"ასე გადავწყვიტე, კარიერა გვერდზე გადავდე და არ მყოლია არც ერთი დღე ძიძა, სულ ჩვენთან არის ბავშვი...“ - ნატალია ქუთათელაძე დედობაზე და სხვა პირად ამბებზე
პირველი სტუდია • Pirveli Studia-ში ეკა ჩხეიძის სტუმარი ნატალია ქუთათელაძე იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე გულწრფელად ისაუბრა.
დედობა
- უკვე დავიღალე მგონი და სხვებიც დავღალე, იმიტომ რომ ვცდილობ ყველაფერი სწორად გავაკეთო და მგონი ცოტა ზედმეტი მომდის. მაგაზეც ძაან ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ ზედმეტი არ დამემართოს. კონტროლს არ ვგულისხმობ.უფრო - შეცდომა არ დავუშვა... ვიცი, რომ დავუშვებ შეცდომებს, მაგრამ მაინც ვცდილობ მინიმუმამდე დავიყვანო... თუ არის რაღაცა ლიტერატურა, აუცილებლად მინდა, რომ მქონდეს. დავიხმარო ფსიქოლოგი, გავიარო მასთან კონსულტაცია.მამაჩემი რომ გარდაიცვალა, არ ვიცოდი სანდროსთვის ეს როგორ მეთქვა და დამჭირდა ამ ადამიანების დახმარება. და ვერ ვხვდები, რატოა ესვთქვათ საქილიკო ან საპრობლემო? რატოა ეს ზედმეტი? არ ჯობია, რომ ჯანსაღადმივაწოდო ეს ინფორმაცია, ვიდრე მერე ამან უარყოფითი შედეგი გამოიღოს? ასეთ რაღაცეებს ვგულისხმობ, თორემ მართლა ყოველდღე კი არ ვეძებ წიგნის სარჩევში, რა როგორ... დამყავს სანდრო ქცევითი თერაპიის ჯგუფურ წრეებზე. შეიძლება კონკრეტული საჭიროება არ ყოფილიყო, მაგრამ რატომაც არა, თუ შეიძლება, რომ ეს დაეხმაროს მას? ასე ვარ - რატომაც არა? ყველაფერზე ვამბობ, რომ თუ შესაძლებელია მინიმუმამდე დავიყვანო, ლაპარაკია ფუნდამენტურ შეცდომებზე, რომელიც შეიძლება უბრალოდ არცოდნისგან დაგემართოს... თორემ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი, მაგრამ ხანდახან ამ სიყვარულით მოგვდის ხოლმე ზუსტად ეს რაღაც შეცდომები, რომელიც მერე არ მინდა, რომ დიდ ასაკში გამოვლინდეს... შეცდომის მეტი რა არის, ალბათ უკვე ძაან ბევრი მაქვს დაშვებული და კიდევ მილიონს დავუშვებ და პირიქით, ვფიქრობ, რომ შეცდომაზე ფანტასტიური არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში, ის შეცდომაა ზუსტად ის გამოცდილება, რომელიც მერე ბევრად უფრო გზრდის...

ემოციურად ძალიან შემცვალა დედობამ, უფრო ფრთხილი გავხდი. აი ხანდახან ვამბობ, რომ უკვე დავბერდი. ადრე ძაან რისკიანი ვიყავი, ყველაფრის მოსინჯვა მინდოდა, არ ვუშინდებოდი არაფერს, ახლა უფრო ფრთხილი გავხდი.
ჩემი სიმღერა შეიცვალა თუ არა დედობასთან ერთად, არ დავკვირვებივარ, მაგრამ პირადად როცა მას ვუმღერი, იმ "იავნანას", რომელსაც დედაჩემი მიმღეროდა, ისე გული მიჩუყდება, რომ ვერ ვამთავრებ...
სანდროს დაბადებამ პირველ რიგში ალბათ ეგ შეცვალა, რომ რაღაცნაირად პრიორიტეტები დამერღვა და მე მგონია, რომ მეც მაგ პერიოდში ცოტა დავკარგე ჩემი თავი იმ თვალსაზრისით, რომ საყრდენი გამომეცალა. თუ აქამდე იყო კარიერა, სწავლა, პროფესია, მერე რაღაცნაირად სანდრომ ისე გადაატრიალა ეს ყველაფერი, რომ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა და დღემდე მგონია, რომ მაგ ეტაპს გავდივარ. იმდენად მნიშვნელოვანია დაბადებიდან, ნულიდან სამ წლამდე ადამიანის ჩამოყალიბებისთვის ეს პერიოდი, რომ ვთქვი, თავიდან მაინც ბოლომდე დავუთმობ ჩემს თავს და მერე უკვე რაღაცებს გავაგრძელებ სხვანაირად. ეგრეც მოხდა. არ მყოლია არც ერთი დღე ძიძა, სულ ჩვენთან არის ბავშვი, დედ-მამასთან. არასოდეს თითქმის არ დარჩენილა სხვასთან, სულ ჩვენთან არის. მე მგონია, რომ მთავარი საფუძველი რაღაცნაირად ჩავყარეთ და ნელ-ნელა ახლა რაღაცნაირად უკვე ჩემ თავზე ვმუშაობ, რომ ცოტა დავუბრუნდე ჩემს პროფესიას, რაც სამწუხაროდ მოითხოვს დისტანცირებას, სულ სადღაც შორს ყოფნას, ვგულისხმობ სხვა ქვეყანაში, თან საკმაოდ დიდი ხნით... ეგ ძაან მიჭირს... როცა შემიძლია, დამყავს სულ თან, იმიტომ რომ ჩემი მეუღლეც ძაან ჩართულია და ჩვენ ერთად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ერთად ვიყოთ სხვა ქვეყანაში... ამ პროფესიაში იმდენად დიდია კონკურენცია, ჩემი ასაკი უკვე აღარ არის ახალგაზრდა ასაკი, ამ დროს უკვე ძაან დატვირთული უნდა ვიყო და ახლა რაღაცნაირად ვცდილობ, რომ დავეწიო.
სანდროს მამის მხრიდანაც არაჩვეულებრივი გენეტიკა აქვს. მთელი ჯაფარიძეები მღერიან თან ისე, გამორჩეულად და ძაან ვამაყობ ამით. ამიტომ არ არის გასაკვირი მინიმუმ სმენა მაინც რომ აქვს. მომავალში მერე რას იზამს არ ვიცი, ეგ აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია.
რეპერტუარს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი ხმამაღლა (იცინის)... შარშან ზაფხულში მისი ყველაზე საყვარელი სიმღერა, რომელსაც ნონსტოპ უსმენდა, იყო "დარიდური"... ახლა უკვე ის ეტაპი აქვს, რომ გიჟდება მაგალითად ჯემიროქუაიზე და ჯექსონზე. ჩემი საყვარელი მომღერლები იყვნენ ბავშვობის და ეტყობა გადავდე მასაც იმდენად, რომ ჯემიროქუაის კონცერტზე წავიყვანეთ, დავასწარით და აღფრთოვანებული იყო. ახლა ითხოვს, რომმისნაირი ქუდი და კედები უნდა... დიდი ბებიის და ბებიის სიმღერებს სახლში ისედაც უსმენს, ხანდახან რეპეტიციებზეც დამყავს, როცა ვერ ვტოვებ და ამაში იზრდება, ეს მისი ნაწილია...
ნანი
თუ ის იყო აქამდე ჩემი მზრუნველი, ახლა მე ვარ მისი მზრუნველი და თვითონ ძალიან წუხს, რომ არ შეუძლია, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, რომ, აი, მაგალითად, სანდროს ისე მოუაროს, რომ თავისუფლად მასთან დავტოვო. თუმცა ხშირად ნანისთან ვტოვებ სანდროს. ჩვენ დამხმარე არაჩვეულებრივი ნათია გვყავს, ჩვენი ოჯახის წევრი, რომელიც იქ არის. ძირითადად ნათია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნანისთან ეს ბავშვის მიყვანა და დატოვება არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ის მას ეურთიერთება, ეკონტაქტება, რაღაცეებს საუბრობენ, შეიძლება ითამაშონ...