“ მითხრა: „შეხედეო“ - და დამანახა ჯვარცმა - „ეს არის ძეო“; შემდეგ მტრედზე მიმითითა - „ეს არის სულიწმიდს“; „მე ვარ მამაო... ჩვენ ვართ სამი - ერთარსება სამება და გაკურთხებთ, რომ დარჩე მონასტერშიო“.

თვალი რომ გავახილე, ვტიროდი, ცრემლები. არავისთვის არაფერი მითქვამს - ავდექი, წავედი მონასტერში და აღარც მოვბრუნრბულვარ...“
მომდევნო 3 წლის მანძილზე, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ნინოს გზას ფეხით გაივლის - მთელ საქართველოს შემოვლის და ყველგან ხილვაში ნანახ ტაძარს ეძებს, თუმცა ის ტაძარი წმინდა მიწაზე ელოდება…
იღუმენია ელისაბედი:
2000 წელს, როდესაც აწ განსვენებულ პატრიარქს, ჯვრის მონასტრის დაბრუნება სურდა და იერუსალიმში წაგვიყვანა, აღდგომის ტაძარში - გოლგოთაზე შესვლისთანავე დავინახე ზუსტად ის ჯვარცმა და ტაძარი, რაც ხილვაში მქონდა ნანახი. ეს ზუსატად ათი წლის შემდეგ მოხდა…
შემდეგი იყო აფხაზეთის ავბედითი ომი. გარდაიცვალა ადგილობრივი მღვდელმთავარი, მეუფე დავით ჭკადუა, და აფხაზეთში დროებით გააგზავნეს მეუფე დანიელი, რომელიც მაშინ ბოდბელი ეპისკოპოსი გახლდათ. დედა ელისაბედმა (მაშინ ჯერ კიდევ მორჩილმა) გულში იგრძნო, რომ მისი ადგილი იმჟამად სწორედ განსაცდელში მყოფი კუთხის გვერდით იყო…
- დედაო, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ომის ქარცეცხლში გახვეულ სოხუმში წასულიყავით?
- მივედი აწ განსვენებულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, და ვთხოვე, სოხუმში წასვლის კურთხევა მოეცა. უწმინდესმა მამობრივი სიყვარულით მომეფერა და მკითხა: „არ გეშინიაო?“ ვუთხარი, რომ არ მეშინოდა. მანაც მომცა კურთხევა.
წავრდით მე, დედა თეოდორა, დედა მარიამი, დედა ანასტასია და დედა ელენე. განვთავსდით რეზიდენციაში, რომელიც ეკლესიის ეზოშივე მდებარეობდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მეუფე დანიელი თბილისში დაიბარეს და მას რამდენიმე დედაც გაჰყვა. სოხუმში ფაქტობრივად ორი-სამი ადამიანიღა დავრჩით. ძალიან გვიჭირდა, თუმცა, როცა შესაძლებელი იყო, მამები ჩამოდიოდნენ დასახმარებლად. ერთადერთი სატრანსპორტო გზა ვერტმფრენი იყო.
სროლები იყო, ჭურვები ცვიოდა, ღამეებით თითქმის არ გვეძინა. მეტრაპეზე ვიყავი და ყოველდღე თითქმის 80 კაცის საჭმელს ვამზადებდი. რადგან მეუფეს პროდუქტი ჰქონდა, გაჭირვებულებს, მეომრებს ვეხმარებოდით. ეზოში ედგათ ერთი უზარმაზარი სვანური ღუმელი და იმით ვამზადებდი. ელექტროენერგია, რა თქმა უნდა, არ იყო. ღვთის სასწაულით ვუძლებდით. ადგილობრივ მოსახლეობას პროდუქტს ვურიგებდით, ასევე სანთელს ვაკეთებდით, ვყიდდით და იმ ფულით ზოგს საკვებს ვუყიდდით, ზოგსაც ფულადად ვეხმარებოდით.“
- განსაკუთრებულ საფრთხეს ღამის საათები შეიცავდა. ხომ არ გახსენდებათ ერთ-ერთი ასეთი შემზარავი ეპიზოდი?
