„ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები, სხვა მტკიცებულება არ არსებობს": რა ხდება ალეკო ელისაშვილის საქმეზე?! - ადვოკატის განცხადება
„ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები, სხვა მტკიცებულება არ არსებობს, ე.წ. „ძაღლების საქმე“ მოფიქრებულია 13-წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით, - ამის შესახებ, ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდადებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატები სთხოვენ სასამართლოს ,“დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღონ საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა“.
„ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს ოთხი სისხლის სამართლის საქმე. აქედან ერთ-ერთი არის ე. წ. „ძაღლების საქმე“, რომელიც, მოფიქრებულია 13-წლიანი სასჯელის გადაფარვის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ ამ საქმეზე ჩვენ დაწყებული გვაქვს არსებითი განხილვა და უკვე სამ თვეზე მეტია, რაც სასამართლომ აღნიშნული საქმე თაროზე შემოდო. თაროზე შემოდების მიზეზი არის ის, რომ რეალურად მტკიცებულებები არ გააჩნიათ, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა.
აგრეთვე, არის მიზეზი, რომ თუ მოხდებოდა აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, საზოგადოება კარგად დაინახავდა, თუ როგორ მიმდინარეობს პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმის შეკერვა მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. „ოქროს მოწმეებად“ ჰყავთ მხოლოდ ძაღლები - სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ განიხილება ეს საქმე, არის ის, რომ ალეკო ელისაშვილს აქვს შეზღუდვები დაწესებული. შეზღუდვები შეეხება სატელეფონო საუბრებს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებთან კომუნიკაციის უფლებას, მათ შორის წერილობითადაც კი.
ამიტომ, ვთხოვ სასამართლოს, დაუყოვნებლივ თაროდან ჩამოიღოს აღნიშნული საქმე და დაიწყოს მისი არსებითი განხილვა. აგრეთვე, ვთხოვთ პროკურატურას, ბრალი, რომელიც არის მოგონილი და აბსურდულია, ასევე დაწესებული შეზღუდვები, დაუყოვნებლივ გაუუქმოს“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.
ამავე თემზე საუბრისას, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, რომ რომ სისხლის სამართლის ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიმართ „სამართლებრივი ანომალიაა“.
"ინტერპრესნიუსი"