"პეტრიოტების" დილემა ანუ მიიღებს თუ არა ბოლოსდაბოლოს უკრაინა კრიტიკულად მნიშვნელოვან რაკეტებს?! - კვირის პალიტრა

"პეტრიოტების" დილემა ანუ მიიღებს თუ არა ბოლოსდაბოლოს უკრაინა კრიტიკულად მნიშვნელოვან რაკეტებს?!

„პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შეპირება უკრაინისთვის რუსულ „ისკანდერებს“ ვერ მოიგერიებს ...

ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეის ფარგლებში შედგა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების მორიგი პირისპირ შეხვედრა, რომელიც ორივე მხარემ დადებითად შეაფასა, თუმცა რა რეალური შედეგი მოჰყვება ამას, ჯერ ძნელად სათქმელია...

თუკი ტრამპი დაინტერესებული იყო, დაეყოლიებინა ზელენსკი რუსეთის ენერგოობიექტებზე საჰაერო დარტყმების შეჩერებაზე, უკრაინის პრეზიდენტი, თავის მხრივ, ცდილობდა ამერიკელი კოლეგის თანხმობის მოპოვებას „სტარლინკის“ თანამგზავრული სისტემის რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედებასა და „პეტრიოტის“ რაკეტების უკრაინაში ლიცენზიით წარმოებაზე.

საბოლოო თანხმობა არც ერთ საკითხზე არ იქნა მიღწეული, თუმცა კატეგორიული უარიც არ თქმულა - ზელენსკი თანახმაა, შეწყვიტოს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აგიზგიზება, თუკი რუსეთიც მორატორიუმს გამოაცხადებს, უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაზე.

ტრამპმა კი, თავის მხრივ, „სტარლინკის“ თემაზე ზელენსკი ილონ მასკთან „გადაამისამართა“, ხოლო „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე კი ორჭოფული პასუხი გასცა, - ვნახოთო...

უკრაინისთვის, როგორც „სტარლინკის“ რუსეთის ტერიტორიაზე ამოქმედება, ისე - „პეტრიოტის“ რაკეტების საჭირო მარაგის შექმნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა დიდი ალბათობით, უკრაინელებისთვის სამწუხაროდ, არც ერთ მათგანს არ უწერია აღსრულება, უახლოეს მომავალში მაინც...

ილონ მასკი არ გაააქტიურებს „სტარლინკის“ თანამგზავრული ინტერნეტკავშირის სისტემას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმისთვის, რომ „სტარლინკის“ მობილური თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა - „ფლამინგოებმა“ უზუსტესი წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელონ პუტინის რუსეთის სიღრმეში.

1-petrioti-1790237180.png
ამერიკული „პეტრიოტები“ დღეს უკრაინას ჰაერივით სჭირდება რუსული სისტემატური საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად...

ასევე, სპეციალურად ჯანჯლდება ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის - „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემა უკრაინისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინიციატივით თავად პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა, ოთხი თვის წინ, თუმცა შემდეგ თავადვე უკან დაიხია - „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ტექნოლოგიის გადაცემა სხვა ქვეყნისთვის ზრდის იმის საფრთხეს, რომ ეს საიდუმლოება შეიძლება ირანმა ჩაიგდოს ხელშიო...

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შემთხვევაში, უკრაინას 1-1,5 წელიწადი დასჭირდება მათი სერიული წარმოების ასაწყობადო...

და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკული მხარე ახლავე გადასცემს ამ ლიცენზიას და არც ის არის ფაქტი, რომ მუდმივი დაბომბვების ქვეშ მყოფმა უკრაინამ ერთ და თუნდაც ორ-სამ წელში შეძლოს „პეტრიოტის“ რაკეტების ყველა კომპონენტის მასობრივი წარმოების დაწყება.

და თუკი მოხდა სასწაული -ტრამპმა ნება დართო ამ ლიცენზიის დაუყოვნებლივ გადაცემაზე და უკრაინელებმაც შეძლეს უმოკლეს ვადაში „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების დაწყება, ეს მაინც ვერ გახდება პანაცეა უკრაინისთვის, რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერებისა“ თუ მათი ჩრდილოკორეული ბალისტიკური კლონების მოსაგერიებლად, რადგან...

2-petrioti-1790237180.png
„პეტრიოტის“ მობილურ დანადგარზე მარცხნივ აყენია ანტირაკეტა PAC-3 MSE-ის ექვსი სატრანსპორტო-გამშვები კონტეინერი, ხოლო მარჯვნივ კი - საზენიტო რაკეტა PAC-2 GEM-T-ის ორი სატრანპორტო-გამშვები კონტეინერი

ძაღლის თავი ტექნიკურ ნიუანსებშია ჩამარხული - უკრაინის მხარე „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ცნობილ ამერიკულ საიარაღო კორპორაციასთან - Raytheon-თან და არა არანაკლებ ცნობილ, ასევე ამერიკულ Lockheed Martin-თან...