- ძალიან მძიმე დღეები იყო... ერთ ღამეს მე და დედა ელენე სანთლის ოთახში ვართ და სანთელს ვაკეთებთ. გვერდით ოთახში ლელა კელაშვილს ეძინა, რომელსაც ღია კარში ძილის ჩვევა ჰქონდა. უეცრად ეკლესიის ეზოში, საფლავებთან, რუსულ-აფხაზური საუბარი გვესმის. ეკლესიის გალავანზე გადმოდის აფხაზი მზვერავი, რომელსაც თან ახლავს დაჭრილი რუსი ჯარისკაცი და ეუბნებს „ახლა გადავალ, ვინმეს ვიპოვი, მოვკლავ, კარებს გაგიღებ და დილამდე აქ შევაფაროთ თავი, შემდეგ ჩვენი მისია შევასრულოთო.
გადმოძვრა და ამოდის მაღლა, ჩვენკენ. სანთლის შუქზე ჩვენი სილუეტიც რომ არ დაენახა, არაფერს შევხებივართ, ერთადერთი, მივვარდი კარებთან, გადავკეტე და მე და დედა ელენე მაგიდის ქვეშ შევძვერით.
აფხაზი ცდილობს კარების შემოტვრევას, მაგრამ რეზიდენციაში მეუფეს კარგად ჰქონდა კარები გაკეთებული და ვერ მოახერხა. მერე ეუბნება იმ რუსს, წავალ, ეკლესიის კარებს გავაღებო. მარჯვნივ რომ წასულიყო, ლელასთან შევიდოდა და საშინელება მოხდებოდა, მაგრამ მაინცდამაინც ჩვენს კარებთან მოვიდა. ამ დროს შიშისგან დედა ელენემ სანთელდ სული შეუბერა და ჩააქრო. აფხაზმა ჯარისკაცმა შენიშნა და საშინელი გინება დაიწყო. კარებს არ ვაღებდით, ხმას არ ვიღებდით. რუსი ეუბნება, ეკლესიაა და ეტყობა სანთლები დარჩათო.
აფხაზმა ავტომატი ამოიღო, უნდა ისროლოს და კარი ისე გააღოს, მაგრამ იარაღმა უმტყუნა - გაჭედა! შემდეგ რუს ჯარისკაცს გამოართვა
ავტომატი მაგრამ არც იმისმა იარაღმა ისროლა! დაყარა იარაღი და წავიდნენ.
როგორც კი წავიდნენ, დავურეკეთ გენო ადამიას, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა. მოვიდა თავისი ჯარისკაცებით, შეამოწმა ის დატოვებული ავტომატები და ნახა, რომ ორივე იარაღი აბსოლუტურად გამართული, ვაზნებით სავსე და მუშა მდგომარეობაში იყო... ეს იყო ღვთის სასწაული, ღვთისმშობელმა დაგვიფარა!
ლოცვის ძალა
წინამძღვარი და დანარჩენები კომანში იყვნენ წასულები, ჩვენ კი რეზიდენციაში ვიყავით დარჩენილები. 17 მარტს, ღამის 12 საათზე, როცა დასვენება დავაპირეთ, საშინელი დაბომბვის ხმა გაისმა. ჩვენს პირდაპირ, ოთხსართულიან კორპუსში ცხოვრობდა ერთი ბებია, რომელიც ყოველ დილით ფანჯრიდან გვესალმებოდა. ამ ხმაზე გამოიხედა და სწორედ იმ დროს ჩამოვარდა ჭურვი - ბებიაც და სახლიც თვალწინ მტვრად იქცა.
ამ შემაძრწუნებელი ფაქტის შემდეგ წავედით სანთლის ოთახში და დავიწყეთ ლოცვა. ფანჯრებიდან ჭურვის ნამსხვრევები ცვიოდა, ჩვენ კი მორიგეობით ვკითხულობდით ფსალმუნებს. ამ დროს ეკლესიის ეზოში დაეშვა ვერტმფრენი, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა „სსსრ“. იმდენად ახლოს იყო, მფრინავის გაყინულ სახეს ვხედავდით. ვერტმფრენს ალბათ 500-კილოგრამიანი ჭურვი ეკიდა და უკვე უნდა ჩამოეგდო. შიშისგან ხელები გვითრთოდა, ვლოცულობდით და ერთადერთს ვევედრებოდით უფალს: „ღმერთო, მალე დასრულდეს ეს საშინელება“.
