რას ედავებიან აშშ-ში 43 წლის გიორგი ადეიშვილს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული?
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატის უორინგტონის პოლიციის დეპარტამენტი (Warrington Township Police Department) 43 წლის გიორგი ადეიშვილს ეძებს. ბრალდებული სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, რის გამოც მის დაკავებაზე ოფიციალური ორდერებია გაცემული.
როგორც პოლიცია ავრცელებს, 2025 წლის 20 ნოემბერს უორინგტონის პოლიციის ოფიცერმა მოძრავი ავტომობილი შეამჩნია, რომელსაც წინა საქარე მინაზე დამუქება ჰქონდა და ნიუ-ჯერსის შტატის ვადაგასული დროებითი სანომრე ნიშანი ეყენა. ავტომობილი ერთ-ერთი კვების ობიექტის ავტოსადგომზე გაჩერდა. მძღოლი პენსილვანიის ქალაქ მაუნთინ-ტოპში მცხოვრები 43 წლის გიორგი ადეიშვილი აღმოჩნდა. ის მანქანიდან გადმოვიდა და ქურთუკი რამდენჯერმე შეიცვალა, შემდეგ იგი Easton Road-ის გადაჭრით Valley Square-ის სავაჭრო ცენტრისკენ გაემართა.
ცოტა ხანში ადეიშვილი ავტომობილთან დაბრუნდა და გზა განაგრძო. პოლიციელებმა იგი Street Road-ისა და Maple Avenue-ის კვეთაზე შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მგზავრის სავარძელზე ნიუ-ჯერსის შტატის რამდენიმე დროებითი სანომრე ნიშანი შენიშნეს. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ავტომობილის საკუთრების დამადასტურებელი საბუთების არქონის გამო, სატრანსპორტო საშუალება ევაკუატორით გადაიყვანეს.
სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას ოფიცრებმა სალონში სუნამოებისა და ოდეკოლონების ბოთლები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მანქანაში იდო ჩანთა, რომელშიც DeWalt-ის მარკის ბურღი და ელემენტი იდო. ინსტრუმენტის გვერდით პოლიციამ შენიშნა "spider wrap" - სპეციალური დამცავი უსაფრთხოების მოწყობილობა, რომელსაც მაღაზიები ქურდობის აღსაკვეთად იყენებენ. ჩხრეკის ორდერის მოპოვებამდე პოლიციამ ავტომობილი ჩამოართვა. გამოძიებით დადგინდა, რომ ადეიშვილი Valley Square-ში მდებარე Ulta Beauty-ის მაღაზიაში შევიდა, საიდანაც 376 დოლარის ღირებულების პროდუქცია მოიპარა. გარდა ამისა, ამოღებულ იქნა Home Depot-ის მაღაზიიდან მოპარული ნივთები, რომელთა საერთო ღირებულება 2,152.58 დოლარს შეადგენდა.
როგორც პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს, გიორგი ადეიშვილს ბრალი წაეყენა მოპარული ქონების ფლობაში, მაღაზიის ქურდობაში, რეგისტრაციისა და საკუთრების მოწმობის გარეშე მართვაში, ფინანსური პასუხისმგებლობის არქონაში, საქარე მინის შეზღუდვასა და სანომრე ნიშნის თაღლითურ გამოყენებაში.
წინასწარი სასამართლო მოსმენა 2026 წლის 16 მარტს იყო დანიშნული, თუმცა ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა. მან შემდგომ პროცესებსაც აარიდა თავი, რის გამოც ამჟამად პოლიცია მასზე რამდენიმე აქტიურ ორდერს ფლობს.
უორინგტონის პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს ყველას, ვისაც გიორგი ადეიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს, მიმართონ CrimeWatch-ის პლატფორმას ან დაუკავშირდნენ მათ.