განსხვავება კი ის არის, რომ Raytheon-ი აწარმოებს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემისთვის განკუთვნილ PAC-2 GEM-T-ის ტიპის საზენიტო რაკეტებს, ხოლო Lockheed Martin-ი კი იმავე „პეტრიოტის“ PAC-3 MSE-ის ტიპის... ანტირაკეტებს!

ანუ ძირითადი განსხვავება ისაა, რომ PAC-2 GEM-T-ის ტიპის საზენიტო რაკეტები, ძირითადად, განკუთვნილია აეროდინამიკური სამიზნეების (თვითმფრინავების, ფრთოსანი რაკეტების, შვეულმფრენების, დრონების) დასაზიანებლად/ჩამოსაგდებად, რისთვისაც ეს საზენიტო რაკეტა, მართული სახმელეთო რადიოლოკატორის მიერ გამოსხივებული და საჰაერო სამიზნიდან არეკლილი რადიოტალღებით, უახლოვდება მფრინავ ობიექტს და მის სიახლოვეს 90 კგ-იანი საბრძოლო ქობინის დეტონაციისას გამოტყორცნის ათასობით 45-გრამიან გამზადებულ დამაზიანებელ ელემენტებს, რომელთა მოხვედრა 80-90%-ის ალბათობით იწვევს თუნდაც ზებგერითი თვითმფრინავის ჩამოგდებას, მაგრამ იმავე საზენიტო რაკეტის საბრძოლო ეფექტიანობა უკვე ორ კმ/წმ-ში მფრენი ბალისტიკური და მით უმეტეს, კვაზიბალისტიკური რაკეტის გადასაჭერად უკვე 50-60%-მდე ან კიდევ უფრო დაბლა ეცემა, რადგან PAC-2 GEM-T-ის ტიპის საზენიტო რაკეტას არ ჰყოფნის მანევრირების უნარი, მოახდინოს ჰიპერბგერითი სიჩქარით მფრენი ობიექტის გადაჭერა.

3-petrioti-1790237180.png
ვიზუალური შედარებისთვის-მარცხნივ „პეტრიოტის“ ანტირაკეტა PAC-3 MSE, ხოლო მარჯვნივ კი იმავე „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტა PAC-2 GEM-T

სამაგიეროდ, „პეტრიოტის“ PAC-3 MSE-ის ტიპის ანტირაკეტის საბრძოლო ეფექტიანობა ბალისტიკური სამიზნეების მიმართ თითქმის 90%-ს აღწევს, რადგან ეს ანტირაკეტა აღჭურვილია საბორტე აქტიური რადიოლოკაციური სადგურით, ასევე, ზემანევრირებისთვის განკუთვნილი სარაკეტო მიკროძრავებით და ის მოქმედებს hit-to-kill-ის პრინციპით ანუ კი არ ფეთქდება საჰაერო მიზნის გვერდით, არამედ - პირდაპირ, უზარმაზარი სიჩქარით ეჯახება ბალისტიკურ სამიზნეს და კინეტიკური ენერგიით ანადგურებს მას, თუმცა თავის დასაზღვევად „პეტრიოტის“ ამ ანტირაკეტას მაინც უყენია მცირეწონიანი საბრძოლო ქობინიც.

ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად, რა თქმა უნდა, PAC-3 MSE ბევრად უკეთესია, ვიდრე PAC-2 GEM-T (თუმცა ორივეს, უძვირესი THAAD (Terminal High Altitude Area Defense)-ის ანტირაკეტები ჯაბნის), ამიტომაც თუკი, აშშ-მა მაინც გაიმეტა PAC-2 GEM-T-ს ტიპის საზენიტო რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემა უკრაინისთვის და ამ უკანასკნელმაც შეძლო მათი წარმოების სწრაფად აწყობა (სამწუხაროდ, ერთიც და მეორეც ნაკლებად დასაჯერებელია), ეს საზენიტო რაკეტები ნაკლებად გამოდგებიან რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად, თუმცა 160 კმ-ის რადიუსში მოქმედი PAC-2 GEM-T-ის ტიპის საზენიტო რაკეტების დიდი მარაგი უკრაინის საჰაერო თავდაცვას ძალზე წაადგება იმ რუსული Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენების ჩამოსაგდებად, რომლებიც „ისკანდერებზე“ არანაკლებ საშიშ, პლანირებად და კორექტირებად საავიაციო ბომბებს მასობრივად იყენებენ უკრაინელი სამხედროების თავდაცვითი პოზიციების გასანადგურებლად ფრონტის ხაზზე და მის ახლო ზურგში...