დაახლოებით 15-20 წუთი გავიდა და მოხდა ღვთის სასწაული - ვერტმფრენი აფრინდა, ბომბი ჩვენთან არ ჩამოაგდო და გვერდით სკოლის შენობას ესროლა. ასე გადავრჩით იმ ღამეს. მეორე დღეს დილით რომ გავედით, ყველგან გვამის ნაწილები - ხელები და ფეხები ეყარა. შეძრწუნებულები ამ ყველაფერს ვაგროვებდით და ვმარხავდით.
ღვთისმშობლის გამოცხადება სოხუმის ცაზე
სოხუმი თითქმის დაკარგვის პირას იყო. გარკვეული პერიოდი დროებითი შერიგება დამყარდა - ქართულ მხარეს პირობა შესრულებული ჰქონდა და ჯარი გაყვანილი ყავდა, თუმცა, მტერმა მოულოდნელად საშინელი დაბომბვა დაიწყო. გენო ადამია სულ სამასიოდე ჯარისკაცითღა იყო დარჩენილი, რომელთა შორის 20 წლამდე ბიჭები ჭარბობდნენ.
მონასტრის რეზიდენციის სახურავიდან ჩანდა, რომ მტერი უკვე ბაზართან იყო მოსული. ხდებოდა საშინელება: მოხუცების შეურაცხყოფა, აწიოკება, ტანისამოსზე ცეცხლის წაკიდება... მონაზვნებმა იცოდნენ, რომ რამდენიმე წუთში იგივე ბედი მათაც ელოდათ.
პატრიარქმა იქ რომ გაგვგზავნა, ქვეშეცნეულად ვფიქრობდით, რომ სიკვდილი ახლოს იქნებოდა და მზად ვიყავით, ღვთისა და სამშობლოსთვის თავი გაგვეწირა, მაგრამ შეურაცხყოფისთვის მზად არ აღმოვჩნდით.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, გაგვახსენდა „ბაში-აჩუკი“, როგორ ხტებოდნენ დედები შუამთის მონასტრის გალავნიდან, როდესაც მტერი აწიოკებდა. დავფიქრდით და ვთქვით: მოდით, ვილოცოთ და თუ არაფერი გამოვიდა, ჩავკეტოთ ჭიშკარი, სანამ გახსნიან, მაღლა ასვლას და გადმოხტომას მოვასწრებთო.

ვიყავით ოთხნი: დედა თეოდორა (ბოდბის იღუმენია), მონაზონი აღათია, მორჩილი თამარი (ახლა დედა თამარი) და მე. ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, მის სახელზე დავიწყეთ ლოცვა. ავიღეთ ღვთისმშობლის სალოცავ-სავედრებელი, პარაკლისი, დაუჯდომლები.
ღამეა, მორიგეობით ვლოცულობთ. ათ წუთში ერთხელ ერთ-ერთი ადის და ამოწმებს, გარეთ რა ხდება. ირგვლივ საშინელი სამკვდრო-სასიცოცხლო ომია. ბოროტი ძალის შემოტევა იმდენად დიდი იყო, რომ ხან ერთი დავვარდებოდით ძირს უძლურებით, ხან - მეორე. ბოლოს ფსკვნილზე იესოს ლოცვა დავიწყეთ ხმამაღლა, ოთხივემ ერთად...“
დილის ექვსი საათისკენ კარზე ხმაური დაიწყო. „დედებო, არ შეგეშინდეთ, ჩვენ ვართო!“ - გვესმის ჩვენი ჯარისკაცების ხმა. გავაღეთ კარი... შემოდიან მდუმარედ, სათითაოდ მიდიან ღვთისმშობლის ხატთან, რომელთანაც მთელი ღამე ვლოცულობდით, იჩოქებენ, პირჯვარს იწერენ და დგებიან გვერდზე.
მათ შორის დგას ულამაზესი, 19 წლის კოლხი ბიჭი, კოტე, რომელიც ცრემლად იღვროდა. მივედი და ვკითხე: „კოტე, რა ხდება-მეთქი?“
მან ცრემლიანი თვალებით შემოხედვა და მითხრა: „დედაო, თქვენ ღვთისმშობლის ამ ხატთან ლოცულობდითო?“ გაოცებულმა ვკითხე, შენ საიდან იცი-მეთქი. მან კი მიპასუხა: „მთელი ღამე ეს ივერიის ღვთისმშობელი იდგა ცაში და ჯვარს გვსახავდა; ვინც იქ ვიბრძოდით ჯარისკაცები, ყველანი თვალნათლივ ვხედავდით ღვთისმშობლის ამ ხატსო...“
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)