"გიორგი გახარიას მიმართ დიდი ალბათობით, იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს თვითონ “ოცნებისთვისაც” უმძიმეს შედეგებს მოიტანს, რადგან ეს არის ბარიერი და წითელი ხაზი!" - ბერდია სიჭინავა - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიას მიმართ დიდი ალბათობით, იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ეს თვითონ “ოცნებისთვისაც” უმძიმეს შედეგებს მოიტანს, რადგან ეს არის ბარიერი და წითელი ხაზი!" - ბერდია სიჭინავა

ჩორჩანასთან დაკავშირებით პროცესი დაჩქარდა - შემდეგი სხდომები ჩანიშნულია რამდენიმე დღის გამოტოვებით, რაც მიანიშნებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარიას მიმართ განაჩენის გამოტანა ეჩქარებათ,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ე.წ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეზე დიდი ალბათობით, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.

“ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც, დიდი ალბათობით, გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, გახდება იურიდიული დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება. ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან მძიმე შედეგებს წარმოშობს.

ეს არის საკითხი, რომლითაც თამაში არ შეიძლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას შემდეგ რუსული საოკუპაციო რეჟიმი წაიღებს და ტერიტორიული პრეტენზიებისთვის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს როგორც ჟენევის საერთაშორისო ფორმატში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

მეორე ნაწილი, რაც შეიძლება ამ საქმის დაჩქარებას უკავშირდებოდეს, არის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია შესული. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კოორდინირებული შეტევაა ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე, ჩვენს პოლიტიკურ ლიდერზე, ერთი მხრივ, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენებით და მეორე მხრივ, მისი პარტიის აკრძალვით. ეს უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება თავად „ოცნებისთვისაც“, რადგან ეს არის ბარიერი და წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც „ოცნებას“ უკან დაბრუნების, სიტუაციის ნორმალიზების შესაძლებლობა უბრალოდ არ ექნება”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა