ფარული მანევრების კავკასიური "ეპიცენტრი": ვინ რას გეგმავს ჩვენს რეგიონში?! - მამუკა არეშიძის პროგნოზი - კვირის პალიტრა

ფარული მანევრების კავკასიური "ეპიცენტრი": ვინ რას გეგმავს ჩვენს რეგიონში?! - მამუკა არეშიძის პროგნოზი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის გააქტიურება, სუს-ის ხელმძღვანელის ხშირი ცვლილება, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება და უკრაინის ომის ფონზე მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის ზრდა - რამდენად ცვლის ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოების გარემოს და რა პროცესებს შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა, ერთი მხრივ, რუსეთი რეგიონში გავლენის გამყარებას ცდილობს, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლებისთვის დასავლეთის პოლიტიკური გზავნილები სულ უფრო მკაფიო ხდება, ამ საკითხებზე უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

- მოსკოვის გააქტიურება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ რუსეთი ცდილობს 2020 წელს დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომა აღარ გაიმეოროს, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის პირისპირ, ფაქტობრივად, მიატოვა. ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა, რომლის პროგნოზირებაც რთული არ იყო: სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდა, ხოლო თურქეთის გავლენა გაძლიერდა. ამ პროცესს მოჰყვა ე.წ. დიდი თურანის იდეის გაძლიერებაც, ცენტრალური აზიის ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა, რომელიც 2026 წლისთვის კულტურული პროექტებიდან ჯერ პოლიტიკურ, შემდეგ კი სამხედრო-პოლიტიკურ სფეროშიც გადავიდა. ამან კრემლი ძალიან შეაშფოთა. შედეგად, ამ მიმართულებით ჩართული არაერთი ადამიანი რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებიდან გაიყვანეს და საბოლოოდ მოსკოვმა, როგორც ჩანს, რევანშისთვის მზადება დაიწყო. მინდა მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენო ფრაზა, რომელიც უკრაინაში შეჭრის წინ კრემლში გამართულ ცნობილ თათბირზე ითქვა. როგორც ამბობენ, მაშინ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკოლაი პატრუშევმა, ასეთი რამ თქვა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ ისედაც დისკრედიტირებული ვართ და ხომ არ მივხედოთ ყაზახეთსა და სამხრეთ კავკასიასო. მაშინ ამ წინადადებამ მხარდაჭერა ვერ მიიღო, თუმცა... რუსეთს ამ გეგმის ხორცშესხმაში უკრაინაში განვითარებულმა საბრძოლო მოქმედებებმა შეუშალა ხელი, რომლებიც მოსკოვისთვის მოსალოდნელზე გაცილებით რთული და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

- რამდენად აქვს მოსკოვს რესურსი, რომ სამხრეთ კავკასიაში შეინარჩუნოს ან დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები.

- რუსეთს მართლაც ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. თუ რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით ვიმსჯელებთ, წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის დეფიციტმა შესაძლოა დაახლოებით 10 ტრილიონ რუბლს მიაღწიოს. ამიტომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. ერთ-ერთი მიმართულებაა სამხედრო ყოფნის გაძლიერება იმ სივრცეებში, სადაც ამის შესაძლებლობა აქვს, მაგალითად, აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზაზე. გარდა ამისა, ვხედავთ სხვადასხვა ტიპის ზეწოლას აზერბაიჯანზე. მაგალითად, რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ორგანიზაციების დარბევები. მათი ნაწილი შესაძლოა ნახევრად კრიმინალური ხასიათისაც ყოფილიყო, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ისინი გავლენიანებიც იყვნენ და სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული. ეს აზერბაიჯანისთვის სერიოზული სიგნალი იყო, რომ ზეწოლა გაგრძელდებოდა, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე სხვა მიმართულებითაც. კრემლი სომხეთს არაერთხელ დაემუქრა, ზოგ შემთხვევაში კონკრეტულ ქმედებებზეც გადავიდა, მაგალითად, სომხური პროდუქციის შეტანა შეიზღუდა რუსეთის ტერიტორიაზე. ამას დაემატა ბოლო დღეებში რუსეთის გადაწყვეტილება სომხეთისთვის გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტის შესახებ. მართალია, ეს მხოლოდ ათი დღით მოხდა და მიზეზად სარემონტო სამუშაოები დასახელდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ეს არის მეთოდოლოგია, რომელსაც რუსეთი საჭიროების მიხედვით იყენებს. ამას ემატება ახალი გავლენებისა და საკომუნიკაციო სისტემების შექმნის ცდები კავკასიაში. მაგალითად, სომხეთში, ერთი მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვა დაიწყო, მეორე მხრივ კი იქ ორი ახალი "რუსული სახლის" გახსნის შესახებ გავრცელდა განცხადება. იმავდროულად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება სამხედრო კონტინგენტის გაძლიერება, განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში. იქ პუტინმა რუსეთის წარმომადგენელი მურად კამბოლოვი გაგზავნა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს და, პრაქტიკულად, კონკურენტი არა ჰყავს. ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კონტინგენტის რაოდენობრივად გაზრდის შესაძლებლობა რუსეთს ამ ეტაპზე შეზღუდული აქვს, სპეციალური კონტინგენტის გაძლიერება ნამდვილად მიმდინარეობს. ვგულისხმობ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, სამხედრო მიმართულების სპეციალისტებს, ელექტრონული დაზვერვის და საჰაერო სისტემებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს. რაოდენობრივად შეიძლება არ იზრდებოდეს, მაგრამ ტექნიკურად მათი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავთ.

აფხაზეთში, მაგალითად, აქტიურია სამხედრო-საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მცდელობა და იქ ფლოტის ნაწილის განთავსების საკითხი. თუმცა ოჩამჩირის პორტი ბუნებრივი პირობების გამო ღრმაწყლოვანი არ არის და ეს პრობლემებს ქმნის. მიუხედავად ამისა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იქ სამხედრო კატერების ნაწილი განთავსდეს. ამას ემატება ახალი სავაჭრო მარშრუტების შექმნის ცდებიც. რუსეთს არ სურს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალზე მთლიანად იყოს დამოკიდებული აზერბაიჯანზე. ცდილობს მარშრუტის დივერსიფიცირებას და ამ პროცესში საქართველოსა და სომხეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ჩართვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რაც ბოლო დღეებში გახმაურდა საქართველოს პორტების გამოყენების შესახებ. რუსეთს საკუთარი სავაჭრო პოტენციალის გაძლიერება სურს, რადგან მისი პორტების ნაწილი დაბლოკილია ან სანქცირებული. დარწმუნებული ვარ, რუსეთის ინტერესები მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობებით არ შემოიფარგლება და საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის უფრო სერიოზულად გაძლიერებასაც ითვალისწინებს.

- შეიძლება ეს სამხედრო ანექსიაც იყოს?

- ამ ეტაპზე პირდაპირი სამხედრო ანექსიის საფრთხე არ ჩანს. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს თავისუფალი ეკონომიკური აქტივობის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის გავლით. თუ ის სამხედრო ინტერვენციით დაიკავებს საქართველოს, აზერბაიჯანის ან სომხეთის ტერიტორიას, ეს ნიშნავს, რომ სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გაძლიერდება და რუსეთი ამ ტერიტორიებს საჭირო პროდუქციისა და სხვა რესურსების მისაღებად ვეღარ გამოიყენებს.

- რამდენად არის რუსეთის მიმართ დასავლეთისა და ჩინეთის პოლიტიკა ერთმანეთთან თანხვედრაში.

- ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი ირიბად ხელს უწყობენ რუსეთს ეკონომიკის ნაწილის შენარჩუნებაში. არც ერთს არ აწყობს რუსეთის საბოლოოდ ჩამოშლა. სწორედ ამიტომ არ ემთხვევა ხშირად ერთმანეთს ევროპისა და ამერიკის პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დამოკიდებულებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აწყობს რუსეთის დაშლა, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის ბუნებრივი რესურსების ათვისებაში მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. არსებობს მოსაზრება, რომ შეერთებულ შტატებს სურს გაიმეოროს ის პოლიტიკა, რომელიც 1920-იან წლებში არსებობდა, როცა ამერიკული კომპანიები რუსეთის მასშტაბით მუშაობდნენ და მნიშვნელოვან მოგებას იღებდნენ.

- ჩინეთისა და ამერიკის პოზიციებიდან გამომდინარე, ასევე თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენს რეგიონში ძალთა ბალანსის ჩამოყალიბება?

- ვფიქრობ, თქვენ მიერ დასახელებული მსხვილი მოთამაშეები ჩვენი რეგიონის ქვეყნებზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას შეეცდებიან. მაგალითად, აზერბაიჯანზე სხვადასხვა მიმართულებიდან სერიოზული ზეწოლაა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც სომხეთსა და საქართველოზე. დღეს აზერბაიჯანში დიდი გავლენა აქვთ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებს, მათ შორის ბრიტანეთს და, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მათი მოკავშირეა, დასავლეთში მიიჩნევენ, რომ თურქეთმა რეგიონში არ უნდა გადააჭარბოს იმ ზღვარს, რომელსაც მას დასავლური პოლიტიკური ჯგუფები უწესებენ, თურქეთს კი ამ ზღვრის გაფართოება სურს. ამასთან, არ მოსწონს აზერბაიჯანის განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ისრაელთან. თურქეთი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს თურქეთის ჩართვა ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებებში, თურქეთი ამაზე თანხმობას ჯერ არ იძლევა. მოკლედ, წინააღმდეგობების მთელი ჯაჭვია. ვფიქრობ, საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე რუსეთის ზეწოლა, დროთა განმავლობაში უფრო გაძლიერდება.

წაიკითხე ვრცლად