პოლიტიკური "მონანიება" თუ "ყველანი ციხეში"?! - კვირის პალიტრა

პოლიტიკური "მონანიება" თუ "ყველანი ციხეში"?!

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია ის კონკრეტული საქმეები, რომლითაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაინტერესდება. თუმცა, ცნობილია, რომ ეს იქნება ზოგადი მნიშვნელობის საქმეები, რომელზეც კონკრეტული გამოძიება არ მიმდინარეობს. დროებითი საგამოძიებო კომისიის განხილვის არეალში მოხვდება დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების, პროკურატურის, შსს-ს სისტემებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში, რასაც კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირების სამათლებრივი პასუხისგება მოჰყვება. მმართველ გუნდში ამას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის გზად მიიჩნევენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კი საგამოძიებო კომისიის ამოქმედების შემდეგ პოლიტიკური რეპრესიების მორიგ ტალღაზე საუბრობენ. როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ თვალსაზრისით და აუცილებელია თუ არა პოლიტიკური მეხსიერების წმენდა - ამ შეკითხვებით ჩვენ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ობოლაძეს მივმართეთ.

ბესიკ ობოლაძე: "საზოგადოება, რომელმაც გადაიტანა მასობრივი რეპრესიები, როგორც წესი, არაა მზად შერიგებისა და პატიებისთვის. ძალიან ხშირად, მორალური და ფიზიკური ზიანი, რომელიც ამ რეპრესიებმა მოიტანა, ბევრისათვის გამოუსწორებელი შედეგით მთავრდებოდა. საზოგადოებაში მუდამ იარსებებს მოთხოვნა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, თუმცა, ამასთან ერთად გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ცხადყოფს, რომ სამართლიანობის აღდგენა ყოველთვის იქნება გარკვეულწილად შეზღუდული. სამართლიანობის სრული ზეიმი პრაქტიკულად შეუძლებელია. ძველი სისტემის ფრაგმენტებისაგან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კიდევ იქნება მცდელობა, ბლოკირება გაუწიონ გამოძიების იმ პროცესს, რომლის შედეგადაც მათ პასუხისგება მოუწიათ.

ასეთ პირობებში ძალიან ძნელია, აიგოს შესაფერისი დამოუკიდებელი იუსტიციის სისტემა. მუდამ იქნება ისეთ პრობლემებზე აპელირება, როგორიცაა საჭირო რესურსების არარსებობა, კადრების უკმარისობა და რაც მთავარია, შეუძლებელია იურიდიული კულტურის ჩამოყალიბება, თუკი არ იარსებებს მასში დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტი. არსად არ მომხდარა ისე, რომ გარდამავალი პერიოდის თუნდაც სამართლიანობის ეფექტურმა სისტემამ, სამუდამოდ დაგვავიწყოს ცუდი წარსული. რეპრესიული რეჟიმების შემდგომ პერიოდებში იქმნება ისეთი ვითარება, როდესაც მიზეზთა გამო ტრადიციული მართლმსაჯულება სრულად ვერ პასუხობს სიტუაციის მოთხოვნებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც დაკავშირებულია რეპრესიული რეჟიმების შემდგომ, სხვადასხვა ქვეყნებში "სიმართლის დადგენისა და შერიგების კომისიების" საქმიანობასთან. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი კომისიების წინაშე დგას ამოცანა, მოძიებულ-ამორჩეულ იქნას წარსულის ისეთი ხედვა, რომელიც საშუალებას იძლევა, შედგეს ე.წ. საერთო თანხმობა. ეს პროცესი გულისხმობს გაირკვეს, რა სჭირდება საზოგადოებას - "მოვლენათა სამართლებრივი შეფასება-გადმოცემა", თუ წარსულის ისეთი ხედვა, რომელიც ემსახურება კონსენსუსს, რადგან "სიმართლის დადგენისა და შერიგების კომისიებში" განიხილება აგრეთვე წარსულისაგან განმათავისუფლებელი, აღმდგენი (განმკურნებელი) სიმართლე. აქ საუბარია იმ ფაქტების გადმოცემაზე, რომელსაც წარსულთან აქვთ კავშირი და ხდება ისეთი ინტერპრეტირება, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების შერიგებას და შემდგომ წინსვლას.

საბოლოო ჯამში, ასეთი კომისიების ანგარიში შეიძლება გახდეს საფუძველი ხელისუფლებისათვის, რათა ერთის მხრივ მოხდეს სამართლებრივი სისტემის სრულყოფა, გასამართლდეს რეჟიმი, გავრცელდეს ცნობები ძველი სისტემის დანაშაულებებსა და მათ მსხვერპლზე, მაგრამ მეორეს მხრივ აქ მთავარია ისეთი სიმართლის გარკვევა, რომელიც თანაბარზომადია მორალური დასჯისა, მაგრამ რჩება ადგილი მონანიებისათვის.

- გვჭირდება თუ არა ჩვენ ასეთი სახის კომისია?

- სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ეცემოდა რეპრესიული რეჟიმები, ხშირად განიხილებოდა საკითხი, რა ვუყოთ წარსულის ტვირთს. ასეთი კომისიები მუდამ იწვევდა როგორც იმედს, ასევე გაურკვევლობას. წარსულის დავიწყება არ მოხერხდება. ვაპატიოთ? მაგრამ პატიება შეიძლება მხოლოდ პერსონალურად. გავასამართლოთ? ასეთ შემთხვევაში მუდამ ჩნდება შეკითხვები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ეს არის გამარჯვებულების ("ნიურნბერგის სინდრომი") სასამართლო და იგი არ არის სამართლიანი. მოკლედ უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ჩვენთანაც, ისევე როგორც ყველგან, უპირველესი ამოცანაა, დაიმსხვრეს უკანონობის დაუსჯელობის კულტურა და მომავალში გამოირიცხოს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტები. პირდაპირ უნდა გაცხადდეს, რომ წარსულში სისტემისაგან დაშვებულ სისასტიკეს არ გააჩნია არანაირი კანონიერი საფუძველი (ვერანაირი "ნულოვანი ტოლერანტობა" ან სხვა განმარტება ან თავის მართლება ვერ გამოდგება და უადგილოა) და ეს ყველაფერი იყო დანაშაული. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემის რეპრესიების ქვეშ მოქცეულთა სრული მორალური რეაბილიტაცია და გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ დაზარალებულმა ხალხმა თვითონ არ აიღოს მართლმსაჯულება ხელში. დასახელდეს კონკრეტული დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები.

შერიგება და თანხმობა, რა თქმა უნდა, საჭიროა საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალიზაციისათვის, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რამდენადაა ეს შესაძლებელი განვლილი წლების რეპრესიების ფაქტების საიმედო და დოკუმენტირებული ანალიზის გარეშე. უნდა ვიფიქროთ შერიგება-პატიებაზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, მაგრამ უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ისეთი ინსტიტუტების შექმნა, რომელიც წინა უსამართლობას გამოასწორებს და უზრუნველყოფს მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამგვარად, უნდა შეიქმნას მოდელი ისეთი მართლმსაჯულებისა, რომელიც ტრადიციულთან ერთად შეასრულებს მორალურ და ისტორიულ ფუნქციას. ისე კი "მეხსიერების გასუფთავებისა და შერიგების" თემა ყოველთვის იყო აქტუალური პოსტსაბჭოთა სივრცისა და მათ შორის ჩვენი ქვეყნისათვის. ასეთ პირობებში როგორ არ გავიხსენოთ თენგიზ აბულაძის გენიალური ქმნილება "მონანიება".

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)